ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში პირადობის მოწმობების ელექტრონულ ცენტრს თავს დაესხნენ


ავღანეთის ნანგარარის პროვინციაში, ჯალალაბადში პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ელექტრონულ ცენტრზე თავდასხმა მოხდა. ცენტრის ჭიშკართან მომხდარმა აფეთქებამ რამდენიმე თავდამსხმელს შენობაში შესასვლელად გზა გაუხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ გუბერნატორის პრესსპიკერი ადასტურებს.

შეიარაღებული ძალების სპეციალურმა დანაყოფებმა მალევე შენობას ალყა შემოარტყეს, თუმცა ბრძოლა გრძელდება. ამ დრომდე ცენტრის, დაახლოებით, 12 თანამშრომელია შენობიდან გამოყვანილი.

ცენტრის ერთ-ერთმა თანამშრომელმა "ამერიკის ხმას" უთხრა, რომ ის თავდაპირველი აფეთქებისას რამდენიმე სხვა კოლეგასთან ერთად დაიჭრა. მისი თქმით, ამ აფეთქებისას დაახლოებით 10-მდე ადამიანი დაშავდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

თავდასხმები მოხდა გუშინაც, მათ შორის ერთ-ერთი პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის ღონისძიებაზე. ამ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო და განაცხადა, რომ მსგავსი თავდასხმები გაგრძელდება არჩევნებთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე.

ავღანეთის მოქალაქეებმა 28 სექტემბერს ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიონ. დაჯგუფება თალიბანთან მოლაპარაკებები ამ თვის დასაწყისში შეწყდა, ძალადობრივი ინციდენტები კი გახშირდა. მოლაპარაკებები პრეზიდენტმა ტრამპმა მას შემდეგ შეაჩერა, რაც თალიბანის ერთ-ერთ თავდასხმას ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გასულ უქმეებზე, კვირას, თავდასხმა მოხდა ქვეყნის ელექტროსისტემაზეც, რის შედეგადაც ქაბულს და ქვეყნის 10-მდე ქალაქს ელექტრომომარაგების პრობლემა შეექმნა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG