ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსპერტები: რუსეთის არჩევნები უფრო ფარსს და მასკარადს წააგავს


პუტინის რეიტინგის აწევისკენ მიმართული რუსული სტრატეგია, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების საწინააღმდეგოდ, საგარეო მტრის ხატის შექმნას ეყრდნობა, დამარცხებისთვის არის განწირული.

რუსეთში შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა და „ნატოს“ გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ალექსანდერ ვერშბოუმ, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ „ამერიკის ხმას“ უთხრა:

„აშკარაა, რომ ამ პოლიტიკურ თეატრში კანდიდატები გარკვეულ როლს თამაშობენ, რათა ეს ყველაფერი კონკურენციას წააგავდეს, თუმცა ეს უფრო ფარსია, ვიდრე ნამდვილი არჩევნები. ვფიქრობ, ქსენია სობჩაკი იმიტომ შეარჩიეს, რომ ის თითქოს ლიბერალურ შეხედულებებს წარმოადგენს და იმავდროულად, არავითარ ნამდვილ საფრთხეს არ წარმოადგენს.“

„არჩევნებში“ სობჩაკის მონაწილეობის კომენტირებისას ვერშბოუმ დაამატა:

„რა თქმა უნდა, იმედისმომცემია, რომ ის არ დასაჯეს იმისთვის, რომ თქვა: ყირიმი უკრაინაა. ეს სიმართლე კი არის, მაგრამ ხომ შეიძლება კანონით ისჯებოდეს. ვფიქრობ, გარკვეულწილად, მისმა შერჩევამ და ფაქტმა, რომ ნავალნისთან დაკავშირებული არ არის,რუსული პოლიტიკის ლიბერალური ფრთის დისკრედიტაციის საშუალება გააჩინა. იავლინსკი - ზუსტად ასევე. ეს ის ძალაა, რომელზეც კარგად არიან ნამუშევარი და განსაკუთრებულ საფრთხეს აღარ წარმოადგენს. პრინციპული ადამიანია, მასთან მიმუშავია, როდესაც ჯერ კიდევ რეალური გავლენა ჰქონდა. რა თქმა უნდა, ცუდია რომ ახლა მას აღარ უსმენენ, განსაკუთრებით ეკონომიკური პოლიტიკის თემაზე. სხვა კანდიდატები, ალბათ გრუდინინის გამოკლებით, პატიოსნად გეტყვით, ისეთი მნიშვნელობის არ არიან. ეს ახალი სახეა, რომელსაცგარკვეული მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ეს საკმაოდ დამაფიქრებელია, რადგან ის სტალინს ადიდებს და რუსეთი ისტორიაში უდიდეს ლიდერს უწოდებს. იმედია მას ამის გამო არ აძლევენ ხმას.“

„ამერიკის ხმას“ დევიდ სატერიც ესტუმრა, ამერიკელი მკვლევარი და ჟურნალისტი, საბჭოთა კავშირზე და რუსეთზე ოთხი წიგნის ავტორი. (ბოლო წიგნის სათაურია; „რაც ნაკლები იცი, უფრო კარგად გძინავს“). ცივის ომის შემდეგ ის პირველი ამერიკელი ჟურნალისტი გახდა, რომელიც 2013 წელს რუსეთიდან გააძევეს. ამჟამად დევიდ სატერი ვაშინგტონის ჰადსონის ინსტიტუტის ექსპერტია და რუსეთში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.

მისი თქმით, რუსეთის არჩევნების შეჯიბრებითობაზე და დემოკრატიულობაზე ლაპარაკი ზედმეტია:

„რა თქმა უნდა, ეს მასკარადია. ამ კანდიდატებს არჩევნებისთვის ლეგიტიმურობის ელფერის მიცემა ევალებათ, მათ სერიოზულად არც განიხილავენ. ის ფაქტიც კი, რომ სობჩაკმა შეძლო ეთქვა, რომ ყირიმი უკრაინის ნაწილია, რაიმე თვალსაზრისის ნამდვილად დაცვასთან ვერ გაიგივდება. ეს იგივე არ არის, როგორც ამის ისეთ სიტუაციაში გაკეთება, რომლის დროსაც, წამყვან კანდიდატ პუტინს ჩვეულებრივ დებატებში რომ მიეღო მონაწილეობა და საკუთარი პოლიტიკა, საკუთარი პოზიცია განემარტა. ანუ, ეს ყველაფერი მომზადებული ინსცენირებაა და კერძოდ სობჩაკი, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით კლოუნის ტიპის ფიგურაა.“

ვაშინგტონელ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ამერიკაში რუსეთის არჩევნებით აქტიურად არ ინტერესდებოდნენ, განსაკუთრებით თუ შევადარებთ იმ ინტერესს, რომელსაც რუსეთის მოქალაქეები ცოტა ხნის წინ ჩატარებული ამერიკული არჩევნების მიმართ იჩენდნენ.

ელჩმა ვერშბოუმ აღნიშნა, რომ "ამერიკელები საკმაოდ პროვინციული ხალხია, საკმაოდ იზოლირებულია და დიდ ინტერესს არ ამჟღავნებს, თუმცა სერიოზულ პრესაში, ნაწილობრივ ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამო, ეს თემა საკმაოდ ფართოდ გაშუქდა. ჩვენთან საინფორმაციო ომის და მასმედიის მანიპულირების თემაზე მსჯელობენ. ყველაფერს, რასაც რუსეთი ამერიკის მიმართ აკეთებს, შინაც მიმართავს, რათა პუტინისთვის კარგი შედეგი უზრუნველყოს.“

დევიდ სატერის აზრით კი, "ამერიკელებს აღელვებთ რაც შეერთებულ შტატებში ხდება, ასევე შეიძლება ითქვას, რომ თუ არჩევნების დროს, როდესაც შედეგი წინასწარ არის ცნობილი, არავითარი დრამა და გაურკვევლობა არ ახლავს, როგორც რუსეთში ხდება, ადამიანებს უჭირთ წინასწარ მოსალოდნელ შედეგს ენთუზიაზმით შეხვდნენ. მაგალითად, ამერიკული არჩევნების დროს, რუსეთში ბოლო წუთამდე არავინ იცოდა ჩვენთან ვინ გაიმარჯვებდა. ეს დიდი კონტრასტია რუსეთში ადამიანების იმ თაობისთვის, რომელმაც თავიდანვე იცოდა არჩევნებში ვინ გაიმარჯვებდა. საინტერესო იყო დაკვირვება, როდესაც ელცინი პუტინს ამზადებდა. მან თქვა, რომ ის მისი არჩევანი იყო და რუსეთის შემდეგ პრეზიდენტად თვითონ შეარჩია, თითქოს ეს რუსეთის ამომრჩევლებს კი არა ელცინს უნდა გადაეწყვიტა.“

ვერშბოუს აზრით, პუტინის პოპულარობა ყირიმის უკანონო ანექსიას და უკრაინის მიმართ აგრესიულ საქციელს ეყრდნობა:

„ყირიმის მიერთება საერთაშორისო სამართალს არღვევს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეერთებული შტატები და მოკავშირეები უკრაინაში ჩატარებული ხმის მიცემის შედეგებს, რომელიც საერთაშორისო სამართლის ფარგლებში უკანონოა,არ ცნობენ. ჩვენ ამაზე უნდა ვილაპარაკოთ და იმედი ვიქონიოთ, რომ ამის შესახებ თეთრი სახლიც ყველას გასაგონად გამოაცხადებს. გაწბილებული დავრჩები, თუ ტრამპი პუტინს, სინამდვილის დამახინჯებაზე დაფუძნებულ ყალბ არჩევნებში, ფსევდო-არჩევნებში გამარჯვებას მიულოცავს.“

პუტინის სავარაუდო მორიგი საპრეზიდენტო ვადის კომენტირებისას სატერმა აღნიშნა, რომ რუსეთის მომავალი ნაბიჯების წინასწარმეტყველება ყოველთვის ძალიან რთულია.

„ამ ქვეყნის მომავლის განჭვრეტა შეუძლებელია. მარქსმა როგორც თქვა: „ორი რამის წინასწარმეტყველების უნარი არ გაგვაჩნია, რა მოხდება რუსეთში და ხვალ როგორი ამინდი იქნება.“ ექვსი წელი საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდია. რასაც ახლა ვხედავთ, ეს გარკვეული სტრუქტურაა, გარკვეული ტენდენცია. ვხედავთ, რომ პუტინი ნაციონალიზმს და ომს იმისთვის იყენებს, რომ ხელისუფლების ბოროტად გამოყენებიდან მოსახლეობის ყურადღებაგადაიტანოს. რა თქმა უნდა, ნაწილობრივ იმის გამო, რომ სისტემაში სერიოზული წინააღმდეგობებია, სამართალი და კანონი არ არსებობს და ვითარება მძიმდება. ისტორიულ ჭრილში ვხედავთ, რომ თუ მმართველი მთელი ცხოვრების განმავლობაში კონტროლის შენარჩუნებას ცდილობს, ადრე თუ გვიან, ის ძალები, რომლისაც ყველაზე მეტად ეშინია, ვითარებას შეცვლიან. რუსეთის მოსახლეობა - ღრმად განათლებული მოსახლეობაა, ის ახლა უფრო მტკიცედ გამოთქვამს თავის მოსაზრებებს, ვიდრე საბჭოთა კავშირის დროს და მსოფლიოსთვის უფრო გახსნილია. გარედან გავლენაზე იმაზე უფრო მეტად რეაგირებს, ვიდრე ეს ადამიანებს წარმოუდგენიათ, მაგრამ საჭიროა კატალიზატორი, საჭიროს გარკვეული მოვლენები ან მოვლენების სერია, რომელიც მათ მართლაც აიძულებს სხვა თვალით შეხედოს ამ მასობრივ პროპაგანდას, რომლის წნეხის ქვეშაც იმყოფება. ეს გარემოებები თუ შეიცვლება, რუსეთში ყველაფერი საკმაოდ სწრაფად შეიცვლება.“

ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ დასავლეთი რუსეთზე ზეწოლას გააგრძელებს. პუტინის რეიტინგის აწევისკენ მიმართული რუსული პროპაგანდისტული რიტორიკა, რომელიც გარეშე მტრის ხატის შექმნას და იარაღის შემუშავებაზე და წარმოებაზე ხარჯების ზრდას ეფუძნება, მხოლოდ ხელს შეუწყობს რუსული ეკონომიკის ახლანდელ სტაგნაციას.

„რა თქმა უნდა, მოსახლეობას ახლა მოსწონს - „ჩვენ პირველები ვართ, უფრო ძლიერი ვართ“. რაც შეეხება სხვა საკითხებს. ვთქვათ, მაგალითად იგივე სახსრები ჯანდაცვაზე, განათლებაზე და ა.შ. რომ დაიხარჯოს? პუტინმა ეს ქვეყანა ერთ-ერთ უდიდეს ეკონომიკად აქცია, მაგრამ ის სხვა ქვეყნებს მაინც ჩამორჩება. რა თქმა უნდა, ეს „მაგარი ბიჭის“ სახელი რაღაც დროის განმავლობაში იმუშავებს, მაგრამ ექვს წელიწადს ალბათ არ ეყოფა. ვფიქრობ, დასავლეთი ერთიანობას შეინარჩუნებს და რუსეთზე ზეწოლას გააგრძელებს. რუსეთი დონბასიდან წასვლას და სამხედრო დაპირისპირების დონის შემცირებას არ აპირებს. ეს სტრატეგია, საბოლოო ჯამში, პუტინისთვის არ იმუშავებს, მაგრამ მან ამის შესახებ ჯერ არ იცის,“ თქვა ვერშბოუმ.

დევიდ სატერი ამ მოსაზრებას დაეთანხმა და დაამატა, რომ "რუსეთის მთავრობის საქციელის გამო წნეხი გარდაუვლად გაძლიერდება. ისინი სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე ტერაქტებს აწყობენ. ეს გამუდმებით ხდება. ასევე,შეერთებულ შტატებში არსებული საზოგადოებრივი აზრია გასათვალისწინებელი. ზოგიერთი ფიქრობს რომ საჭიროა სანქციები თვითონ პუტინს დაუწესდეს.“

Facebook Forum

XS
SM
MD
LG