ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ვარდების რევოლუციიდან“ „არაბულ გაზაფხულამდე“


„ვარდების რევოლუციიდან“ „არაბულ გაზაფხულამდე“
„ვარდების რევოლუციიდან“ „არაბულ გაზაფხულამდე“

პრეზიდენტმა სააკაშვილმა „არაბული გაზაფხულის“ მთავრობებს ვაშინგტონიდან რჩევები მიაწოდა

პირველ თებერვალს ვაშინგტონში მდებარე მშვიდობის ინსტიტუტში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა შედგა. მთავარი თემა „არაბული გაზაფხული“ და პოსტრევოლუციური საზოგადოების მშენებელობა იყო. მშვიდობის ინსტიტუტთან ერთად ღონისძიების მასპინძელი ატლანტიკური საბჭოც გახლდათ. მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა მშვიდობის ინსტიტუტის პრეზიდენტმა რიჩარდ სოლომონმა. მან ისაუბრა საქართველოში ვარდების რევოლუციის მნიშვნელობაზე, როგორც უაღრესად დადებით მოვლენაზე პოსტსაბჭოთა სივრცეში. შეხვედრის მოდერატორი იყო ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ ვილსონი. მან აღნიშნა, რომ 30 იანვარს საქართველოს და შეერთებული შტატების პრეზიდენტების შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ქონდა ორივე ქვეყნისთვის. მისი თქმით, განსაკუთრებით სიმბოლური იყო ეს შეხვედრა ორ ქვეყანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავზე. დეიმონ ვილსონმა დამსწრეებს გააცნო მიხეილ სააკაშვილის ბიოგრაფია და ტრიბუნაზე თავად საქართველოს პირველი პირი მიიწვია.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის. ამის შემდეგ მან არაბულ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებზე და მომხდარ რევოლუციებზე ისაუბრა.

„ეს რევოლუციები და პროტესტი ყველა ჩვენგან გვახსენებს თავისუფლებას, დემოკრატიას და ანგარიშვალდებულებების საკითხებს. ეს ნიშნავს უფრო მეტ კულტურულ, პოლიტიკურ და სოციალურ დაცვას, უფრო მეტ სტაბილურობას და საზღვრების საკითხებს,“ - განაცხადა საქართელოს პრეზიდენტმა.

მან აღნიშნა, რომ პროტესტის ტალღა გაცდა ახლო აღმოსავლეთის რეგიონს და მოიცვა მოსკოვი, სანკტ-პეტერბურგი და რუსეთის სხვა ქალაქები.

პრეზიდენტ სააკაშვილის თქმით, საქართველოს გამოცდილება არ გამოდგება ბევრი ქვეყნისთვის მოდელად, თუმცა ბევრ ქვეყანას შეუძლია იმ რეფორმების გამოყენება, რაც საქართველომ წარმატებით გამოცადა.

„2003 წლამდე საქართველო იყო წარუმატებელი ქვეყანა, სადაც მოსახლოების 80 პროცენტს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია. პოლიცია იყო არა მხოლოდ კორუმპირებული, არამედ ძირითადად კრიმინალური. სახელმწიფო ბიუროკრატიას ქონდა ცინიკური დამოკიდებულება საკუთარი მოქალაქეების მიმართ. ეს იყო სახელმწიფო, სადაც ყოველ ქუჩაზე გამეფებული იყო კრიმინალი. საგანმანათლებლო სისტემაც მთლიანად კორუმპირებული იყო,“ - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, რევოლუციის შემდგომი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტი გახდა მთელ სისტემაში ფეხგადგმული კორუფციის ძირფესვიანად აღმოფხვრა.

მიღწეული წარმატების მაგალითად, მან მოიყვანა მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც საქართველოში კორუფციის აღმოფხვრას შეეხება და რომელიც გუშინწინ გამოქვეყნდა. წიგნში დეტალურად არის აღწერილი ის რეფორმები, რომელიც საქართველოში სააკაშვილის მთავრობამ განახორციელა.

„ჩვენ რეფორმების შედეგად სამსახურიდან დავითხოვეთ ძველი პოლიციის შემადგენლობის 60 პროცენტი და ქვეყანა რამდენიმე თვე პოლიციის გარეშე ცხოვრობდა. დღეს საგზაო შემთხვევების მაჩვენებელი დაცემულია, კრიმინალური საქმეების მაჩვენებელი დაცემულია იმ დონემდე, რომ ვფიქრობთ გვჭირდება თუ არა პოლიცია საერთოდ,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

„არაბული გაზაფხულის“ შედეგად მოსულ ხელისუფლებებს პრეზიდენტმა სააკაშვილმა წარმატების რეცეპტიც გამოუწერა. ეს არის რეფორმების შეუქცევადი განხორციელება, თუნდაც მათ საკუთარ პოპულარობას საფრთხე შეექმნას.

„როდესაც შეუტევთ ინტერესთა ჯგუფებს, ისინიც შემოგიტევენ და თქვენ დადგებით რთული პერიოდის წინაშე. ჩვენ ვიხილეთ ოპოზიციის დემონსტრაციები. მე მომიწია თანამდებობიდან გადადგომამ პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს,“ - განაცხადა პრეზიდენტმა, თუმცა მისივე თქმით რეფორმები შეუქცევადად გაგრძელდა მისი ხელმეორედ არჩევის შემდეგ.

მან ისაუბრა ბიზნესის გამარტივებაზე, საჯარო რეესტრის რეფორმაზე, როდესაც „ერთი ფანჯრის“ პრინციპი მოქმედებს და მოქალაქეებს მარტივად შეუძლიათ პირადობის მოწმობების აღება.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში განხორციელებული რეფორმები რუსეთის უამრავი მოქალაქისთვისაც სამაგალითოა და მათაც ანალოგიურის ხილვა სურთ თავიანთ ქვეყანაში.

XS
SM
MD
LG