ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიალოგის გზით შეიძლება პოზიტიური შედეგის მიღწევა


დიალოგის გზით შეიძლება პოზიტიური შედეგის მიღწევა

ქართული მხარე რუსეთის პრეზიდენტის განცხადებაზე, რომ მოსკოვი აბსოლუტურად მზად არის თბილისთან და არა მიხეილ სააკაშვილთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს პასუხობს, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები ვერ აღდგება ვიდრე რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს 2 რეგიონი. პრეზიდენტის პრეს-სპიკერის განცხადებით, რუსეთთან დიალოგის აღდგენაზე ლაპარაკი მხოლოდ სოხუმში და ცხინვალში ე.წ. საელჩოების დახურვის შემთხვევაში გახდება შესაძლებეილი.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური ამბობს :

” თუ რუსეთის ხელისუფლებას მართლაც სურს საქართველოს ხელისუფლებასთან დიპლომატიური დიალოგის აღდგენა, მან უნდა გადადგას ძალიან კონკრეტული ნაბიჯები. ეს გახლავთ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია, ჯარის გაყვანა,საერთაშორისო ვალდებულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და საქართველოს სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის პატივისცემა. ნებისმიერ ლიდერს, ვინც აკეთებს აქცენტირებას ყურადღების პერსონალურ საკითხზე, ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტზე, ძალიან კარგად უნდა ესმოდეთ, რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა არის ქართველი ხალხის სურვილი, ხოლო ქართველი ხალხის ნებას და სურვილს დღეს წარმოადგენს ლეგიტიმურად არჩეული საქართველოს ხელისუფლება”.

დიმიტრი მედვევდევის განცხადებიდან:

რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ მოღვაწეებს, რაც შეეხება მთელ ქართველ ხალხს, ძალიან მინდა რომ არსებული გაუცხოების ფაზა რაც შეიძლება მალე დასრულდეს”. მისივე თქმით, რამდენიმე ნაბიჯი ამ კუთხით უკვე გადაიდგა, აღდგა ფრენები თბილისსა და მოსკოვს შორის.

რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩის ზურაბ აბაშიძის თქმით, თუ რუსეთის პრეზიდენტის განცხადება არ არის შიდაპოლიტიკური მოსაზრებებით განპირობებული და მას რეალურად სახელმწიფო დონეზე სურს საქართველოსთან დიალოგის დაწყება , ხელისუფლებამ ასეთ დიალოგზე უარი არ უნდა თქვას.

ახლახან დასრულდა მოსკოვში ”თავისუფალი საქართველოს” ლიდერის კახა კუკავას ვიზიტი, რომლის ფარგლებში ”თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე რუსულ მხარესთან ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების საკითხებს განიხილავდა. შეგახსენებთ, რუსეთის ხელისუფლებასთან სავაჭრო სანქციების მოხსნის შესახებ კახა კუკავა მოლაპარაკებებს გასული წლის ოქტომბრიდან აწარმოებს და მას შემდეგ ხელისუფლებას რუსეთთან დიალოგისკენ მოუწოდებს.

სამწუხაროდ, იყო მხოლოდ ნეგატიური გამოხმაურებები, ამბობს კახა კუკავა :

”იმიტომ რომ მე ფორმალური ოფიციალური არხების გარდა არაოფიციალურადაც შევთავაზე ხელისუფლების რიგ წარმომადგენლებს, რომ ბოლო-ბოლო მათ აეღოთ ინიციატივა სავაჭრო მოლაპარაკებებში. მაგრამ პირდაპირ მითხრეს ( მე მყავს ხელისუფლებაში, ასე ვთქვათ, საკონტაქტო პირები, რომლებთანაც არაფორმალურ ურთიერთობას ვინარჩუნებთ) რომ ამ ეტაპზე ქვეყნის პირველი პირის პოზიციიდან გამომდინარე შეუძლებელია თუდაც ეკონომიკურ საკითხებზე რაიმე პოზიტიური ნაბიჯი გადაგას საქართველოს ხელისუფლებამ”.

თავისუფალი საქართველოს ლიდერის განცხადებით, მოლაპარაკებების შედეგად რუსეთის ფედერაციაში ქართული პროდუქციის ექსპორტი განახლდება:

” ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ შედგა პრინციპული შეთანხმება ”როსპოტრებნადზორთან” იმის შესახებ, რომ ქართული პროდუქტების ექსპორტი განახლდება რუსეთის ფედერაციაში. დაიწყო ამასთან დაკავშირებით, კონკრეტული კომპანიების კონკრეტული პროდუქტების სერტიფიცირება და ველოდებით უკვე დღე-დღეზე, რომ მოხდება რეალურად ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემა რეალურ კომპანიებზე, რაც ნიშნავს, რომ ქართულ კომპანიებს უკვე შეუძლიათ დაიწყონ პროდუქციის ექსპორტი .პირველ ეტაპზე საუბარია სპირტიან სასმელებზე და მინერალურ წყალზე, შემდგომში, ბუნებრივია იგულისხმება, ეს უნდა გავრცელდეს ყველა სხვა სეგმენტზე. ვფიქრობ, თუ ეს მოხდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, იმიტომ რომ ვიცი, როგორ არის დაინტერესებული ჩვენი სოფელი ამ გარღვევით, ასევე პოლიტიკურადაც, იმიტომ რომ ეს იქნება პრეცედენტი იმის, რომ დიალოგის გზით შეიძლება პოზიტიური შედეგის მიღწევა. მე ხშირად, არა მარტო თილისში მოლაპარაკებებზე, რუსეთშიც ვიყენებდი მაგალითს, რაც შედგა პრეზიდენტ მედვედევსა და ილია მეორეს შორის შეთანხმება პერევთან დაკავშირებით. შეიძლება პერევი არ არის ისეთი სტრატეგიული საკითხი, ერთი სოფელია, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს.. ლოგიკა გვაჩვენებს, რომ როცა იყო ქართული მხრიდან კონსტრუქციული მიდგომა, შედეგი დადგა პოზიტიური. როგორც კი ილია მეორეს საწინააღმდეგოდ სააკაშვილმა გააკეთა მაშინ სრულიად დესტრუქციული განცხადებები, ვნახეთ რომ შედეგი იყო ნეგატიური. ანუ, ჩვენ მივყვებით ამ ლოგიკას. არა იმას, რომ ჩვენ სამართლებრივი შეფასებები მივცეთ, სამართლებრივ შეფასებებში ჩვენ ხელისუფლებასთან არ გვაქვს უთანხმოება. კი ბატონო, რუსეთი, რა თქმა უნდა არის საქართველოს ტერიტორიების ერთი ნაწილის ოკუპანტი. მაგრამ ეს არ არის საკითხის გადაწყვეტის გზა. ის, რაც ჩვენ გვითხრა კუშნერმა, სარკოზიმ და სხვა ბევრმა ჩვენმა ევროპელმა მეგობარმა, რომ ოკუპაციის ტერმინის დაფიქსირება არ არის საკითხის გასაღები, ჩვენ გამოვდივართ მთლიანად ამ ლოგიკიდან. ჩვენ უნდა მოვნახოთ რუსეთთან ნებისმიერი ფორმატის კონსტრუქციული დიალოგი”.

კახა კუკავა რუსეთის ბაზრის გახსნას 2012 წლის თებერვლიდან ვარაუდობს.

XS
SM
MD
LG