ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რას ელიან ჰილარი კლინტონის ვიზიტისგან თბილისში


კლინტონი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით პირველად ეწვევა
კლინტონი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით პირველად ეწვევა

ლევან ბერძენიშვილი: ამერიკის იმიჯს საქართველოში ჩრდილი მიადგა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ჩამოსვლას, საქართველოს ხელისუფლება, ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი მოუთმენლად ელიან.

აღმოსავლეთ ევროპული ტურნეს ფარგლებში, კლინტონი თბილისში 5 ივლისს ჩამოფრინდება და საქართველოში 24 საათს დაჰყოფს. ეს იქნება, კლინტონის პირველი ოფიციალური ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას პირით უკვე გაახმაურა თუ რა საკითხები განიხილება და რას ელის ქართული მხარე ამ მნიშვნელოვანი ვიზიტისგან.

რასაკვირველია, განხილული იქნება ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული სფეროები. საუბარი იქნება ასევე სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში, მიმდინარე ხელშეკრულებების ფარგლებში, კონკრეტული საკითხების თაობაზე.

ფაქტიურად. რუსეთის სამხედრო ძალებს ოკუპანტის სტატუსი აქვს მინიჭებული. ეს არის ნამდვილად მნიშვნელოვანი გზავნილი და განმარტება ვაშინგტონიდან, ზუსტი ასახვა იმ რეალობისა, რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება.

რა თქმა უნდა, ეს იმედს გვაძლევს, რომ ეს შეხვედრები და მსჯელობა, უფრო საგნობრივ სახეს შეიძენს სამართლებრივ ჭრილში, რათა აღდგეს, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და მოხდეს დეოკუპაცია.“

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ჯონ ბასის თქმით, კლინტონის ვიზიტის დეტალები ჯერ კიდევ შეთანხმების პროცესშია. თუმცა არაოფიციალურად ცნობილია, რომ სახელმწიფო მდივანი შეხვდება, როგორც საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების, ისე პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლებს.

რესპუბლიკელების ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ ეს ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია ამერიკულ-ქართული ურთიერთობების მომავლისთვის.

„უპირველეს ყოვლისა, ამ ვიზიტს ველოდებით იმ კონტექსტში, რომ უკვე იყო შეხვედრა რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტებს შორის. ჩვენ გვაინტერესებს, როგორია აშშ-ს დამოკიდებულება, როგორც საქართველოს, ისე მისი ხელისუფლების მიმართ. ამის გაგება, სხვა მხრივ ძალიან ძნელია. როდესაც ამ დონის ვიზიტია, მაშინ ასეთი საკითხები სრულიად ნათელი და გასაგები ხდება.

მე ვფიქრობ, რომ მთელი რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია. თან ჩვენ გვესმის, რომ ჰილარი კლინტონი, არ არის უბრალო მოხელე, ის ძალიან მაღალი რანგის მოხელეა. ფაქტობრივად, ჩვენს ქვეყანას, ასეთი დონის ვიზიტი, პრეზიდენტ ბუშის ჩამოსვლის შემდეგ არ ჰქონია.

ვფიქრობ, რომ იმის შემდეგ, რაც ითქვა, რომ რუსეთი და აშშ შეეცდებიან მონახონ საერთო წერტილები იქაც კი, სადაც არის უთანხმოება და იმის შემდეგ, რაც გაიჟღერა საქართველოს თემამ ამ დიდ შეხვედრებზე, ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ფაქტია, რომ ჰილარი კლინტონი საქართველოში ჩამოიტანს ამერიკის ადმინისტრაციის ახალ პოლიტიკას საქართველოს მიმართ, რომელსაც ექნება მრავალწლიანი შედეგი.“

კლინტონის ვიზიტს დიდი ინტერესით ელიან ქართული მესამე სექტორისა და მედიის წარმომადგენლები, რომელთაც იმედი აქვთ, რომ შეეძლებათ, საქართველოს მთავარი სტრატეგიული მოკავშირის სახელმწიფო მდივნის ყურადღება, ქართული დემოკრატიის მდგომარეობაზე გაამახვილონ. გაზეთ რეზონანსის მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში კერძოდ ამბობს

„პირველ რიგში, მოლოდინი არის რომ აშშ-სა და საქართველოს თანამშრომლობა გაღრმავდება საქართველოში დემოკრატიის გაღმავებისა და მხარდაჭერის თვალსაზრისით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.

ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, საქართველოში რეფორმების განვითარების, ზოგიერთ, სფეროში კი რეფორმების დაწყების კუთხით. და,, რა თქმა უნდა, ასევე უმნიშვნელოვანესია, საქართველოს უსაფრთხოების საკითხები და მისი ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში.“

ამერიკის ელჩს საქართველოში ბოლო დროს რამდენჯერმე მოუხდა განემარტა, რომ საქართველო კვლავაც ამერიკის სტრატეგიულ ინტერესების სფეროშია. ჯონ ბასი, ასე პასუხობდა ქართული საზოგადოების შეშფოთებას, ამერიკულ პრესაში ბოლო დროს გახშირებულ პუბლიკაციებზე, რომ ვაშინგტონმა რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკას საქართველოც გადააყოლა.

რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ საქართველოში ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკით უკმაყოფილოთა რიცხვმა ცოტათი მოიმატა.

„რა თქმა უნდა, ის მხარდაჭერა, რომელიც სრულიად უსამართლოდ მიიღო პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე, მან მიაყენა ჩრდილი, ამერიკის იმიჯს საქართველოში, მაგრამ, საბოლოოდ, ეს იმიჯი ისე არ შემცირებულა, რომ რაიმე პრობლემასთან გვქონდეს საქმე.

მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯმა, როდესაც არჩევნების შედეგი ცნობილიც კი არ იყო და თეთრმა სახლმა პრეზიდენტ სააკაშვილს მიულოცა გამარჯვება, მე არ ვთლი, რომ ეს დიდი დემოკრატიული და სერიოზული გამარჯვება იყო ამერიკის ადმინისტრაციის, ეს იყო შეცდომა, რომელმაც ასახვა ჰპოვა საქართველოში გუნება-განწყობებზე. და რა თქმა უნდა, შეამცირა ამერიკის შეერთებული შტატებისადმი უზარმაზარი სიმპათია, რომელიც იმდენად დიდი იყო, რომ დღემდე მნიშვნელოვნად რჩება“.

რა ახალი წინადადებებით ჩამოვა ჰილარი კლინტონი საქართველოში და როგორ მიიღებს ვაშინგტონის ახალ პოლიტიკას ქართული საზოგადოება, ეს მხოლოდ 5 ივლისის შემდეგ გახდება ცნობილი. ამერიკის სახელმწიფო მდივნის პირველი აღმოსავლეთ ევროპული ტურნე დღეს კიევში დაიწყო და ხუთ ივლისს თბილისში დაასრულდება.

XS
SM
MD
LG