ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი მზადაა ესაუბროს პუტინს იმ შემთხვევაში, თუ ის უკრაინაში არ შეიჭრება


ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თანხმობა განაცხადა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე, მხოლოდ იმ პირობით, რომ რუსეთი არ შეიჭრება უკრაინაში. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.

თეთრი სახლის პრესსპიკერი, ჯენ საკი ამბობს, რომ პრეზიდენტების შეხვედრამდე, ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი შეხვდებიან ერთმანეთს. შეხვედრა ევროპაშია დაგეგმილი.

დიპლომატიური გზებით საკითხის მოგვარების მცდელობის პარალელურად, ამერიკა კვლავ აფრთხილებს მსოფლიოს, რომ დიდია ალბათობა რუსეთის უკრაინაში შეჭრისა. ამავდროულად, ამერიკა და მისი დასავლელი მოკავშირეები ხაზს უსვამენ, რომ ასეთი სცენარის გათამაშების შემთხვევაში, რუსეთს მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური საფასურის გადახდა მოუწევს.

"ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დიპლომატიისთვის",- თქვა კვირას საკიმ. "ჩვენ ასევე მზად ვართ დავაკისროთ სწრაფი და მძიმე შედეგები რუსეთს, თუ ის ომს აირჩევს. ამ მომენტში, როგორც ჩანს, რუსეთი, უკრაინის წინააღმდეგ, სრულმასშტაბიანი ომისთვის ემზადება",- უთხრა საკიმ ჟურნალისტებს.

ბაიდენ-პუტინის სამომავლო, სავარაუდო შეხვედრაზე კომენტარები კეთდება კრემლშიც. კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტის შეხვედრის კონკრეტული გეგმა ჯერ არ არსებობს და ასეთი შეხვედრა "შესაძლებელი იქნება, თუ ლიდერები ამას საჭიროდ ჩათვლიან".

დიპლომატიის გზით რუსეთის აგრესიის შეჩერებას ცდილობს საფრანგეთიც. კვირას ჯერ მასსა და უკრაინის პრეზიდენტს, შემდეგ კი მაკრონსა და პუტინს შორის შედგა სატელეფონო საუბარი.

საფრანგეთის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა უკრაინის კრიზისის დიპლომატიური გზებით გადაჭრის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

დიპლომატიური გზებით სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა სურს უკრაინასაც. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ "ყველა ნაბიჯი, რომელიც დიპლომატიისკენაა მიმართული, ღირს ცდად".

დიპლომატიის მომხრეა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც. "ჩვენ მხარს ვუჭერთ გაძლიერებულ სამშვიდობო მოლაპარაკებებს",- დაწერა მან კვირას თავის "ტვიტერის" გვერდზე.

ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ უკრაინა მხარს უჭერს სამმხრივ სამშვიდობო მოლაპარაკებებს, რომელშიც უკრაინა, რუსეთი და ეუთო არიან ჩართული.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG