ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა, 30 იანვარს, ვაშინგტონში, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდება. 2009 წლის 20 იანვრის შემდეგ, როცა ობამა ამერიკის 44-ე პრეზიდენტი გახდა, ეს თერთ სახლში მიხეილ სააკაშვილის პირველი ოფიციალური მიწვევაა.

ინფორმაცია წუხელ თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა ჯეი კარნიმ გაავრცელა .განცხადებაში კერძოდ ნათქვამია, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტი განიხილავს ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის მიმდინარეობასა და სამომავლო პერსპექტივებს ვაჭრობის, ტურიზმის, ენერგო სექტორის, მეცნიერების, განათლების, კულტურის დარგებისა და უსაფრთხოების გაღრმავების მიმართულებით.

პრეზიდენტი ობამა ასევე ხაზს გაუსვამს ამერიკის თანამშრომლობის მნიშვნელობას საქართველოსთან თავდაცვის სფეროში, საქართველოს საგრძნობი კონტრიბუციის ჩათვლით ავღანეთის საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში.

ობამა ერთხელ დაადასტურებს ამერიკის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში“.

თეთრი სახლის განცხადებას დღესვე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი. თემურ იაკობაშვილმა ამ ვიზიტს კულმინაციური უწოდა

„ოფიციალური ვიზიტი ეს არის კულმინაცია რაღაც ურთიერთობებისა. ეს ხდება მაშინ როდესაც ეს ურთიერთობები რაღაც დონემდე ადის. მიმაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ეს პირველ რიგში არის ხაზგასმა იმ სპეციალური ურთიერთობებისა, რომელიც ჩამოყალიბდა ჩვენს ქვეყნებსა და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებს შორის.

განსახილველი საკითხები მოიცავს ყველა სფეროს. ეს არის ეკონომიკა, უსაფრთოება, თანამშრომლობა განსაკუთრებით იმ სფეროებში, რომლებიც ორივე ქვეყნისთვის მნიშნელოვანია.

გარდა ამისა, რა თქმა უნდა საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესის ხელშეწყობა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სხვა პოლიტიკური საკითხები, რომლებიც დღეისათვის აქტუალურია.“

აქამდე, პრეზიდენტი ობამა და პრეზიდენტი სააკაშვილი ერთმანეთს ოთხჯერ შეხვდნენ. პირველად, სულ ერთი წუთით, 2010 წლის 12 აპრილს, ბირთვული უსაფრთხოების ვაშინგტონის სამიტზე.

ტელეკომპანია „ფოქს ნიუსის“ შეკითხვაზე, თუ რატომ ვერ შეხვდა პრეზიდენტ ობამას, სააკაშვილმა მაშინ განაცხადა, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია.

იმავე წლის ნოემბერში, ლისაბონში ნატოს სამიტის ფარგლებში, ობამა მცირე ხნით, პირისპირ პირველად შეხვდა სააკაშვილს. შემდეგი არაფორმალური შეხვედრა 2011 წლის იანვარში, ვაშინგტონში, ამერიკელი დიპლომატის რიჩარდ ჰოლბრუკის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაიმართა. სულ ბოლო კი, 21 ოქტომბერს, ნიუ იორკში გაეროს სამიტზე, ასევე არაფორმალურ გარემოში.

თეთრ სახლში ბოლოს პრეზიდენტი სააკაშვილი 2008 წლის 19 მარტს, მაშინდელი პრეზიდენტის ჯორჯ ბუში უმცროსის მიწვევით იმყოფებოდა. სულ ბუშის პრეზიდენტობის პერიოდში სააკაშვილი ვაშინგტონში ოთხჯერ იქნა მიწვეული.

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი მომავალ შეხვედრას, მმართველი „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენებს. ამავე დროს, ქართული ოპოზიცია იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი ობამა მკაცრად მოსთხოვს პრეზიდენტ სააკაშვილს დაიცვას ის სტანდარტები, რომლის გარეშეც საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება შეუძლებელი იქნება.

„სააკაშვილისთვის ეს ნანატრი ოცნება ახდება. მთელ საქართველოს 97-ჯერ სხვადასხვა რაკურსით აჩვენებენ როგორ ხვდება ის ოვალურ კაბინეტში ამერიკის პრეზიდენტს. ამ საპრეზიდენტო ვადის მესამე წლისთავზე. რასაც აქამდე ვერ მიაღწია სააკაშვილმა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სააკაშვილის მიმართ ეს ადმინისტრაცია საკმაოდ კრიტიკული იყო.

ამასთანავე, თავისთავად როცა მეზობელი ქვეყნების პრეზიდენტები, გნებავთ ჩვენი უშუალო მეზობლები, გნებავთ ცენტრალური აზიის ქვეყნების ხელმძღვანელები, რომლებიც არ არიან შემჩნეული დემოკრატიაში და უკვე შეხვედრილები არიან ამერიკის პრეზიდენტს, სააკაშვილიც ჩადგება ამ რიგში.

თავისთავად მე არ ველი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია სააკაშვილს კვერს დაუკრავს იმ ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე რასაც ის ახორციელებს, განსაკუთრებით ბოლო თვეებში ივანიშვილის კოალიციის წინააღმდეგ.

სააკაშვილს გაუჩნდა ალტერნატივა და მე ვვარაუდობ, რომ წელს საპარლამენტო არჩევნების კონტროლის, დაკვირვების საკითხებში, ამერიკის ხელისუფლება იქნება დაახლოებით ისეთივე მკვეთრი, მკაცრი და სამართლიანი, როგორც ეს 2003 წლის 2 ნოემბერს იყო.“

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წელს დამყარდა და 23 აპრილს, ამ მოვლენიდან 20 წელი სრულდება.

დღემდე ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორად რჩება, რომელმაც ბოლო 20 წლის მანძილზე ქართველ ხალხს უზარმაზარი პოლიტიკური და ეკონომიკური დახმარება აღმოუჩინა.

თეთრი სახლის გუშინდელ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ პრეზიდენტ ობამას ასევე სურს „საქართველოს მომავალი არჩევნები და რეფორმები განიხილოს, რაც საქართველოს აქტიურ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ შემდგომ ტრანსფორმაციას უზრუნველყოფს.“

XS
SM
MD
LG