ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს ეკონომიკა, როგორც უკრაინის ომისა და რუსეთის ირიბი ბენეფიციარი


საქართველოს ეკონომიკის ოკუპანტ რუსეთზე დამოკიდებულება განუხრელად იზრდება, გრაფიკა - "საერთაშორისო გამვირვალობა"
საქართველოს ეკონომიკის ოკუპანტ რუსეთზე დამოკიდებულება განუხრელად იზრდება, გრაფიკა - "საერთაშორისო გამვირვალობა"

საქართველოს ეკონომიკა 2023 წლის პირველი რვა თვის მაჩვენებლით, სტატისტიკის სამსახურის, წინასწარი შეფასებით, საშუალოდ 7%-ით გაიზარდა. მთავრობა იმედოვნებს, რომ ეკონომიკის ორნიშნა ზრდის დინამიკა, წელსაც შენარჩუნდება.

2021 წელს, ქვეყნის ეკონომიკის ზრდამ - 10.5%, ხოლო 2022 წელს - 10.1% შეადგინა. ეკონომისტების შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ ზრდა შთამბეჭდავია, რუსეთზე საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულების განუხრელი ზრდის გამო, ძალიან დიდ რისკებს შეიცავს.

ზრდა ნამდვილად შთამბეჭდავია. ამ ზრდის ძირითადი მიზეზია ის, რომ საქართველოს ეკონომიკა უკრაინის კრიზისის ირიბი ბენეფიციარია. ამიტომ ეს ზრდა, არ არის ბოლომდე ჯანსაღი. ეს არის დამოკიდებულების ზრდა რუსულ ეკონომიკაზე. ზრდის უკან მდგომი ფაქტორები სერიოზული რისკის მატარებელია. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ამ ეკონომიკური ზრდის მდგრადობა“
გიორგი ხიშტოვანი, „პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფის" (PMCG) კვლევითი ცენტრის დირექტორი

„უნდა ვაღიაროთ, რომ ზრდა ნამდვილად შთამბეჭდავია. ამ ზრდის ძირითადი მიზეზია ის, რომ საქართველოს ეკონომიკა უკრაინის კრიზისის ირიბი ბენეფიციარია“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ „პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფის (PMCG) კვლევითი ცენტრის დირექტორმა გიორგი ხიშტოვანმა.

„თუ ვსაუბრობთ, რამდენად ჯანსაღია საქართველოში ეკონომიკური ზრდა, არ არის ბოლომდე ჯანსაღი. ეს არის დამოკიდებულების ზრდა რუსულ ეკონომიკაზე. ზრდა არის ნამდვილი და ზრდის უკან მდგომი ფაქტორები, თითქმის ყველა, შემიძლია ვთქვა რომ არის სერიოზული რისკის მატარებელი. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ამ ეკონომიკური ზრდის მდგრადობა“ - მიაჩნია ხიშტოვანს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ (TI) კვლევის მიხედვით, 2023 წლის პირველ ნახევარში, მთავრობამ ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულება კიდევ უფრო გაზარდა. ანუ, გაიზარდა დამოკიდებულება იმ ქვეყანაზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე მეტი ოკუპირებული აქვს. "აფხაზეთის" და "ცხინვალის რეგიონის" "აღიარების" გამო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლიდან გაწყვეტილია.

TI-ის კვლევის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით 2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის მაჩვენებლზე 1.6-ჯერ მეტია.

2023 წლის პირველ ნახევარში, რუსეთიდან მიღებული შემოსავალი საქართველოს მთლიანი შიგა პროდუქტის (მშპ) 14.2% იყო, მაშინ როცა 2022 წელს, ეს მაჩვენებელი 11.7% შეადგენდა.

საქართველოს ექსპორტი რუსეთში 2023 წლის 7 თვეში - 34% გაიზარდა, ზრდა ძირითადად, უცხოური ავტომობილების რეექსპორტის ზრდის ხარჯზე მოხდა; რუსეთიდან იმპორტი - 31% გაიზარდა, რაც ბოლო 16 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

„2022 წლის და წლევანდელი ეკონომიკური ზრდა, სამწუხაროდ, განპირობებულია, ჩვენი ხელის მოთბობით, რუსეთ-უკრაინის ომზე, უფრო სწორედ რუსეთის ბარბაროსულ ქმედებებზე უკრაინაში“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანმა გიგა ბედინეიშვილმა.

ეს ზრდა, სამწუხაროდ, განპირობებულია, ჩვენი ხელის მოთბობით, რუსეთ-უკრაინის ომზე. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ ყველაფრით დავეხმაროთ უკრაინას რომ დაამარცხოს რუსეთი, ეს მიზანი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს ჩვენთვის, ვიდრე მოკლევადიანი ეკონომიკური ზრდა
გიგა ბედინეიშვილი, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანი

მისი თქმით, „სუფთა გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ ყველაფრით დავეხმაროთ უკრაინას, რომ დაამარცხოს რუსეთი და ეს მიზანი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს ჩვენთვის, ვიდრე მოკლევადიანი ეკონომიკური ზრდა.

ასევე ისმის, ლოგიკური კითხვა, მომავალში რის ხარჯზე ვაპირებთ ეკონომიკურ ზრდას? როცა მეტი რუსი აღარ შემოვა და რუსეთი უმძიმეს კრიზისში აღმოჩნდება? ახლა ხომ მარტო რუსების და რუსული ფულის შემოდინებაა ჩვენი ზრდის მთავარი ინდიკატორი? მერე რას ვშვებით?“ - კითხულობს ბედინეიშვილი.

2023 წლის პირველ ნახევარში, რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტმა 41% მოიმატა. რუსეთის ბაზარს ღვინის ექსპორტში ახლა 65% უჭირავს, ბოლოს რუსეთის ბაზარზე ასეთი მაღალი დამოკიდებულება ქართულ ღვინოს 2005 წელს, რუსეთის მიერ ღვინის ემბარგოს დაწესებამდე ერთი წლით ადრე ჰქონდა.

მიმდინარე წლის 6 თვეში, რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტი 75% გაიზარდა, გაზის იმპორტი - 119%, ფულადი გზავნილები 50% და 1.1 მლრდ დოლარი შეადგინა;

პირდაპირი უცხოური ინვესტიციის (FDI) სახით, რუსეთის ფედერაციიდან 2023 წლის პირველ ნახევარში უკვე 56 მილიონი დოლარი შემოვიდა. 2022 წელი კი ამ მხრივ, საერთოდ სარეკორდო იყო - რუსეთიდან FDI-იმ 108 მლნ დოლარს მიაღწია.

ამ ციფრების მიუხედავად, ეკონომიკის მინისტრი და პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი უარყოფს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის პოლიტიკა, რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდის ხელშემწყობად გვევლინება.

სავალუტო შემოდინებები რუსეთიდან გაზრდილია. ნაწილობრივ გაზრდილია იმპორტიც, რადგან უფრო ხელსაყრელია საქართველოში შემოდიოდეს იაფი ენერგორესურსები, რაც ისევ და ისევ ჩვენი მოსახლეობის ინტერესებში შედის. არა მხოლოდ რუსეთთან, ჩვენ ექსპორტი და იმპორტი გაზრდილი გვაქვს ძალიან ბევრ ქვეყანასთან
ლევან დავითაშვილი, ეკონომიკის მინისტრი

„2019 წელთან შედარებით, რიგი მიმართულებებით, არ არის გაზრდილი ექსპორტი რუსეთის მიმართულებით. ეს გამოწვეულია იქედან გამომდინარე, რომ რუსეთში ეკონომიკური მდგომარეობა არ არის სახარბიელო და მათ შორის, მსყიდველობითი უნარი დაცემულია.

სავალუტო შემოდინებები რუსეთიდან გაზრდილია, ნაწილობრივ გაზრდილია იმპორტიც, რადგან უფრო ხელსაყრელია საქართველოში შემოდიოდეს იაფი ენერგორესურსები, რაც ისევ და ისევ ჩვენი მოსახლეობის ინტერესებში შედის. მინდა გითხრათ, რომ არა მხოლოდ რუსეთთან, ჩვენ ექსპორტი და იმპორტი გაზრდილი გვაქვს ძალიან ბევრ ქვეყანასთან “ - აღნიშნა მინისტრმა დავითაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.

2023 წლის პირველ 7 თვეში, რუსეთიდან უკვე ნახევარ მილიონზე მეტი, 578 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდზე 2-ჯერ მეტია. 2022 წელს საქართველოში შემოსული 62300 რუსეთის მოქალაქე, სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, აქ საცხოვრებლად დარჩა. ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ მათი რიცხვი გაცილებით დიდია.

2023 წლის 6 თვეში, საქართველოში 6500-ზე მეტი რუსული კომპანია დარეგისტრირდა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში რეგისტრირებული რუსული კომპანიების რიცხვმა - 21 ათასს გადააჭარბა.

„რუსები აქ ცარიელი ჯიბით არ წამოსულან, ეს არ არის ის ლტოლვილი, რომელიც მოდის, მაგალითად, სირიიდან, რომელსაც აღარაფერი აბადია. ეს არის ის ლტოლვილი, რომელსაც თან მოაქვს ფული.

ქართულ ბანკებს გაუჩნდათ დამატებითი იაფი ფული, ეს ყველაფერი ეკონომიკას სტიმულირებას უკეთებს, მაგრამ ეს არ არის მდგრადი ეკონომიკის ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ ბიზნესმენმა, დასაქმების ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ტრაპაიძემ.

„რუსები აქ ცარიელი ჯიბით არ წამოსულან. ქართულ ბანკებს გაუჩნდათ დამატებითი იაფი ფული, ეს ყველაფერი ეკონომიკას სტიმულირებას უკეთებს, მაგრამ ეს არ არის მდგრადი ეკონომიკის ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი“
პაატა ტრაპაიძე, დასაქმების ყოფილი სახელმწიფო მინისტრი

„მე კიდევ ერთ ტალღას ველოდები რუსეთიდან, უკრაინის მიმართ საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და არა მგონია, რუსეთმა ცივილიზირებული სამყარო დაამარცხოს, ამის არ მჯერა.

მომავალ წელს, მე მგონია ლტოლვითა კიდევ ერთი ტალღა იქნება, რომელიც დაძრავს რუსეთის მოსახლეობას, ვისაც ჯერ კიდევ შეუძლია რაღაცის კეთება დაძრავს სხვადასხვა მიმართულებით.

კითხვა - ანუ ეს ეკონომიკური ზრდა ჩვენთან გაგრძელდება? -

გაგრძელებაზე რა მოგეხსენოთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში (ზრდა) არ უნდა შემცირდეს, თუ ეს (რუსეთიდან ლტოლვილთა ახალი ნაკადის წამოსვლა) მოხდა“ - მიაჩნია ტრაპაიძეს.

ეკონომისტთა და ექსპერტთა აზრით, საერთაშორისო სანქციების უმკაცრეს რეჟიმში მოქცეულ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების გაზრდა, საქართველოსთვის ცალსახად საფრთხის შემცველია.

კრემლი ტრადიციულად, ეკონომიკურ ურთიერთობებს დამოუკიდებელ ქვეყნებზე, პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად იყენებს.

რუსეთ-საქართველოს ისტორიაში ასეთი არამეგობრული და ღიად მტრული გადაწყვეტილებები, მოსკოვის მხრიდან უამრავია: რუსეთმა 2000 წელს დაუწესა საქართველოს სავიზო რეჟიმი, ერთ-ერთ პირველს დსთ-ს სივრცეში;

2002 წლიდან მოსკოვმა შეზღუდა ქართული ავიაკომპანიების ფრენა რუსეთის მიმართულებით; 2006 წლის ზამთარში, კრემლმა საქართველოს მიზანმიმართულად შეუწყვიტა გაზის და ელექტროენერგიის მიწოდება.

2006 წელსვე, „ჯაშუშების სკანდალის“ შემდეგ, რუსეთმა მთლიანად აკრძალა ავია და სხვა სახის სატრანსპორტო მიმოსვლა საქართველოსთან; ასევე საფოსტო კავშირი; რუსებმა აკრძალეს ქართული ღვინის, მინერალური წყლების და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი; სახელმწიფო დონეზე დაწყებული ანტიქართული კამპანიის ფარგლებში დააპატიმრეს და მასიურად გამოყარეს ქვეყნიდან ეთნიკური ქართველები;

2008 წლის, რუსეთის სამხედრო აგრესიისა და აგვისტოს ომის შემდეგ, კრემლმა მეორედ აკრძალა პირდაპირი ავიარეისები საქართველოსთან, 2019 წელს, "გავრილოვის ღამით" გაღიზიანებულმა კი მესამედ, რამაც კიდევ ერთხელ ჩამოშალა საქართველოს ტურისტული ინდუსტრია. ყველა ეს აკრძალვა რუსეთმა მხოლოდ მაშინ გააუქმა, როცა ეს მოსკოვის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებში შედიოდა.

რუსეთის მიერ გამოყრილი ეთნიკური ქართველები, 2006 წელი
რუსეთის მიერ გამოყრილი ეთნიკური ქართველები, 2006 წელი
2006 წლის იანვარი, რუსეთმა საქართველოს ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის მიწოდება გაუფრთხილებლად შეუწყვიტა
2006 წლის იანვარი, რუსეთმა საქართველოს ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის მიწოდება გაუფრთხილებლად შეუწყვიტა

XS
SM
MD
LG