ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში რელიგიის როლის შესახებ ახალი გამოკვლევა გამოქვეყნდა


აშშ-ში რელიგიის როლის შესახებ ახალი გამოკვლევა გამოქვეყნდა
აშშ-ში რელიგიის როლის შესახებ ახალი გამოკვლევა გამოქვეყნდა

შეერთებულ შტატებში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება მატულობს.

ახლახან გამოქვეყნებული გამოკვლევის თანახმად, რელიგიურობის საკითხი შეერთებული შტატების მოსახლეობაში, მზარდ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.

აშკარა დაპირისპირება შეინიშნება რელიგიურად განწყობილ პირებსა და მათ შორის, ვინც რელიგიას მტრულად აღიქვამს. თუმცა, როგორც "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი ჯერომ სოკოლოვსკი ვაშინგტონიდან იუწყება, გამოკვლევის შედეგებმა იმავდროულად ცხადყო ისიც, რომ ამერიკელებს შორის, ერთმანეთის მიმართ შემწყნარებლობის დონე უაღრესად მაღალია.

ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი რობერტ პატნამი ამერიკულ აკადემიურ წრეებში ძალიან გავლენიან ფიგურად ითვლება. 1995 წელს მან გამოაქვეყნა ცნობილი ნაშრომი, რომელმაც ამერიკაში სამოქალაქო ცხოვრების აღქმა აბსოლუტურად გარდაქმნა.

ნოტრ დამის უნივერსიტეტის პროფესორთან დევიდ კემპბელთან ერთად, პატნამმა ცოტა ხნის წინ, ბოლო ნახევარი საუკუნის მანძილზე ამერიკის ცხოვრებაში რელიგიის როლის ყოვლისმომცველი გამოკვლევა გამოაქვეყნა.

ყველა რელიგიური მიმდევრობისა და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის 3,000 რესპონდენტის გამოკითხვის შედეგების საფუძველზე დაყრდნობით, მათ აღმოაჩინეს, რომ ამერიკულ საზოგადოებაში ეგრეთწოდებული „რელიგიური განხეთქილება“ წარმოიქმნა. ძალიან რელიგიური ამერიკელები, როგორც წესი, რესპუბლიკელები არიან და მათ კონსერვატიული მსოფლმხედველობა ახასიათებთ. ხოლო საერო ფასეულობების მხარდამჭერი პირები პროგრესულ შეხედულებებს იზიარებენ ან არჩევნების დროს ხმებს დემოკრატიულ პარტიას აძლევენ.

პატნამი აღნიშნავს, რომ ამერიკულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რელიგიური განხეთქილება ახალ ფენომენს წარმოადგენს:

„ყოველდღიურ პირად ცხოვრებაში რელიგიური შეხედულებების მიუხედავად, ამერიკელები ერთმანეთთან ღრმა, მჭიდრო და პირად კავშირებს ანვითარებენ “ - აღნიშნა პატნამმა.

რით არის განპირობებული ამგვარი მდგომარეობა? პატნამს მიაჩნია, რომ თვით რელიგიურობის თემა გახდა დრეკადი. გამოკვლევის შედეგების თანახმად, ამერიკელების დაახლოებით ერთმა მესამედმა რელიგია შეცვალა. აღსანიშნავია ისიც, რომ სხვადასხვა რელიგიური მიმდევრობების წარმომადგენლების შეუღლება ქორწინებების ერთ მესამედზე მეტს შეადგენს:

„თითქმის ყველა ამერიკელს განსხვავებული რელიგიური მიმდევრობის წარმომადგენელი უყვარს - არა აქვს მნიშვნელობა იქნება ეს ცოლი, ქმარი თუ ახლო მეგობარი. ამდენად რთულია, ამა თუ იმ რელიგიის წინააღმდეგ გალაშქრება, როცა ამ მიმდევრობის წარმომადგენელი გიყვარს ან პირადად იცნობ “- აღნიშნავს პატნამი.

მეცნიერის ოჯახი გამოკვლევაში ნახსენებ დაკვირვებებს კარგად ასახავს. პატნამი პროტესტანტ-მეთოდისტთა ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. მოგვიანებით მან ცოლად ებრაელი ქალი შეირთო და დაახლოებით 50 წლის წინ იუდაიზმი მიიღო. ამასობაში პატნამის და ცოლად კათოლიკს გაყვა, მაგრამ მისი შვილები ევანგელისტი პროტესტანტები არიან.

გამოკვლევამ ცხადყო, რომ ამერიკელების 80 პროცენტს სჯერა, რომ „ბევრი რელიგიური მიმდევრობა ფუნდამენტურ ჭეშმარიტებას შეიცავს.“ ხოლო 89 პროცენტს მიაჩნია, რომ სხვა რელიგიების წარმომადგენლებიც სამოთხეში მოხდებიან.

პატნამი და კემპბელი აღნიშნავენ, რომ ამგვარი რელიგიური შემწყნარებლობა ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამის გამო ოქტომბერში გამოქვეყნებულ წიგნს მათ „ამერიკული ლმობიერება“ დაარქვეს.

როდ დრეჰერი კონსერვატიული მიმომხილველია, რომელმაც რელიგია რამდენჯერმე გამოიცვალა. მეთოდისტ-პროტესტანტულ ოჯახში დაბადებულმა, მან მოგვიანებით კათოლიკური სარწმუნოება მიიღო. ხოლო ახლა კი მართმადიდებლური ეკლესიის წევრი გახლავთ.

იგი გამოკვლევის ავტორების ოპტიმისტურ განწყობას არ ეთანხმება:

„ვფიქრობ რელიგიური ტრადიციისგან დაშორება ტრაგედიაა, რადგან ჩვენს ქვეყანაში ხალხს ნებისმიერი რელიგიური მიმდევრობის არჩევა შეუძლია. ამგვარ არჩევანს არავითარი დატვირთვა არ გააჩნია, რადგან ყველაფერი პირადი არჩევანის გამოხატულებას უკავშირდება“ - დასძენს დრეჰერი.

საკუთარი შეხედულების დადასტურების მიზნით დრეჰერი აღნიშნავს, რომ გამოკვლევაში ნათქვამია, რომ 18-დან 29-წლამდე ასაკის კატეგორიაში ამერიკელების 30 პროცენტს არავითარი რელიგიური მსოფლმხედველობა არ გააჩნია, რაც 1990 წლის მაჩვენებელს თითქმის სამჯერ აღემატება.

XS
SM
MD
LG