ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიპლომატები ლაშქარავას გარდაცვალებაზე- ნარკოტიკებით ზედოზირების ბრალდებას ავტოკრატიული მთავრობები იყენებენ


ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას და თბილისში 5-6 ივლისს მიმდინარე მოვლენებს, ამერიკის ყოფილი ელჩები საქართველოში, კენეტ იალოვიცი და უილიამ კორტნი ეხმიანებიან. ელჩებმა საქართველო 90-იან წლებში დატოვეს, თუმცა მას შემდეგ აქტიურად ადევნებენ თვალყურს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და არაერთი კვლევა, თუ ანგარიში აქვთ გამოქვეყნებული საქართველოში და კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე.

იალოვიცი და კორტნი თვლიან, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, მთავრობის პასუხი არ იყო რეალობასთან შესაბამისი. უილიამ კორტნი, რომელიც ახლა “რანდის კორპორაციის“ მკვლევარია, ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ნარკოტიკების ზედოზირების დასახელება ყალბ ბრალდებას უფრო ჰგავს. ამერიკელი დიპლომატისთვის, რომელიც წლების განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობდა, თბილისში მიმდინარე მოვლენები მოსკოვში განვითარებულ პროცესებს აგონებს. ის შიშობს, რომ საქართველოს მთავრობა ავტოკრატიული მთავრობების მსგავსად იქცევა.

„ავტოკრატიულ საზოგადოებებში, ხშირად იყენებენ ხოლმე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ყალბ ბრალდებას მათთან ოპოზიციაში მყოფი ადამიანების წინააღმდეგ. ერთი მაგალითი მოსკოვიდან მახსენდება, სადაც გამომძიებელ ჟურნალისტს, ივან გოლუნოვს ნარკოტიკების მოხმარების ბრალიწაუყენეს. მაშინ რამდენიმე გაზეთმა ჟურნალისტი დაიცვა და ის გაათავისუფლეს. ეს არ არის ქმედება, რომელსაც ჩვენ საქართველოსგან ველოდებით. დასავლეთი საქართველოს უყურებს, როგორც მზარდ დემოკრატიას, ასეთი საქციელი კი ავტოკრატიულ მთავრობებს ახასიათებთ“,- ამბობს კორტნი.

ზედოზირების გარდაცვალების მიზეზად დასახელება, არასერიოზულად მიაჩნია კენეტ იალოვიცსაც. ყოფილი ელჩისთვის ნათელია, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება 5 ივლისს, მის სასტიკად ცემასთანაა დაკავშირებული და არ უკვირს, რომ ადამიანს, ვისაც თავის მძიმე დაზიანება ჰქონდა მიღებული, შესაძლოა, სასიკვდილო ტრავმა ექიმთან ვიზიტის შემდეგ გაუჩნდა და შემოწმების მომენტში ის სულაც არ იყო შესამჩნევი.

„მე ექიმი არ ვარ, მაგრამ როდესაც ამ ბატონის ფოტოები ვნახე, ნათელი იყო, რომ ის ძალიან მძიმედ იყონაცემი. როდესაც ვინმე ისეა ნაცემი თავში, როგორც ეს ბატონი იყო, ყოველთვის არის შანსი, რომ ტვინშიგაჩნდეს სისხლდენა, ან რაიმე ტიპის ტვინის დაზიანება, რომელიც გასინჯვის დროს არ გამოჩნდა. როდესაც წამლის ზედოზირებაზე ვსაუბრობთ, თეორიულად შეიძლება ვთქვათ, რომ ეს შესაძლებელია, მაგრამ რა წამლების? ის საავადმყოფოში იყო, ექიმების გარდა სხვა ვინ მისცემდა მას წამალს?’’

ყოფილი ელჩები ამბობენ, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება, 53 ჟურნალისტზე თავდასხმა და ის ქმედებები, რაც ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს მთავრობისგან ვიხილეთ, ძალიან აზიანებს საქართველოს იმიჯს.

იალოვიცის თქმით დემოკრატიული მონაპოვარი, რომელიც საქართველოს ბოლო წლების განმავლობაში ჰქონდა, ნელ-ნელა ქრება და ამის მიზეზი არა მხოლოდ 5-6 ივლისის მოვლენები, არამედ ბოლო ერთი წლის განმავლობაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისია.

„ეს არ არის მხოლოდ ერთი ნაბიჯი, ეს არის მთელი სერია მოვლენებისა, სადაც დემოკრატია ნელ-ნელა სუსტდება, ნაწილ-ნაწილ. ძალიან შეშფოთებული ვარ იმით, რომ ყველა ის წარმატება, რომელსაც ვხედავდით ბოლო დროს საქართველოში, ასევე მცირდება ნელ-ნელა“,- ამბობს იალოვიცი.

მომხდარზე გარკვეულწილ პასუხისმგებლობას უილიამ კორტნი საქართველოს ეკლესიასაც აკისრებს: „დასავლეთში, რა თქმა უნდა, ძალიან გაწბილებული იყვნენ იმით, რომ ისე ჩანდა, თითქოს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ასევე, არატოლერანტული იყო ლგბტქ მშვიდობიანი აქტივობებისა“.

5 ივლისის მოვლენების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ საქართველოს მოსახლეობის 95% წინააღმდეგია ლგბტქ პრაიდისა, ამიტომ მან ორგანიზატორებს სხვა ადგილი შესთავაზა და სთხოვა, თბილისის ცენტრალურ მოედანზე არ შეკრებილიყვნენ.

უფლებამდამცველები ამბობენ, რომ პრემიერის განცხადება ჰომოფობიური იყო და ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლების, შეკრებისა და გამოხატვის უფლებას არღვევს. იგივეს ფიქრობენ ამერიკელი დიპლომატებიც. კენეტ იალოვიცი ამბობს, რომ ესმის, საქართველო მეტწილად კონსერვატიული, მართლმადიდებლური ქვეყანაა, სადაც ლგბტქ თემების წამოწევა ბევრს არ მოსწონს, ან არ ესმის, „თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ იმათ, ვინც ამ [ლგბტქ] უფლებებისთვის იბრძვიან თავს უნდა დაესხან, ცემონ, ან მოკლან“.

ამერიკელი დიპლომატები შიშობენ, რომ საქართველოს პრო-დასვალური გზა ისეთი ნათელი აღარ არის, როგორც ადრე და დროა საქართველოს მთავრობამ ევროატლანტიკურ ორიენტაციაზე საუბრის ნაცვლად, ქმედებებით აჩვენოს საქართველოს პარტნიორებს თავისი მკაფიო არჩევანი.

„ეს ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენს საქართველოს მისწრაფებაზე დასავლეთისა და ნატოსკენ. ნათელია, რომ ახლანდელი მთავრობა არალიბერალურ ამბიციებს ავლენს ზოგიერთ მნიშვნელოვან საკითხზე. ჩანს, რომ [საქართველოს მთავრობა] გარკვეულწილად, შორდება დასავლურ ორიენტაციას, თუმცა, რამდენადაა ის დაშორებული ამ გზას ჯერ უცნობია’,- ამბობს უილიამ კორტნი.

ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 13 ივლისს დაკრძალეს. 5 ივლისს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სასტიკად ნაცემი ოპერატორი ოპერაციიდან 5 დღის შემდეგ გარდაიცვალა, მას 20-მდე ადამიანი გაუსწორდა. 13 ივლისსვე, ლექსოზე ძალადობაში ერთ-ერთი ბრალდებულს, დავით კუტალაძეს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, პატიმრობა მიესაჯა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG