ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თამარის აქტივიზმი


თამარ მეარაყიშვილი, სამოქალაქო აქტივისტი ახალგორიდან

ახალგორელებს დანარჩენ სამყაროსთან წვდომა არ აქვთ. 4 სექტემბრის შემდგომ გადასასვლელი პუნქტი დაკეტილია. ამგვარ შეზღუდვას ერთი ადამიანის სიცოცხლე უკვე შეეწირა. მარგო მარტიაშვილი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას საჭიროებდა, ახალგორის გამშვებ პუნქტზე არ გამოატარეს, რადგან ის ჩაკეტილია. სასწრაფო დახმარების მანქანას ცხინვალი-ახალგორის ორსაათიანი გზის გავლა მოუხდა, თუმცა პაციენტს ვერც ცხინვალში დაეხმარნენ. ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი "ამერიკის ხმასთან" ამბობს, რომ მარგო მარტიაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა და არა გზაზე. საავადმყოფოში გარდაცვალების ფაქტი კი იმას მოწმობს, რომ ცხინვალში მკურნალობისთვის შესაბამისი პირობები არ არსებობს. ექიმები უძლურნი აღმოჩნდნენ პაციენტის საჭიროებების წინაშე, არადა მოხუცის გადარჩენა მარტივად მოხერხდებოდა, ის რომ თბილისისკენ პირდაპირ ახალგორიდან წაეყვანათ. აზრს მოკლებულ ბიუროკრატიას კიდევ ერთი სიცოცხლე შეეწირა.

„პატივცემულო ალექსანდრე, მოგმართავთ ადგილობრივი მოსახლეობის სახელით, როგორც ექიმს, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს და როგორც ადამიანს, 4 სექტემბრიდან ჩვენი რაიონის მოსახლეობას დაკეტილი გზის გამო ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და გაუუარესდა. ძირითადად, გულის, გულ-სისხლ-ძარღვთა და ნერვულ სისტემებთან დაკავშირებული პრობლემებია. კვირაში თითქმის ერთ ადამიანს ემართება ინსულტი ან ინფარქტი. გუშინ ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა (ინსულტი) ტრაგიკულად დასრულდა, რადგან ვერ აღმოუჩინეს სათანადო მკურნალობა ადგილზე. ცხინვალში ტრანსპორტირებამ კი ვფიქრობ, მდგომარეობა უფრო დაამძიმა. ადრე, ასეთი გადაუდებელი მდგომარეობისას დაუყოვნებლივ ხდებოდა გამშვები პუნქტის გახსნა და ხდებოდა ავადმყოფის ტრანსპორტირება თბილისის კლინიკებში... გთხოვთ, გვიშუამდგომლოთ მინისტრთან, პრეზიდენტთან“,- ამ მიმართვის ადრესატი დე-ფაქტო ადმინისტრაციის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეა. თამარ მეარაყიშვილი მას სოციალური ქსელით, ღია წერილით მიმართავს, თუმცა წერილს პასუხი არ ახლავს, შესაბამისად, კომიტეტის ხელმძღვანელის რეაგირების შესახება უცნობია.

რა შეიძლება მოიმოქმედოს ადამიანმა, რომელიც, პრაქტიკულად, შინაპატიმრობაშია? თამარ მეარაყიშვილის საბუთები კვლავ დაპატიმრებული აქვს დე-ფაქტო ადმინისტრაციას. თუმცა ამჟამად ახალგორში შინაპატიმარი მხოლოდ თამარი არაა, ფაქტობრივად, დაბის ყველა მაცხოვრებელს გადაადგილება შეზღუდული აქვს. გამშვები პუნქტები ორი თვის წინ სწავლის დაწყების მოტივით ჩაიკეტა. სწავლა დაიწყო, მაგრამ გადაადგილება კვლავ შეზღუდულია. თამარი კრიტიკულია საქართველოს ხელისუფლების მიმართაც. ის მიიჩნევს, რომ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო საკმარისად აქტიური არაა და უფლებაშეზღუდული მოქალაქეების პრობლემებზე სათანადო რეაგირებას არ ახდენს. მისი მწვავე პოსტები არა მხოლოდ დე-ფაქტო ადმინისტრაციის მისამართითაა, არამედ მინისტრ ციხელაშვილის მიმართაც.

„ვის მოუწოდებდით ცხელ ხაზზე დასარეკად? ახალგორელებს? რომელ სამინისტროში? რა წითელი ჯვარი? ზარი თქვენთან იმიტომ ხომ არა, ინფორმაციები მედიით რომ არ გავრცელდეს, რისი წინააღმდეგიც ყოველთვის ხართ? პირადად თქვენ გიკავშირდებოდნენ ახალგორიდან ჯანდაცვის წარმომადგენლები პრობლემების გადასაჭრელად, მაგრამ დარჩნენ იმედგაცრუებულები- ინტერესი თქვენგან იყო ნული. ავადმყოფები დახმარებისთვის- არც კი გამოეხმაურეთ, ყველაზე კარგი მაგალითი, რა შეგიძლიათ გააკეთოთ, ვარ მე. მაგრამ ერთხელ არ დაინტერესდით ჩემი მდგომარეობით ისე, რომ ჩემთან ან ჩემი იჯახის წევრებთან გეცადათ დაკავშირება“,- წერს თამარ მეარაყიშვილი. ჩვენთან საუბრისას კი ამატებს, რომ მისთვისაც უცნობია ტელეფონის ნომრები და არ იცის, სად უნდა დარეკოს, როდესაც გადაუდებელი დახმარებაა საჭირო. „მეც კი არ ვიცი ცხელი ხაზის ნომერი და არც წითლი ჯვრის“,- გვეუბნება თამარა.

ჩაკეტილი გზა და გადაადგილების შეზღუდვა ახალგორელებისთვის დიდი პრობლემაა. დაბაში, ძირითადად, მოხუცები დარჩნენ. ისინი, ვინც წეროვანის დევნილთა ჩასახლებაში ახალი ცხოვრების დაწყებაზე უარი თქვეს, თუმცა საქართველოს მოქალაქეობა არ უარუყვიათ. ასეთ კატეგორიას დე-ფაქტო ადმინისტრაცია სახლებს იძულებით ვერ ატოვებინებს, თუმცა სხვა მხრივ ცდას არ აკლებს ცხოვრება გაურთულოს. მაგალითად, ისინი ვერ ახერხებენ ქართული პენსიის აღებას, რადგან, ფაქტობრივ იზოლაციაში იმყოფებიან, შესაბამისად, პრობლემაა ადგილზე საკვების შეძენა: მათ ფული გამოელიათ. თამარი ამ ადამიანების გასაჭირზეც წერს.

დე-ფაქტო ადმინისტრაციის წარმომადგენლები მას მოუთითბენ, რომ მოსახლეობამ, დროა, ოსური პასპორტები აიღოს. ამით ისინი რუსული პენსიის აღებას შეძლებენ და შიმშილობის საფრთხესაც აირიდებენ თავიდან. თუმცა აქ კიდევ სხვა პრობლემა დგას: პასპორტები არ არის. ადამიანები, ვინც განაცხადი შეიტანეს ოსური პასპორტის მოთხოვნით (რადგან მათ, უბრალოდ, სხვა გზა არ აქვთ იმისთვის, რომ ფიზიკურად გადარჩნენ), რამდენიმე თვე უწევთ ლოდინი. პასპორტები კი არ ჩანს. ისევე როგორც არ ჩანს ქართული პენსია და არც რუსული. ამიტომაც, თამარის პოსტები ყველაზე მეტად მოწყენისა და გაბრაზებულის „ღიმილაკებს“ აგროვებს. ემოციების გამოსახატად სოციალური ქსელი დიდ არჩევანს არ იძლევა.

თავად თამარის საქმე, რომელშიც დე-ფაქტო ადმინისტრაციის წარმომადგენლები მმართველი პარტიის მიმართ ცილისწამებას ედავებიან, ამ ეტაპზე მოგებულია. ამასთან, ეს მოგების მეორე რაუნდია, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს, ვინც თამარის აქტივიზმისგან ჩამოცილებას ამგვარი ფორმებით ცდილობს, კიდევ ერთი შანსი აქვთ საქმე სასამართლოში გაასაჩივრონ. უსაბუთოდ, შიშველი ხელებით და ინტერნეტით, რომელიც საკმაოდ მჭრელია და თამარისთვის მნიშვნელოვან ფარსაც წარმოადგენს, სამოქალაქო აქტივისტი ბრძოლას აგრძელებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG