ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„მე შიდსი მაქვს. შეიძლება ჩაგეხუტო?“


ქართველი ახალგაზრდები შიდსთან დაკავშირებული სტიგმის წინააღმდეგ

ინტრავენული ნარკომანების ხარჯზე, საქართველოში აივ დადებითი პაციენტების რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:54 0:00
ბმული

2013 წლის თერთმეტ თვეში, საქართველოში აივ ინფიცირების 443 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ანტირეტროვირუსულ მკურნალობაზეა - 1721 პაციენტი, აქედან 41 ბავშვია.

1989 წლიდან, როცა საქართველოში შიდსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, 2013 წლის 1 დეკემბრამდე, სულ 4084 აივ-ინფიცირების შემთხვევაა რეგისტრირებული. აქედან - 3000 მამაკაცია, 1084 კი ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა. საბოლოო ჯამში, შიდსი 2477 პაციენტს განუვითარდა, 885 - გარდაიცვალა.

საქართველოში აივ ინფექციის გადაცემის გზებს შორის კვლავ ლიდერობს - ინექციური ნარკომანია (51%), შემდეგ მოდის: ჰეტერო (40%) და ჰომოსექსუალური (5%) კონტაქტი. ვერტიკალური გზა ანუ დედიდან ბავშვზე (2%) და სისხლის გადასხმა (0,5%).

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველო აივ ინფიცირებულთა და შიდსით დაავადებულთა რიცხვით, დაბალი გავრცელების ქვეყნების რიცხვს მიეკუთნება. თუმცა, სპეციალისტების თქმით, აივ ინფიცირებულთა რიცხვი საქართველოში გაცილებით მეტია და უკვე 6600-ს უტოლდება.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს:

„თუ ქვეყანას უნდა შეაჩეროს შიდსის ეპიდემია, საქართველოში 2015 წლისთვის გამოკვლეული უნდა იყოს, მაღალი რისკის ჯგუფების, პირველ რიგში ინექციური ნარკომანების სულ ცოტა 90 პროცენტი.

ყველაზე სერიოზული პრობლემა, დღემდე გადაუჭრელი, ყველაზე სუსტი რგოლი ეროვნულ საპასუხო ღონისძიებებში, ეს არის მაღალი რისკის ჯგუფების, პოპულაციების არასაკმარისი, ძალიან დაბალი მოცვა შიდსზე გამოკვლევაზე.“

საქართველოში აივ-ინფიცირებულთა ყველაზე დიდი ჯგუფი თბილისში ცხოვრობს. შემდეგ მოდიან - სამეგრელო, იმერეთი, აჭარა, ქართლი, აფხაზეთი და კახეთი. ქვეყნის ტერიტორიაზე ასევე იმყოფება 100-მდე უცხოეთის მოქალაქე, რომელიც აივ ვირუსის მატარებელია.

2003 წლიდან ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები აივ-ინფიცირებულები რეგულარულად გადმოდიან თბილისში სამკურნალოდ. 2013 წელს კი იგივე ტენდენცია აღინიშნა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდანაც.

მეორეს მხრივ, საქართველოსთვის უცხო არ არის ისეთი გლობალური მოვლენა, როგორიც არის სტიგმა და დისკრიმინაცია, როგორც აივ-პოზიტიური ადამიანების, ისე შიდსით დაავადებულების მიმართ.

განსაკუთრებით სერიოზული პრობლემები ექნებათ, აივ-პოზიტიურ პაციენტებს სტომატოლოგებთან და ქირურგებთან ურთიერთობის დროს. დაავადებულებზე ძალადობს პოლიციაც. ამ და სხვა პრობლემების გამო ინფიცირებული იძულებულია დამალოს რომ დაავადებულია, სოციალური დამღის, სტიგმის აცილების მიზნით არ მივიდეს ექიმთან, არ იმკურნალოს.

დისკრიმინაციისა და ძალადობის შემთხვევებს ადგილი 2013 წელსაც ჰქონდა. 16 ნოემბერს თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში, პაციენტს უარი უთხრეს სამედიცინო დახმარების გაწევაზე, მხოლოდ იმიტომ რომ იგი აივ-ინფიცირებული იყო. პაციენტის სამედიცინო ხარჯების ანაზღაურებაზე უარი განაცხადა სადაზღვევო კომპანიანაც.

29 ივლისს, საქართველო-თურქეთის საზღვარზე, სარფში, პოლიციამ დააკავა აივ-პოზიტიური ქალბატონი. ჩამოართვა წამლები, გააშიშვლა, იძულებით ჩაუტარა გინეოკოლოგიური და პროქტოლოგიური გასინჯვა. პოლიცია ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობით ცდილობდა მიეღო ქალბატონისგან აღიარებით ჩვენება რომ იგი ნარკომანია. ქალბატონი ორი დღის მანძილზე იყო დაკავებული და მხოლოდ მკურნალი ექიმის ჩარევის შემდეგ, უკვე თბილისში გაანთავისუფლეს.

პარადოქსია, მაგრამ რამდენიმე წლის წინ, საპატრიარქოს ბავშვთა თავშესაფარმაც უარი თქმა მიეღო კომერციულ სექს ინდუსტრიაში ჩაბმული ქალბატონების შვილები, რომლებიც აივ-ვირუსით იყვნენ დასნებოვნებული.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ზურაბ სიხარულიძე, რომელიც იმავდროულად გლობალური ფონდის პროექტის „აივ/შიდსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება ნარკოტიკების ინტრავენულ მომხმარებლებში“ პროგრამის კოორდინატორია, ამბობს, რომ ქართულ საზოგადოებაში არსებული სტიგმა აუცილებლად დასაძლევია, რადგან აივ პოზიტიური ადამიანების რიცხვი განუხრელად იზრდება და ამას მომზადებული უნდა შეხვდეს, როგორც სახელმწიფო, ისე საზოგადოება.

„საქართველოში ამჟამად 46 000 პრობლემური ნარკომანია, რომელიც ინექციური გზით მოიხმარს ნარკოტიკს. შესაბამისად, ეს არის ძალიან მაღალი რისკი აივ-ინფექციის გავრცელების.

ქართველ ნარკომანებში ბოლო წლებში, ასე პოპულარული დეზომორფინის ანუ ე.წ „ნიანგის“ გავრცელებამ, საკმაოდ მაღალი ალბათობით, შესაძლებელია გამოიწვიოს აივ-ინფექციის ზრდა და ამისთვის აუცილებელია სახელმწიფოს სპეციალური ღონისძიებები და საზოგადოების მზაობაც.“

დღემდე, როგორც განვითარებად მსოფლიოში, ისე საქართველოშიც აივ პოზიტიური მოქალაქეების და შიდსით დაავადებულთა მედიკამენტოზური მკურნალობა შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, 2002 წელს დაარსებული გლობალური ფონდის დაფინანსებით ხდება.

ქართული სახელმწიფო მხოლოდ დაავადების პროფილაქტიკის ან მკურნალობასთან დაკავშირებულ სერვისის დანახარჯს ფარავს. თუმცა, გლობალური ფონდის დაფინანსებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, 2016 წლიდან, მედიკამენტოზური მკურნალობაც საქართველოს ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

მსოფლიოში შიდსის პირველი შემთხვევა კლინიკურად 1981 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში აღწერეს. საქართველოს ტერიტორიაზე შიდსით დაავადების პირველი შემთხვევა კი 1989 წელს, აფხაზეთში აღინიშნა.

პირველი დაავადებული 25 წლის სოხუმელი ქალბატონი იყო, ეთნიკური რუსი, რომელიც ცოლად ტანზანიის მოქალაქეს გაჰყვა. მისი მეუღლე 1987 წელს, სავარაუდოდ სწორედ შიდსით დაიღუპა. ქალბატონი კი 1989 წელს, სოხუმში, თბილისიდან ჩასული ექიმების გამოკვლევის შემდეგ, სამ თვეში გარდაიცვალა.

საქართველოში აივ/შიდსის გავრცელების დინამიკა (1981-2013)

1981-1991 – 5
1991-2001 – 269
2001-2011 – 2835
2012 – 526
2013 - 443 (ნოემბრის ჩათვლით)

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG