ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ატოცი, ჩორჩანა, წაღვლი, ყობი, გუგუტიანთკარი - რა იქნება შემდეგი?


ჩორჩანას ტყის მიმდებარე ტერიტორია
ჩორჩანას ტყის მიმდებარე ტერიტორია

ატოცი დღეს საქართველოს დანარჩენი მოქალაქეებისთვის დაკეტილი იყო. ჟურნალისტები, ისევე როგორც სამოქალაქო აქტივისტები სოფელში არ შეუშვეს. „ჩვენ იქ მივედით დილის ათ საათზე. გვითხრეს, ათ წუთში გავარკვევთ და გაგიშვებთო, მას შემდგომ, ათი წუთი, როგორც ჩანს, არ გავიდა, ან დრო გაჩერდა,“ - ამბობენ ატოცთან მყოფი აქტივისტები.

ჯგუფს, რომელმაც ატოცში სამოქალაქო პატრულირება იკისრა, ერთ-ერთმა ადგილობრივმა მოსახლემ საკუთარი სახლი უსასყიდლოდ დაუთმო. გასული წლის ნოემბერიდან „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლები სწორედ ამ სახლს აფარებენ თავს. დღის განმავლობაში ეგრეთ წოდებულ საოკუპაციო ხაზზე გადიან, ღამის გასათვად და მოსასვენებლად სოფლის შუაგულში მდებარე სახლში ბრუნდებიან. ეგრეთ წოდებული, ადმინისტრაციული საზღვარი ამ ადგილიდან, დაახლოებით, ოცი წუთით ფეხით სავალზეა.

„პოლიცია, ფაქტობრივად, სახლთან გვდარაჯობდა და იმ ადგილთან მიახლოვების საშუალება არ მოგვცა, სადაც მავთულხლართი გაავლეს სამი დღის წინ. შემდგომ, საქშაქეთის პოსტთან ჩამოვედით და შევეცადეთ პოლიციასთან კომუნიკაციის შედეგად გაგვერკვია გადაადგილების შეფერხების მიზეზები, თუმცა ეს პროცესი საღამოს 6 საათამდე გაიწელა. მას მერე ლოდინს აზრი აღარ ჰქონდა. ხვალიდან კვლავ გავაგრძელებთ სოფელში შესვლის მცდელობებს. პროგნოზირება იმის თაობაზე, თუ რა შედეგი გვექნება, მიჭირს. ჩემთვის საერთოდ გაურკვეველია, რის გამო გვიკრძალავს პოლიცია მისვლას მავთულხლართებთან. ხომ კარგად გვიცნობენ და იციან, რომ თითქმის მთელი წელია აქ ვპატრულირებთ და ჩვენი მხრიდან პროვოკაცია არაა მოსალოდნელი,“ - უთხრა "ამერიკის ხმას" „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელმა დავით ქაცარავამ

ირაკლი ანთაძე (შსს ანალიტიკური დეპარტამენტი) და ლაშა დარსალია (საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე) ჩორჩანაში
ირაკლი ანთაძე (შსს ანალიტიკური დეპარტამენტი) და ლაშა დარსალია (საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე) ჩორჩანაში

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში 3000 ადამიანი იქნა გატაცებული, 53 კილომეტრზე მავთულხლართი და ლითონის ღობეები გაივლო, ოკუპირებული ტერიტორია იზრდება და იზრდება, ამატებენ და ამატებენ... ამ დროს, ჩვენ ვხედავთ ხელისუფლებას, რომელიც არ გვაწვდის სრულყოფილ ინფორმაციას რეალურად რა ხდება იქ. 17 ოქტომბერს საგარეო საქმეთა მინისტრი ზალკალიანი გახლდათ პარლამენტში, მე როდესაც ვუჩვენებდი „ძალა ერთობაშიას“ დოკუმენტებს და ფოტოებს, ჯერ უარყო, შემდეგ დაადასტურა, ანუ აბსოლუტურად არასერიოზულად უპასუხა ამ საკითხს. რეალური, მწყობრი სტრატეგია, რას უპირისპირებს ხელისუფლება მცოცავ ოკუპაციას, არ არსებობს. მესმის, მთავრობაც რომ კარგი იყოს, არ გვაქვს ას პროცენტიანი გარანტია, რომ ამას გავაჩერებთ, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ხელისუფლება არც არაფერს აკეთებს ამის თაობაზე, არც საუბრობს და თან ღიზიანდება, როდესაც ამ საკითხს ეხებიან,“- გვეუბნება პარლამენტის წევრი ელენე ხოშტარია.

„გუშინ უსაფრთხეობის სამსახურის წარმომადგენელმა ისაუბრა ამ საკითხზე, სოფელ ყოფზე, რომელიც თქვენ ახსენეთ,“ - მიმართა ელენე ხოშტარიას დავით ზალკალიანმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა პარლამენტში მოსმენის დროს, - „ბუნებრივია, ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით ამ პროცესს, თუმცა, სუს-ის ინფორმაციით, რომელიც გუშინ გავრცელდა და მედიამაც ასახა სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან, არ დასტურდება (იგულისხმება რუსი მესაზღვრეების მიერ დამატებითი ტერიტორიების ოკუპაციის ქვეშ მოქცევა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყობთან,- ნ.დ.), მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ ეს არ გვაძლევს დამშვიდების საშუალებას და მუდმივი მონიტორინგის რეჟიმში ვართ.“

უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა, სწორედ იმ დროს, როდესაც ჩორჩანას, წაღვლისა და ყობის მიმართულებით რუსი მესაზღვრეების მიერ დამატებითი ტერიტორიების მიტაცების შესახებ ავრცელებდა ცნობებს „ძალა ერთობაშია“, ეს ფაქტი უარყო. „ყობში არაფერი არ ხდება“- განაცხადა მან.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი ჩორჩანაში
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი ჩორჩანაში

ყობი პატარა სოფელია ჩორჩანასა და წნელისს შორის ერთადერთი მცხოვრებით, გენადი ბოსიკოვით. სოფელთან ახლოს კი დოლომიტის საბადო მდებარეობს. ჯერ კიდევ სექტემბერში ევროკავშრის სადამკვირვებლო მისიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი სამხედროები გადაადგილდებიან და ბორდერიზაციას ახორციელებენ იმ ადგილებზე, რაც მანამდე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ სივრცეს წარმოადგენდა. ევროკავშირის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში სიტყვა-სიტვყით ნათქვამია: „სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების აქტორებმა, გასულ კვირას, მოაწყვეს რამდენიმე ახალი პოზიცია და დააყენეს ბორდერიზაციისთვის დამახასიათებელი ნიშნები მათ შორის „მწვანე ნიშნები“ და დროშები ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად მხარეს, აღნიშნული რაიონის ტრადიციული აღქმით. ზემოთხსენებული ნიშნები მდებარეობს ადმინსტრაციული სასაზღვრო ხაზიდან 1.3 კილომეტრის დაშორებით. ამავდროულად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენაერთებმა გააძლიერეს საკუთარი წარმომადგენლობა ჩორჩანის ტყის ტერიტორიაზე,“- სწორედ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ოქტობმერში.

ვითარება ჩორჩანასთან აგვისტოს ბოლოს იმის გამო დაიძაბა, რომ აქ ქართულმა პოლიციამ ახალი საგუშაგო გახსნა. შსს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა ირაკლი ანთაძემ მაშინაც და შემდგომაც არაერთხელ განაცხადა, რომ პოსტი იმ ტერიტორიაზე იყო განთავსებული, რომელიც საქართველოს მიერ გაკონტროლებულ სივრცეს წარმოადგენდა, თუმცა ამის თაობაზე განსხვავებულ პოზიციებს აფიქსირებდა და აფიქსირებს დღესაც სამხრეთ ოსური მხარე. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრეს-რელიზში ამის თაობაზე ნათქვამია: „20-24 აგვისტოს, შსს-ს სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის მიერ, სოფელ წნელისის განაპირას ახალი ქართული სათვალთვალო საგუშაგო მოეწყო. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონაცემებით, საგუშაგო მდებარეობს დაახლოვებით 240 მეტრის მოშორებით ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზიდან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, მითითებულ რაიონში არსებული ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ტრადიციული აღქმის მიხედვით.“

„ჩორჩანასთან ბორდერიზაციის სამუშაოებს რუსი ჯარისკაცები არ წყვეტენ. პროცესი გრძელდება. მათი ტექნიკა ორი დღის წინ გაჩერებული გახლდათ სოფელ ყობის მიჯნასთან, საიდანაც 490 მეტრია დარჩენილი დოლომიტის საბადომდე. სწორედ ეს გახლავთ ის სტრატეგიული ინტერესი, რაც ოსურ მხარეს ამოძრავებს. მათ არ სჭირდებათ სოფელი ყობი, თუმცა მაინც აითვისებენ და შეირგებენ ბონუსად, მაგრამ ძირითადი სამინიზნე, ეს დოლომიტის საბადოა. ამის თაობაზე მათ ღიად გააჟღერეს არაერთხელ. ამდენად, ერთია სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულება, რომელ მხარესაც რუსი მესაზღვრეები მუშაობენ და მეორე წაღვლი-ჩორჩანას ტყის ჩორჩანას მონაკვეთი, სადაც ხაზი, ჯერ-ჯერობით არაა შეკრული და არაა მიახლოვებული ძველ საოკუპაციო ხაზთან. ჩვენ ველოდებით, რას იზამს ოსური მხარე, რა მიმართულებით გააგრძელებს სამუშაოებს, რადგან შესაღობი კიდევ ბევრია“,- გვეუბნება დავით ქაცარავა.

სამოქალაქო აქტივისტები "ძალა ერთობაშია" ატოცში პატრულირებისას
სამოქალაქო აქტივისტები "ძალა ერთობაშია" ატოცში პატრულირებისას

გარდა იმისა, რომ საკმაოდ დაძაბულია ვითარება კონფლიქტის ზონაში რამდენიმე მიმართულებით, მდგომარეობას ადგილობრივებისთვის ისიც ართულებს, რომ დე-ფაქტო ადმინისტრაციას ჩაკეტილი აქვს გამშვები პუნქტები. სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი, რომელსაც გადაადგილების უფლება აქვს შეზღუდული დე-ფაქტო ადმინისტრაციის მიერ, სოციალურ ქსელში წერს: “თვენახევარია გზა დაკეტილია. ოფიციალურ განცხადებაში ასე წერია, რომ გადაუდებელი მდგომარეობა თუ შეიქმნა, გზა უნდა გაიხსნას. შაბათს საღამოს ჩვენთან იყო ხანძარი. პირველი სართული დაიწვა. სახლში მოხუცები იყვნენ. ორივემ მიიღო დამწვრობა, ქალმა უფრო მეტი. პროცენტულობა არ ვიცი, მაგრამ გარეგნულად ქალი ცუდად გამოიყურებოდა. ადგილობრივ საავადმყოფოს არ ძალუძს ასეთი ავადმყოფების დახმარება, ამიტომ ქალი ცხინვალში გადაიყვანეს. ცხინვალშიც ვერ დაეხმარნენ და ერგნეთიდან თბილისში გაუშვეს. ასე 80 კილომეტრზე ატარეს დამწვრობით შოკირებული მოხუცი რამდენიმე საათი, როცა შეიძლებოდა 10 წუთში ქართულ საგუშაგოსთან რეანომობილი დახვედროდა. აი, რაღაა ამაზე საგანგაშო მდგომარეობა? მაგრამ არ გვყავს ხელმძღვანელობა, რომელიც ხალხზე ფიქრობს და ზრუნავს და გინდ წერე, გინდ იკითხე. ამ ხალხისთვის არც საქართველოს მთავრობაა, ის თვენახევარია "გმირულად" ინარჩუნებს დუმილს დაკეტილი გზის შესახებ“.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან, ისევე როგორც ახლა უკვე ატოცში ჟურნალისტებს, ასევე სამოქალაქო აქტივისტებს პოლიცია არ უშვებს, „მათივე უსაფრთხოების დაცვის გამო“. დღემდე უპასუხოდაა დარჩენილი კითხვა იმის შესახებ, თუ რა მოტივით ხელმძღვანელობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, როდესაც ოკუპაციის ზოლთან მიახლოვებასა და ბორდერიზაციის პროცესის დაფიქსირების შესაძლებლობას უზღუდავს ჟურნალისტებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG