ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს მთავრობა რუსეთისთვის სანციების დაწესებას ისევ არ გეგმავს


ზემო ლარსის საბაჟო საკონტროლო-გამშვები პუნქტი, ერთადერთი მოქმედი სახმელეთო საზღვარი, რომელიც საქართველოს და რუსეთს აკავშირებს
ზემო ლარსის საბაჟო საკონტროლო-გამშვები პუნქტი, ერთადერთი მოქმედი სახმელეთო საზღვარი, რომელიც საქართველოს და რუსეთს აკავშირებს

პრემიერმა ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას, კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, უკრაინასთან ომის გაჩაღების გამო, რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას არ გეგმავს და ასევე არ აპირებს, კიევისთვის შეიარაღების გადაცემას და ქართველი მოხალისეებისთვის ხელის შეწყობას.

ღარიბაშვილმა ოპოზიცია ისევ ღიად დაადანაშაულა „დაუფარავ მცდელობაში“, „ქვეყანა როგორმე რუსეთთან ომში ჩაითრიონ“ და აღნიშნა, რომ მმართველი პარტია ამას "არ დაუშვებს", რადგან საქართველოს მოსახლეობის გარდა, რუსეთში მცხოვრებ „ერთ მილიონ მოქალაქეზეც“ ფიქრობს.

თქვენ რომ ზოგადად საქციებზე საუბრობთ, გაქვთ თუ არა გაცნობიერებული პასუხისმგებლობა, ამ სანქციების დაწესების შემთხვევაში, დაუწესდება თუ არა სანქცია ერთ მილიონ ადამიანს, რომელიც რუსეთში ცხოვრობს?
ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერი

„მინდა კითხვა დაგისვათ, თქვენ რომ ზოგადად საქციებზე საუბრობთ, გაქვთ თუ არა გაცნობიერებული პასუხისმგებლობა, ამ სანქციების დაწესების შემთხვევაში, დაუწესდება თუ არა სანქცია ერთ მილიონ ადამიანს, რომელიც რუსეთში ცხოვრობს? და 4 მილიონ ჩვენს თანამოქალაქეს, რომელიც დღეს ქვეყანაში ცხოვრობენ? - ასე მიმართა ღარიბაშვილმა ოპოზიციას.

მისი თქმით, „გამოჩნდა, რომ თქვენ (ოპოზიცია) ითხოვდით იარაღის გადაცემას უკრაინისთვის, ითხოვდით (მოხალისეების გადასაყვანად) ჩარტერული რეისების გაშვებას. ითხოვდით, ჩვენს მიერ რეაბილიტირებული სუ-25-ების გადაცემას. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჯდება დიდ პოლიტიკაში, რომელსაც ქვეყნის ომში ჩართვა ჰქვია“ - ამტკიცებს "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი.

საქართველოს ხელისუფლებას სტრატეგიული და ევროპელი პარტნიორები მუდმივად მოუწოდებენ, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მისალოც წერილში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პრეზიდენტ ზურაბიშვილს მისწერა, რომ „მნიშვნელოვანია თქვენმა ქვეყანამ მხარი დაუჭიროს სანქციების ევროპულ პოლიტიკას და ხელი შეუშალოს მოქმედი სანქციების რეჟიმის რუსეთის მიერ გვერდის ავლის მცდელობებს“.

მანამდე, აპრილის ბოლოს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მოუწოდა საქართველოს მთავრობას, „გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად და პასუხისმგებლობა დააკისროს რუსეთს სამხედრო დანაშაულებებზე“.

ამ ფონზე, როგორც თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი გიგა ბედინეიშვილი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, გეოპოლიტიკურადაც და ეკონომიკურადაც აბსოლუტურად არასწორია, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მუდმივად ხაზგასმა, რომ თბილისი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ შეურთდება.

„ჩვენ ფინანსურ და საბანკო ნაწილში, სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ შეერთებული ვართ, მაგრამ პოლიტიკური განცხადებები აბსოლუტურად დამაზიანებელი კეთდება. იმის ნაცვლად, რომ უკრაინას სოლიდარობა გამოვუცხადოთ და მოძმე ერს გვერდში დავუდგეთ, ასეთ საშინელ განცხადებებს აკეთებს ჩვენი პრემიერი, რომ სანქციებს არ ვუერთდებით“ - ამბობს ბედინეიშვილი.

ბედინეიშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ყველა სანქციას უნდა შევუერთდეთ. „ეს მორალურად სწორია, გეოპოლიტიკურად სწორია, ანუ უნდა დავეხმაროთ იმ ქვეყანას, რომელიც ჩვენ ომსაც ომობს. ამიტომ, როგორ შეიძლება ასეთი პოზიცია გვქონდეს?

ეს ეკონომიკურადაც სწორი იქნება. შეიძლება, მოკლე ვადაში რაღაც ვიზარალოთ, მაგრამ ახლა ისეთი ვითარებაა, რომ შეიძლება, ეს ბოროტების იმპერია მსოფლიომ დაამარცხოს და ჩვენი წვლილი არ უნდა შევიტანოთ ამაში, რომ, იქნებ ეს საშინელება მოვაშოროთ მსოფლიოს ან დავასუსტოთ რუსეთი?

შეიძლება, მოკლე ვადაში რაღაცა ვიზარალოთ, მაგრამ ახლა ისეთი ვითარებაა, რომ შეიძლება, ეს ბოროტების იმპერია მსოფლიომ დაამარცხოს და ჩვენი წვლილი არ უნდა შევიტანოთ ამაში, რომ, იქნებ ეს საშინელება მოვაშოროთ მსოფლიოს ან დავასუსტოთ რუსეთი? სულელები ვართ, იმიტომ, რომ არ ვართ მზად, მოკლე ვადაში რაღაცა მოვიკლოთ, თუნდაც ეკონომიკურად
გიგა ბედინეიშვილი, ფინანსისტი, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესს სკოლის დეკანი

იმიტომ რომ ეს თუ მოხდა, ეკონომიკურად იმხელა ხეირი იქნება მთელი ცივილიზებული მსოფლიოსთვის და ჩვენთვისაც, საშუალო და გრძელ ვადაში, რომ სულელები ვართ, იმიტომ, რომ არ ვართ მზად, მოკლე ვადაში რაღაც მოვიკლოთ, თუნდაც ეკონომიკურად.

დღეს რაღაც, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით ბაქი-ბუქი არის ამორალური, გეოპოლიტიკურად არასწორი და ეკონომიკურად აბსოლუტურად არაპრაგმატული“ - ამბობს ბედინეიშვილი.

სანქციების კონტექსტში, ხელისუფლების მხრიდან მუდმივად „ომში ჩართვაზე“ და რუსეთში მცხოვრებ „ერთ მილიონ ქართველზე“ აპელირებას, პოპულისტურად მიიჩნევს ეკონომისტი გიორგი ქადაგიძეც.

ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს მიაჩნია, რომ რომ „ოცნების“ ხელისუფლებამ ბოლო 10 წლის მანძილზე, ყველა მიმართულებით გაზარდა რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების მიუხედავად, ვერ შეძლო საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება, და ახლა, როცა უკრაინის ომის გამო, გეოპოლიტიკური წესრიგი ელვის სისწრაფით იცვლება, საქართველო ისევ მძიმე მდგომარეობაშია.

„ჩვენ ვართ მომსწრენი ახალი გეოპოლიტიკური წესრიგის, ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთი მოექცა სრულ იზოლაციაში, გაევლო წითელი ხაზი, არის დასავლური სამყარო და არის მეორე მხარეს - ბოროტების იმპერია“ - ამბობს ქადაგიძე.

ქადაგიძე თვლის, რომ „უნდა ავირჩიოთ, ან ჩვენ ვართ დასავლური სამყაროს ნაწილი და ვებმებით დასავლურ ბაზარს, ან მორიგად, ვტყუვდებით, ამ რეგვენულ სატყუარაზე, რომელსაც რუსული ბაზარი ჰქვია, რომელიც ხშირ შემთხვევაში სრულდება, როგორც ეს მოხდა 2006 წელს, ენერგეტიკული ემბარგოთი, შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ქართული ღვინო არ ვარგა, ციტრუსი არ ვარგა, „ბორჯომი“ არ ვარგა, ასე ჩაკეტავენ.

რატო კეტავენ ამ ბაზარს? რომ გამოიწვიონ შიდა უკმაყოფილება. ჯერ გაზარდონ დამოკიდებულება და შემდეგ, საქართველოში გამოიწვიონ შიდა უკმაყოფილება. ამიტომ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების საკითხია, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული რუსეთზე, არც ენერგეტიკულად, არც ეკონომიკურად, არც პოლიტიკურად, არცერთი სექტორით არ უნდა ვიყოთ რუსეთზე დამოკიდებული.

ქადაგიძე ახალ გეოპოლიტიკრ და ეკონომიკურ წესრიგზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:16 0:00

ამ ფონზე, მთელი ბოლო წლებია, ისევ გვესმის რომ „რუსეთი ტრადიციული ბაზარია“, „რუსეთის ბაზარი გავხსენით“. ისევ ვზრდით დამოკიდებულას რუსეთზე, ისევ დავიწყეთ გაზის შესყიდვა, დენის შესყიდვა რუსეთისგან; დავიწყეთ სხვადასხვა პროდუქციის იმპორტის გაზრდა რუსეთისგან.

„ჩვენ ვართ მომსწრენი ახალი გეოპოლიტიკური წესრიგის, ეს ნიშნავს, იმას, რომ რუსეთი მოექცა სრულ იზოლაციაში, გაევლო წითელი ხაზი, არის დასავლური სამყარო და არის მეორე მხარეს ბოროტების იმპერია“
გიორგი ქადაგიძე, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი

რუსეთი ისევ გახდა მთავარი სავაჭრო პარტნიორი და ისევ, ახლა უკვე სხვა ტიპის კრიზისის, ამჯერად უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო, ისევ იგივე საფრთხის წინაშე დავდექით, რომ შეიძლება ქართული ეკონომიკა დაზარალდეს“ - ამბობს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე.

საქართველოს ექსპორტ-იპორტის სტატისტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ ბოლო წლებში, მნიშვნელოვნად გაზრდილია, არა მხოლოდ რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება, არამედ, რუსეთის იმპორტიც საქართველოში.

საქართველოს მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი, 2012 წელს - 2,0% იყო, რომელიც 2021 წლისთვის 14.4%-მდე არის გაზრდილი; ამ ფონზე, საქართველოს მთლიან ექსპორტში, ევროკავშირის ბაზრის წილი, 20.9%-დან (2014) 16.9%-მდე (2021) შემცირდა.

2021 წელს რეკორდულად მაღალი იყო რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის ღირებულებაც, რომელმაც 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. შედარებისთვის, 2012 წელს, ეს ციფრი 476 მილიონ დოლარს შეადგენდა. ანუ, რუსეთიდან იმპორტი გაორმაგდა.

XS
SM
MD
LG