ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“ნაციონალები“ ხელისუფლებაში დიდი ხნით დასარჩენად ემზადებიან


მიხეილ სააკაშვილი: "ქართველ ხალხს აჰყავს და ქართველ ხალხს ჩამოჰყავს. ან შეიძლება, დავიღალოთ და ჩამოვიდეთ“

მმართველ პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს სერიოზული პრობლემების გარეშე მოიგებენ

საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე ორი წელია დარჩენილი, თუმცა მმართველ პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ 2012 წლის საარჩევნო მარათონში, ფინიშზე პირველი სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ მივა.

მომავალი არჩევნები, უმნიშვნელოვანესია საქართველოს უახლოესი ისტორიისთვის. არჩევნებში გამარჯვებული საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერ-მინისტრს აირჩევს, რომელსაც ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტზე მეტი უფლებამოსილება ექნება.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება კი თავისთავად ნიშნავს, რომ გამარჯვებული პოლიტიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებსაც უეჭველი მოიგებს. გიორგი გაბაშვილმა, მმართველი პარტიის ერთ-ერთმა აქტიურმა სახემ, "ამერიკის ხმასთან" კერძოდ თქვა:

„რამდენიმე წელია მესმის, რომ ჩვენ, ნაციონალური მოძრაობა მოახლოებული არჩევნების წინ დავიშლებით, თუმცა მხოლოდ ოპოზიციის რღვევას ვხედავ. ნაციონალური მოძრაობა ქვეყანაში ყველაზე მწყობრად ჩამოყალიბებული ძალაა, რომელსაც ბევრი ინიციატივა აქვს განხორციელებული და კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი. დარწმუნებული ვარ, მომავალ არჩევნებზე კვლავ ერთიანი გუნდით გავალთ და დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთ.“

მმართველი პარტიის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი სრულად იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ ნაციონალურ მოძრაობას დაშლის საფრთხე არ ემუქრება.

დგილობრივი არჩევნების დროსაც, ბევრს საუბრობდნენ პეტრე ცისკარიშვილისა და თბილისის მერის გიგი უგულავას მწვავე დაპირისპირების შესახებ, თუმცა, საბოლოოდ, ნაციონალურმა მოძრაობამ ეს არჩევნები უპრობლემოდ და რაც მთავარია, უზარმაზარი უპირატესობით მოიგო. პეტრე ცისკარიშვილი „ამერიკის ხმასთან“ კერძოდ თქვა:

“ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ოპოზიაციას და იმ ადამიანებს, ვისაც იმდები გაუცრუვდათ, გარკვეულწილად კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, საქართველოში დიდი ცვლილებებისა და რევოლუციების მოწყობასთან დაკავშირებით, ერთადერთი იმედიღა დარჩენიათ, რომ უმრავლესობის, ნაციონალური მოძრაობის შიგნით, დანერგონ, დათესონ ან გამოიწვიონ რაიმე დაპირისპირება და ამაზე მოახდინონ, თავიანთი პოლიტიკური ამბიციების კაპიტალიზაცია. მაგრამ, პრაქტიკულად ეს არის გამორიცხული, ჩვენ ძალიან კარგად მობილიზებული და ძალიან ერთ მუშტად შეკრული გუნდი ვართ.“

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი დღესაც ხაზს უსვამს, რომ ოპოზიციის დაბნეულობისა და დაქსაქსულობის ფონზე, ხელისუფლებაში კვლავ გრძელდება შიდა პარტიული დაპირისპირება, თუმცა ბერძენიშვილიც აღიარებს, რომ მთავარი პოლიტიკური კონკურენტის, ნომერ პირველი ფალავანთან პოლიტიკური ხერხებით ბრძოლამ შედეგი არ მოიტანა.

„დღეს მდგომარეობა ასეთია - ოპოზიციის მხარეს თუ გადავხედავთ, არის გარკვეული დაბნეულობა, ძალთა გადაწყობა და შეუთანხმებლობა. ოპოზიცია დღეს არ არის გადამწყვეტი ფაქტორი, ეს სრულიად ნათელია.

ხელისუფლებაში კი მიმდინარეობს ურთიერთსაპირისპირო მოვლენები, არის ერთმანეთთან დაპირისპირება, ახალი კადრების წინ წამოწევა; არის ბრძოლა განათლების სამინისტროში, ბრძოლა პროკურატურასა და პოლიციას შორის, ანუ, შეიძლება ასე ითქვას, ბრძოლა თავისუფლების ინსტიტუტსა და ნაციონალური მოძრაობის პარტიულ აქტივს შორის.

ეს აშკარად მიუთითებს ხელისუფლების შიგნით არსებულ პრობლემებზე. არის ვიღაც-ვიღაცეების ოცნებაც, რომ შეცვალონ მიხეილ სააკაშვილი და არის მიხეილ სააკაშვილის ოცნება, რომ სანამ დროა, მანამდე, გამოჭედოს თავისი ახალი კონსტიტუცია და ახალი უფლებები, მაგრამ ეს არის ლაფსუსები, იმასთან შედარებით რაც ხდება.

ხდება ის, რომ საქართველოს მთელი მოსახლეობა, მე არ ვიტყვი, რომ მარტო ოპოზიცია, მოსახლეობა, ინტელიგენცია, ელიტები, ვერ ახერხებენ მიხეილ სააკაშვილისგან თავის დაღწევას, ტრადიციული და მთელ მსოფლიოში გამოცდილი მეთოდებით.“

ოპოზიციურ პარტიებში დღემდე პოპულარულია მოსაზრება, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთნაირად მიუღებელია, როგორც რუსეთისთვის, ისე დასავლეთისთვის და სწორედ ეს საერთაშორისო განწყობა გახდება იმის წინაპირობა, რომ სააკაშვილი 2013 წლის შემდეგ ხელისფლებაში ვერ დარჩება.

ამ მოსაზრებებს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა უკვე უპასუხა და ამ პასუხიდან ნათლად ჩანს, რომ ხელისუფლებიდან წასვლაზე ის ნამდვილად არ ფიქრობს:

„ხანდახან, ზოგიერთი ჩვენი შიდა დამკვირვებელი და ზოგიერთი, უცხოელი ვაი ექსპერტიც ჩამოვა და გეტყვის, რომ არჩევნების ერთადერთი კარგი შედეგი იქნება ის, რომ მთავრობა შეიცვლება. სხვანაირად, თქვენ არა ხართ დემოკრატია.

და, ამას გეტყვის, ისეთი ბრძნული სახით, გეგონება, აქ ვზივართ, ადამიანები ვისაც, მხოლოდ დაწყებითი სკოლა აქვს დამთავრებული, რომელიღაც, ყველაფერს მოწყვეტილ მაღალმთიან სოფელში, სადაც არც ფაქსია, არც ინტერნეტი და არც მობილურს იჭერს და არც ტელევიზიას; და, ასეთი, ექსპერტები მრავალმნიშვნელოვანი ჭკუით გვარიგებენ, რომ აი, ეს არის დემოკრატიის კრიტერიუმები.

ოღონდ, რაღაცა არ გამხსენებია, რომელიმეს ეთქვას, რომ იაპონიაში დემოკრატია არ არის, სადაც 60 წელი მართავდა ერთი პარტია. რაღაც არ გამიგია, რომ გერმანიაში, სადაც, კანცლერი ჰელმუტ კოლი და მისი ქრისტიან-დემოკრატებისა და თავისუფალი დემოკრატების ალიანსი, მართავდა 17 წელი, ვინმეს ეთქვა, რომ გერმანიამ შეწყვიტა დემოკრატიად ყოფნა და გახდა დიქტატურა.

და, როგორ ხდება, რომ შვიდი წლის თავზე, შვიდი წელიც არ გასულა - ჩვენი, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის, უცებ, ყველა ლაპარაკობს რომ რაღაც ზედმეტი მოუვიდათ. ვერ გვწდებიან და უნდათ რომ ჩამოგაგდონ, იმის მაგივრად, რომ თვითონაც ავიდეს ამ დონეზე. ყველა უნდა ესმოდეს - ქართველ ხალხს აჰყავს და ქართველ ხალხს ჩამოჰყავს. ან შეიძლება, დავიღალოთ და ჩამოვიდეთ.“

მიხეილ სააკაშვილმა, იუსტიციის მინისტრობიდან გადადგომის შემდეგ, 2001 წლის ოქტომბერში დააფუძნა ნაციონალური მოძრაობა და უკვე 2002 წელს ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნები მოიგო.

მთელი ძალაუფლება საქართველოში ნაციონალურმა მოძრაობამ, 2003 წლის ნოემბერში, ვარდების რევოლუციის შედეგად აიღო, როცა პრეზიდენტი შევარდნაძე იძულებული გახდა გადამდგარიყო.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მოგების შემთვევაში, სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა, ხელისუფლებაში ყოფნის ვადას კიდევ ოთხი წლით, 2016 წლამდე გაიხანგრძლივებს.

XS
SM
MD
LG