ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უმუშევრობის პრობლემა საქართველოში


თბილისში მიმდინარე გამოსვლების პერიოდში, ჩვენი კორესპონდენტი პიტერ ფედინსკი საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარეს ქალბატონ ელენე თევდორაძეს ესაუბრა. ქალბატონმა ელენემ გაოცება გამოხატა იმის გამო, რომ დემონსტრაციის მონაწილეები საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას მოითხოვდნენ და ქვეყანაში უმუშევრობასთან დაკავშირებით კი ხმას არ იღებდნენ. ყოველდღიურად დროებითი სამუშაოს მაძიებლები თავს იყრიან თბილისის სხვადასხვა ადგილებში. ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში აცხადებს, რომ თბილისში უმუშევრობის მაჩვენებელი ოცდაცხრა პროცენტს აღწევს. საქართველოს მთავრობა კი აცხადებს, რომ უმუშევრობის ზოგადეროვნული მაჩვენებელი ჩვიდმეტ პროცენტს აღწევს. თუმცა სკეპტიკოსები თვლიან, რომ სინამდვილეში უმუშევრობის მაჩვენებელი უფრო მაღალია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, არარენტაბელური საწარმოების და ბიუროკრატიული სისტემის შემცირების გამო, საქართველოში ათი ათასობით ადამიანმა დაკარგა სამსახური. რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური ემბარგოს შემოღებამ ქართული ექსპორტის, ძირითადად ღვინისა და სხვა სოფლის მეურნეობის ნაწარმის ნაკადი საგრძნობლად შეამცირა. არასტაბილური საგარეო და საშინაო პოლიტიკური ფონის არსებობის გამო უცხოური კომპანიები საქართველოში ინვესტირებას თავს არიდებენ: საქართველოს სოციალური სუბსიდირების სააგენტოს დირექტორი სანდრო ურუშაძე ამბობს, რომ იმ შემთღხვევაშიც კი, როდესაც სამუშაო ადგილები არსებობს რთულდება კვალიფიცირებული მუშახელის პოვნა: „ორგანიზაციები ახალი მუშახელის აყვანას ცდილობენ. მაგრამ ხალხის კვალიფიკაციის საკითხი ძალზე რთულად დგას. ორგანიზაციების მოთხოვნილება და მოსურნეთა კვალიფიკაცია ერთმანეთს არ ემთხვევა”. ამბობს იგი. „ჩვენთან მრავალი დემოკრატიული თუ არადემოკრატიული არჩევნები ჩატარდა. მაგრამ საქმე ადგილიდან არ იძვრის. მე ვიცი, რომ გამოსავლის პოვნა აუცილებელია. პესიმიზმის დრო აღარ გვაქვს. არ უნდა გავბრაზდეთ და რაიმე სისულელე არ უნდა მოვიმოქმედოთ. სიტუაცია თავად გვაჩვენებს თუ რა იქნება გასაკეთებელი”. ამბობს ყოფილი ტელეოპერატორი მალხაზ ჩუტკერაშვილი. მრავალი ქართველს უმუშევრობა საკმაოდ პირადულ საკითხად მიაჩნია და ამ თემაზე სახალხოდ საუბარი არ სურს: „მეთვრამეტე საუკუნის ინგლისელ-ირლანდიელი მოაზროვნე ოლივერ გოლდსმიტი ამბობდა, რომ ნებისმიერი პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია, რომ ამ პრობლემაზე ხმამაღალი საუბარი წამოიწყონ. მე ვიტყოდი, რომ ეს საკითხისადმი ევროპული მიდგომაა. რუსები სხვაგვარად იქცევიან. ისინი თვლიან, რომ „ჭუჭყიანი საცვალი სახალხოდ არ უნდა გაირეცხოს”. ამბობს თბილისის ევროპული ინტეგრაციის ფორუმის თავმჯდომარე სოსო ცისკარიშვილი. მისი აზრით საკითხისადმი ქართული მიდგომა სწორედ, რომ რუსულს უფრო უახლოვდება ვიდრე ევროპულს. ცისკარიშვილის თქმით, ქართველები ქუჩაში მხოლოდ მაშინ გამოდიან, როდესაც საქმე მათი ღირსების შელახვას ეხება, ისე როგორც მაგალითად საბჭოთა პერიოდში, როდესაც ხალხი ქართული ენის დასაცავად გამოვიდა ქუჩებში. სწორედ ამიტომაც ანტისამთავრობო დემონსტრაციების მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ისინი მხოლოდ სამართლიანი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. ამ დროს კი უმუშევრებს უმნიშვნელო დახმარებისა და შემთხვევითი სამუშაოს გამოძებნის ხარჯზე უწევთ სულდგმულობა.

XS
SM
MD
LG