ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არაინფორმირებული დაცულობა


არაინფორმირებული დაცულობა
არაინფორმირებული დაცულობა

არსებობს თუ არა ინფორმირებულობის პრობლემა კონფლიქტის რეგიონში?

ადამიანის უფლებების დაცვის დღე შიდა ქართლში, საქართველოს ომით დაზარალებულ ნაწილში არანაირად არ აღნიშნულა. საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის თემა ისეთი საკითხია, რომელიც საუბრის და აზრის გამოთქმის ჩარჩოებს არ ცილდება.

„ეს მხოლოდ ლაპარაკია, ცარიელი სიტყვებია, რა ადამიანის უფლებების შესახებ შეიძლება დღეს ჩვენთან იყოს მსჯელობა, როდესაც ასეთ გაჭირვებაში ვართ?" – ასეთ სიტყვებს ხშირად მოისმენთ, თუ ომით დაზარალებულ სოფლებს მიაკითხავთ.

ადამიანის უფლების დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გამუდმებით იმეორებენ, რომ დღეს ქართულ საზოგადოებას არ აქვს საკმარისი ინფორმაცია საკუთარი უფლებებისა და დაცვის მექანიზმების შესახებ.

რამდენად პრობლემაა არაინფორმირებულობა ადამინის უფლებების საკითხთან მიმართებაში, ამის შესახებ კომენტარი გორის მუნიციპალიტეტის გამგებელს ზვიად ხმალაძეს ვთხოვეთ, რომელიც ყოველდღიურად უამრავ ადამიანს ხვდება, მათ შორის ცხინვალისპირა სოფლების მოსახლეობას და მათ პრობლემებს ისმენს.

ზვიად ხმალაძე ამბობს, რომ საკმარისი კომპეტენცია არ გააჩნია ადამიანის უფლებების საკითხებზე სასაუბროდ, ამდენად უჭირს განაცხადოს ცალსახად, დგას თუ არა რეგიონში არასაკმარისი ინფორმირებულობის პრობლემა ამ კუთხით. ინტერვიუს დროს იგი ახსენებს იმასაც, რომ ჩვენ ყველა ტოტალური რეჟიმიდან მოვდივართ, საბოლოოდ კი დასძენს, რომ მზადაა იზრუნოს ადამიანის უფლებების დაცვაზე.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზაში მცხოვრები ლალი გოგიძე ამბობს, რომ ადამიანის უფლებებზე მხოლოდ ლაპარაკობენ, საქმით კი ვერაფერს აკეთებენ. იგი ომის დროს დაზარალდა. მისი სახლი ჭურვებმა სერიოზულად დააზიანა. ხელისუფლებამ კი მხოლოდ სახურავი გადაუხურა, მაშინ, როდესაც კედლები შესაკეთებელი დატოვა და არც ფანჯრები ჩაუსვამს. ქალბატონმა ლალიმ ტელევიზიით პრეზიდენტ სააკაშვილის ნათქვამიც მოისმინა იმასთან დაკავშირებით, რომ ომით დაზარალებული სოფლიების მოსახლეობისთვის დახმარება უნდა გაცემულიყო. მათ არც სარწყავი წყალი ჰქონდათ წელს, არც მოსავალი მიუღიათ, მიუხედავად ამისა, სოფელი თორტიზა დასახმარებელთა ნუსხაში ვერ მოხვდა. ლალი გოგიძეს აინტერესებს, არის ეს ყველაფერი მათი უფლებების დარღვევა, თუ არა.

"ადამიანის უფლებები და მათი დაცულობა მხოლოდ ფურცელზე არსებობს" – ასე ფიქრობენ სასაზღვრო სოფლებში მცხოვრები ადამიანები. მათ იციან, რომ კანონის თანახმად, დაცულობაზე მეტი პრეტენზიის გაცხადების უფლება აქვთ, რეალობა კი მისგან ძალიან განსხვავდება.

ერგნეთში მცხოვრები ლია ჩლაჩიძე ამბობს, რომ პირველ რიგში მათ უსაფრთხოება ჭირდებათ. ერთადერთ გამოსავლად, დაცულობის უფლების მეტი გარანტიის შესაქმნელად, მას საერთაშორისო მისიების საქმიანობის გაფართოება წარმოუდგენია:

“ ჩვენ ხომ გვაქვს უსაფრთხოდ ცხოვრების უფლება, ვინ უნდა უზრუნველყოს ეს?“ –კითხულობს ქალბატონი ლია.

XS
SM
MD
LG