ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“ამ ომს გაცილებით სასტიკი ფორმა ექნება,“- სალივანი


თეთრი სახლის უსაფრთხოების მრჩეველი ტელეკომპანია NBC-ისთან საუბრის დროს ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, „სასტიკი“ ბრძოლები გაიმართება. განცხადება ჯეიკ სალივანმა ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში ცოტა ხნის წინ გააკეთა.

„ჩვენ გვჯერა, რომ ნებისმიერი ასეთი მასშტაბის სამხედრო ოპერაცია, რასაც რუსები გეგმავენ, იქნება უკიდურესად ძალადობრივი. ამას შეეწირება უკრაინელების და რუსების სიცოცხლე, როგორც სამოქალაქო პირების, ისე სამხედრო პერსონალის სიცოცხლეები. ჩვენი დაზვერვა ვარაუდობს, რომ სისასტიკის მასშტაბი გაცილებით დიდი იქნება, ვიდრე ჩვეულებრივი ომი ორ არმიას შორის. ეს იქნება ომი, რომელსაც რუსეთი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ წამოიწყებს,“- თქვა სალივანმა.

ტელეკომპანია NBC-ის პირდაპირ ერთერში სალივნმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამერიკა მოკავშირეებთან ერთად, ცდილობს რუსეთთან დიპლომატიური პროცესი გააგრძელოს, თუმცა დასავლეთი მზად არის საპასუხო ნაბიჯებისთვისაც, თუკი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება.

"რუსული ძალების განლაგება აჩვენებს, რომ ისინი ემზადებიან უკრაინაზე დიდი შეტევისთვის. ასე რომ, ჩვენ არ ვხურავთ დიპლომატიის კარს, ჩვენ დამატებით ნაბიჯებს ვდგამთ ამ კუთხით, მაგრამ ჩვენ ასევე მზად ვართ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად გადამწყვეტად ვუპასუხოთ მოსკოვს, თუ რუსეთი უკრაინას თავს დაესხმება,“ - თქვა თეთრი სახლის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში.

ტელეკომპანია NBC-ისთან საუბრის დროს სალივანმა რუსეთი ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმის შემთხვევაში მოსალოდნელი საპასუხო ზომების შესახებაც გაფრთხილა და თქვა, რომ ამერიკა ასეთ შემთხვევაში მზად არის მთელი თავისი ძალა გამოიყენოს.

„და თუ რუსეთი გადაწყვეტს ნატოს რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ წავიდეს, უფრო დასავლეთით ნატოს ტერიტორიაზე შესვლას, მას ამერიკის და მოკავშირეების მთელი ძალა დახვდება,“- თქვა სალივანმა.

რუსეთს ამ დროისთვის უკრაინის საზღვარზე 190 000-ზე მეტი სამხედრო ჰყავს მობილიზებული, თუმცა კრემლი ირწმუნება, რომ უკრაინაში შეჭრას არ გეგმავს.

24 თებერვალს ამერიკასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება. ერთმანეთს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეხვდებიან.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG