ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ქართველი ხალხის დამსახურება" - ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი სტატუსის შესახებ რეკომენდაციაზე


ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, თუმცა გარკვეული დათქმებით, რომლებიც საქართველოს ხელუსიფლების მხრიდან კონკრეტული რეფორმებისა და ძალისხმევის გაძლიერებას გულისხმობს.

ევროკომისიის გადაწყვეტილებას აფასებენ ქართული ოპოზიციური პარტიების ლიდერები და საქმოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

„ქართველმა ხალხმა პირველი რაუნდი მოუგო რუსულ ოცნებას, რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს“, - ასე გამოეხმაურა ერვოკომისიის გადაწყვეტილებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე.

„მიუხედავად მათი საბოტაჟისა, ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ და ევროპის სურვილმა, რომ საქართველო არ გახდეს რუსეთის გუბერნია, პირველ რაუნდში გაიმარჯვა“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

„საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენაა და ყველა ქართველს მისალოცად აქვს საქმე“, - ასე ეხმაურება ევროკომისიის გადაწყვეტილებას, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

„სტატუსი, პირველ რიგში, ქართველი და უკრაინელი ხალხების დიდი დამსახურებაა", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ "ფეისბუქ" გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

"ჩვენი ისტორიული მისწრაფების გამო იმიტომ, რომ აიძულა შარშან ხელისუფლებას, შეეტანა სტატუსზე განაცხადი და იმიტომ, რომ 2013 წლამდე საქართველო ჩვენს დიდ რეგიონში ევროპის იდეის პიონერი და ლიდერი იყო“, - თქვა ყოფილმა პრეზიდენტმა.

„ჩვენი მთავარი ბრძოლა არის წინ - ოლიგარქის ხელისუფლების მოშორება და ეს ჩვენი გასაკეთებელია. სწორედ ამ ხელისუფლების მოშორება გაგვიხსნის გზას ევროკავშირის წევრობისკენ”, - წერს სააკაშვილი.

„ევროკავშირმა რუსეთთან პირისპირ არ დაგვტოვა!“ - ასე აფაებს საქართველოსთვის ერვოკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე დადებით გადაწყვეტილებას „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე.

"წელიწადნახევრის განმავლობაში „ქართული ოცნება“ ხელის შეშლის მეტს არაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო, მაგრამ დღეს მათ წააგეს ქართველ ხალხთან პირველ რიგში და დიახაც, გაიმარჯვა ჩვენმა ევროპულმა სულისკვეთებამ, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ძალიან ბევრი რეფორმაა გასაკეთებელი და დღეს ამ განცხადებით ხაზგასმული იყო ოპოზიციის პოზიტიური როლი, სამოქალაქო სექტორის როლი და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის როლი“, - განაცხადა ვაშაძემ.

„მადლობა ქართველ ხალხს, ეს მათი გამარჯვების დღეა“, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია. „ერთად ჩვენ მივიყვანთ საქართველოს მშვიდობიან და უსაფრთხო ევროპაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

„ვულოცავთ ქართველ ხალხს და ვუსამძიმრებთ "ქართულ ოცნებას“, - ასე ეხმაურება "ფეისბუქ" გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ევროკომისიის მიერ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ამჟამინდელი პრორუსული ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა ამ პროცესის ჩასაშლელად, ქართველი ხალხისა და თითოეული ჩვენგანის ძალისხმევამ თავისი შედეგი გამოიღო“, - ნათქვამია განცხადებაში.

სამოქალაქო საზოგადოების გამოხმაურება

„საერთო ეროვნული მიზანი - გავხდეთ ევროკავშირის წევრი - ყოველგვარ პოლიტიკურ თუ სხვა განსხვავებებზე მაღლა დგას", - ეს არის განცხადება, რაც ევროკომისიის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა გააკეთეს.

„ჩვენს ევროპელ მეგობრებს ყოველთვის ესმოდათ ქართველი ხალხის ხმა, ჩვენი სურვილი და მისწრაფება, ვიყოთ ევროპული ოჯახის ნაწილი. ევროკომისიამ მხედველობაში მიიღო ჩვენი ურყევი, საერთო ბრძოლა ევროპული მომავლისთვის და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების რეკომენდაცია გასცა“ - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ძეგლთან გააკეთეს.

„ევროკომისიის პრეზიდენტმა დღეს განაცხადა, „ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ევროპულ მისწრაფებას. ეს მისწრაფება ხელისუფლებამ მეტად უნდა გაითვალისწინოს. ხელისუფლებამ უნდა გააღრმაოს თანამშრომლობა ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, და ფოკუსირდეს 12 რეკომენდაციაზე“, - აცხადებენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

ევროკომისიის გადაწყვეტილება

8 ნოემბერს, თბილისის დროით 15 საათზე, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა გამოაცხადა, რომ ევროკომისია გასცემს რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. თუმცა ევროკომისია ამ გადაწყვეტილებას იღებს დათქმით, რომ ქვეყანა ცხრა მიმართულებით გადადგამს ნაბიჯებს.

ევროკომისიის მიერ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო - 27 წევრი ქვეყანა - დეკემბერში მიიღებს. ამ რეკომენდაციას ევროკავშირის წევრმა 27-ვე ქვეყანამ უნდა დაუჭიროს მხარი.

„ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის გულწრფელ სურვილს, გაწევრიანდეს ევროკავშირში. ევროკავშირისადმი ეს მისწრაფებები უკეთ უნდა აირეკლოს ხელისუფლებამ“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლეიენმა პრესკონფერენციაზე.

გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გაიცა უკრაინისა და მოლდოვის თაობაზე - რაც კანდიდატის სტატუსის მიღების მომდევნო ნაბიჯია ევროკავშირში გაწევრიანებამდე. უკრაინას ამ მიმართულებით ოთხი პირობა წაუყენეს, მოლდოვას კი - სამი.

XS
SM
MD
LG