ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აკადემიკოსი ვლადიმერ ასათიანი - ქართული გონების ზეიმი


აკადემიკოსი ვლადიმერ ასათიანი - ქართული გონების ზეიმი

მეცნიერის დამსახურებებზე საიუბილეო საღამოზე ილაპარაკეს კოლეგებმა,მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა თამაზ გამყრელიძემ, აკადემიკოსმა ეთერ ქემერტელიძემ, ყოფილმა სტუდენტებმა.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 3 თებერვალს გამოჩენილი ქართველი მეცნიერის აკადემიკოს ვლადიმერ ასათიანის დაბადების 110 წლისთავი აღინიშნა.

თბილისის ვაჟთა მე-6 გიმნაზიაში ვლადიმერ ასათიანის კლასის დამრიგებელი იყო დიდი ექვთიმე თაყაიშვილი, თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მას აგროქიმიის კურსს გამოჩენილი მეცნიერ-ქიმიკოსი პეტრე მელიქიშვილი უკითხავდა , რომელმაც ნიჭიერ სტუდენტს სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ ურჩია და პირველი კურსის დამთავრების შემდეგ, ვლადიმერ ასათიანმა სწავლა იტალიაში აგრონომიის ინსტიტუტში აგროქიმიის ფაკულტეტზე გააგრძელა.

22 წლის ასაკში მან ინსტიტუტი აგრონომიულ მეცნიერებათა დოქტორის დიპლომით დაამთავრა. 23 წლის ასაკში იგი უკვე ლექციებს კითხულობდა პარიზის და ბერლინის უნივერსიტეტებში სტუდენტთა მშობლიურ ენებზე. სამშობლოში ვლადიმერ ასათიანმა თავისი ცოდნა და გამოცდილება ბიოქიმიური მეცნიერების განვითარებას და ახალგაზრდა სპეციალისტების აღზრდას მოახმარა. საქართველოში მან საფუძველი ჩაუყარა სამედიცინო ბიოქიმიურ სამსახურს, დააარსა ბიოქიმიური ლაბორატორიები, ხელმძღვანელობდა კვლევებს, დიდია ვლადიმერ ასათიანის დამსახურება ჩაის კულტურის განვითარების საქმეში და სხვა.

მეცნიერის დამსახურებებზე საიუბილეო საღამოზე ილაპარაკეს კოლეგებმა,მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა თამაზ გამყრელიძემ, აკადემიკოსმა ეთერ ქემერტელიძემ, ყოფილმა სტუდენტებმა.

ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი შუქრი ჯაფარიძე იხსენებს:

"60-ან წლებში ვსწავლობდი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ხშირად სტუდენტობის დროს როდესაც გავიგებდით, რომ ბ-ნი ვლადიმერი ატარებდა ლექციებს, ვესწრებოდით ამ ლექციებს და ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ტოვებდა. შეიძლება ჩვენ მაშინ ვერ ვერკვეოდით ყველა ნიუანსში, მაგრამ ჩვენც კი ვგრძნობდით, რომ ძალიან დიდი მეცნიერი იყო ბ-ნი ვლადიმერი, სანიმუშო ქართველი. ერთ-ერთი სანიმუშო მეცნიერთაგანიც იყო და მოქალაქე ჩვენი ქვეყნის."

მრავალრიცხოვან სტუმრებს შორის იყვნენ ვლადიმერ ასათიანის შვილის მეგობრები, მათ შორის კინორეჟისორი ელდარ შენგელაია, პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი,რომლებიც მეცნიერს ბავშვობიდან იცნობდნენ. ბ-ნი ელდარ შენგელაია აღნიშნავს :

" მთელი ჩემი ბავშვობა იყო ურთიერთობა ჩვენს ოჯახებს შორის, დედაჩემი, ნატო ვაჩნაძე იყო უახლოესი მეგობარი ვლადიმერ ასათიანის მეუღლის, ჩვენ ერთად ვისვენებდით კიკეთში. ახლახან კიკეთში ვიყავი და , როგორც ყველაფერი შეიცვალა ჩვენს გარშემო, ასევე კიკეთში..ის აგარაკი, სადაც ვისვენებდით, ვერ მოვნახე..

თუ როგორი მაგალითი იყო ვლადიმერ ასათიანი მოზარდებისთვის, ამის შესახებ ჯანსუღ ჩარკვიანმა რამდენიმე ეპიზოდი გაიხსენა :

" მე-9 კლასში ვართ, შატალოზე წავედით, ერთმა მასწავლებელმა დაგვინახა, რომ სატალოზე ვართ და რა თქმა უნდა ”ჩაგვიშვა”. სკოლის დირექტორმა რატომღაც მამებს დაუძახა, ადრე სკოლაში დედებს იბარებდნენ ხოლმე, მაგრამ ახლა დაუძახეს მამებს. სკოლის დირექტორი იყო ვარლამ თავაძე, მან არჩილის მამას (არჩილ ასათიანი ვლ.ასათიაის ვაჟი) უთხრა, კი ბატონო , თქვენი შვილი ფრიადოსანია, მაგრამ შატალო არ ეკადრებაო. საოცრებას გეტყვით, არჩილის მამამ რა უპასუხა.. ამხანაგო ვარლამო, შატალო თავისუფლების მოპოვებაა და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავო.

მინდა კიდევ ერთი რამ გავიხსენო.. ჩემი პირველი ლექსი გაზეთ ”ნორჩ ლენინელში” გამოქვეყნდა, როცა მე-7 კლასში ვსწავლობდი . ეს გაზეთი ავიტანე არჩილ ასათიანთან სახლში და მამამისს ვანახე, იმიტომ რომ მან იცოდა, რომ მე ლექსებს ვწერდი და უხაროდა.ვანახე გაზეთი და ვუთხარი, რომ ”ნორჩ ლენინელში” დაიბეჭდა ჩემი ლექსი. ყოჩაღ ჯანსუღ, მითხრა.მაგრამ ერთი რაღაც მინდა გითხრა, ”ნორჩი ლენინელი” საბავშვო გაზეთია, თორემ პოეტს ლენინთან საერთო არ აქვს, ლენინთან საერთო აქვს სტალინს. ამ გადასახედიდან რომ უყურებ.. ცოტა ძნელი იყო მაშინ ასეთი რაღაცეების თქმა, მაგრამ ამ კაცს ჰქონდა ამის სურვილი, ვაჟკაცობა და ამის რაინდობა."

აკადემიის წევრ-კორესპონდენტის ნუგზარ ალექსიძის თქმით, შეუძლებელია ვლადიმერ ასათიანის ღვაწლი დაიკარგოს:

"ეს იყო ადამიანი, რომელიც ოცნებობდა საქართველო ყოფილიყო ქართული საქართველო. არ შეიძლება დაიკარგოს მისი ღვაწლი, იმიტომ რომ ეს ღვაწლი არის ზეიმი ქართული სულის, გონების და ნამუსის!"

XS
SM
MD
LG