ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბზარები პუტინის ძალაუფლების ვერტიკალში


ევგენი პრიგოჟინის და მისი სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" ხანმოკლე ამბოხს მოჰყვა განხილვები იმაზე, თუ რამ განაპირობა პუტინის ყოფილი ახლო მოკავშირის მიერ საკუთარი კერძო ჯარის მოსკოვისკენ მიმართვა.

„პრიგოჟინს ან დახვრეტა ან ციხეში წასვლა ემუქრებოდა. ამიტომ მან, როგორც ჯარისკაცმა, კამათელი გააგორა და გადაწყვიტა ამაზე წასულიყო“, - ამბობს ლეონ არონი, "ამერიკის წამოწყებათა ინსტიტუტის" უფროსი მკვლევარი, „ამერიკის ხმასთან“ საუბარში.

[ამბოხი] აჩვენებს ბზარებს პუტინის ძალაუფლების ვერტიკალში.
მარია სნეგოვაია

პრიგოჟინმა წინააღმდეგობის გარეშე თითქმის მოსკოვამდე მიაღწია. თავდაპირველად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამბოხი 1917 წლის ბოლშევიკურ რევოლუციას შეადარა, თუმცა მალევე პოზიცია შეცვალა და პრიგოჟინთან 24 ივნისს შეთანხმებას მიაღწია. პრიგოჟინის ამბოხი "აჩვენებს ბზარებს პუტინის ძალაუფლების ვერტიკალში", - ამბობს მარია სნეგოვაია, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ევრაზიის მიმართულების ხელმძღვანელი.

"ძალაუფლების ვერტიკალი მან 1990-იანი წლების არასტაბილურობის საპირწონედ ააშენა, როცა კრიმინალები დათარეშობდნენ... და მთავრობას ემუქრებოდნენ. ახლა, ამ ფონზე, ისმის კითხვა, თუ რა განსხვავებაა 1990-იანების რუსეთსა და 2023 წლის რუსეთს შორის“, - დასძენს სნეგოვაია.

ევგენი პრიგოჟინი
ევგენი პრიგოჟინი

ამბოხის შეწყვეტის სანაცვლოდ დადებული შეთანხმების თანახმად, პრიგოჟინი და მისი "ვაგნერის" ჯგუფი ბელარუსში გადადიან. ამავე შეთანხმების ნაწილი იყო პრიგოჟინის წინააღმდეგ კრიმინალურ საქმის შეწყვეტა, რაც კრემლმა მალევე უკან წაიღო და გამოძიების გაგრძელებასთან ერთად მისი შემოსავლების მოკვლევა დაიწყო.

პრიგოჟინს ან დახვრეტა ან ციხეში წასვლა ემუქრებოდა. ამიტომ მან, როგორც ჯარისკაცმა, კამათელი გააგორა და გადაწყვიტა ამაზე წასულიყო.
ლეონ არონი

ექსპერტების აზრით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ის გზავნილია, რომელიც რუსმა ჯარისკაცებმა ამბოხის შედეგად მიიღეს.

„ისინი ხედავენ, როგორი სისხლიანი და უაზრო ომია ეს ომი და როგორი არაეფექტური და კორუმპირებულია ის. მომხდარმა მათ შესაძლოა გარკვეული იდეებიც მისცეს, რომ თუ გაქვს საკმარისი შეიარაღება, შეგიძლია ერთ მილიონიანი ქალაქის ოკუპაცია მოახდინო და მოსკოვამდეც ჩახვიდე. რუსეთის ელიტაში ბევრი სასოწარკვეთილი და გაბრაზებული ადამიანია... და როცა სისხლი იღვრება, ზვიგენები იქვე ჩნდებიან“, - აცხადებს სნეგოვაია.

როცა სისხლი იღვრება, ზვიგენები იქვე ჩნდებიან.
მარია სნეგოვაია

სამხედრო აჯანყების მიმდინარეობისას, რუსეთის ხელისუფლების ტრადიციული შიდა მოკავშირეები და ელიტის წარმომადგენლები დიდი ხნის განმავლობაში დუმდნენ.

ვაგნერი როსტოვში
ვაგნერი როსტოვში

„ბევრი [რუსეთს ელიტაში] უბრალოდ იჯდა და ელოდებოდა რა მოხდებოდა. ეს ნიშნავს, რომ პუტინის მიმართ მხარდაჭერა ძალიან სუსტია", - ამბობს კურტ ვოლკერი, ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსი მკვლევარი და აშშ-ის ყოფილი წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში. მისი თქმით, პუტინს მოუწევს იმოქმედოს.

რეჟიმი პრიგოჟინის მოკვლას ეცდება და ეს პრიგოჟინმა იცის.
კურტ ვოლკერი

"მე ვერ ვხედავ როგორ შეიძება დარჩეს პუტინი ხელისუფლებაში ისე, რომ პრიგოჟინს ეს აპატიოს და თავისუფალი დატოვოს. ამიტომ ბევრ რამეს ვიხილავთ. ვფიქრობ რეჟიმი პრიგოჟინის მოკვლას ეცდება და ეს პრიგოჟინმა იცის“, - ამბობს ის.

62 წლის პრიგოჟინის, ვაგნერმა უკრაინაში 16-თვიანი ომის ყველაზე რთულ და სისხლიან ბრძოლებში მიიღეს მონაწილეობა.

„მისი ჯარი ყველაზე კარგად გაწვრთნილი, გამოცდილი და შეიარაღებულია. ფაქტია, რომ დღეს ის ალტერნატიული ძალაუფლების ცენტრს წარმოადგენს, სამწუხაროდ არა მშვიდობიან, დემოკრატიულ, ლამაზ რუსეთს, არამედ ძალიან ძალადობრივ, ნაციონალიტურ, დაუნდობელ და შეიძლება იმაზე უფრო მახინჯ რუსეთს, ვიდრე რუსეთი დღესაა“, - ამბობს სნეგოვაია.

პრიგოჟინი როსტოვში
პრიგოჟინი როსტოვში

მიმომხილველების უმრავლესობა თანხმდება, რომ „ვაგნერის“ მოსკოვისკენ მარშმა და როსტოვის დაკავებამ, რუსეთის ლიდერის ხელისუფლების სისუსტეები აჩვენა. რას ნიშნავს მომხდარი, პუტინისთვის?

ვლადიმირ პუტინი უფრო მეტად სუსტია ვიდრე დასავლეთში ფიქრობდნენ.
კურტ ვოლკერი

„ვნახეთ, რომ ვლადიმირ პუტინი უფრო მეტად სუსტია ვიდრე დასავლეთში ფიქრობდნენ. ის თუ როგორ მიიღეს "ვაგნერის" ლიდერი პრიგოჟინი რუსეთში, მათ შორის ორ სამხედრო ბაზაზე და ორ ქალაქში, აჩვენებს, რომ ის პოპულარულია და იმას, რომ რუსებს არ მოსწონთ როგორ მართავს პუტინი სიტუაციას", - ამბობს ვოლკერი.

პრიგოჟინი თავდაპირველად პუტინს არ აკრიტიკებდა და მხოლოდ რუსეთს სამხედრო ხელისუფლების მოქმედებებს გმობდა ომის არასწორი წარმართვის გამო. მისი თქმით, “მოსკოვზე მარში” მიზნად ისახავდა კორუმპირებული და არაკომპეტენტური რუსი სამხედრო ხელმძღვანელობის შეცვლას. ექსპერტთა ნაწილი ამბობს, რომ პრიგოჟინის კრიტიკა სამხედრო ხელმძღვანელობის მიმართ ხაზს უსვამს, რუსეთის ელიტის შიგნით ძალაუფლებისთვის ბრძოლის ერთ ასპექტს.

ნებისმიერი გამოწვევა პუტინისთვის პოტენციურად კარგია, რადგან ის არყევს სტაბილურობაზე წარმოდგენას და მისი დაუძლევლობის ხატს.
მარია სნეგოვაია

„ნებისმიერი გამოწვევა პუტინისთვის პოტენციურად კარგია, რადგან ის არყევს სტაბილურობაზე წარმოდგენას და მისი დაუძლევლობის ხატს“, - ამბობს სნეგოვაია.

ჯერ-ჯერობით უცნობია, ვიხილავთ თუ არა ცვლილებებს რუსეთის თავდაცვის სისტემაში და დარჩებიან თუ არა პოსტებზე თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი.

საერთაშორისო მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში შესაძლოა გენერალი სერგეი სუროვიკინი დააკავეს, რომელიც უკრაინის ომს გარკვეულ ეტაპზე ედგა სათავეში და ასევე ხელმღვანელობდა რუსეთის კამპანიას სირიაში. უცნობია რა როლი ქონდა მას ამბოხში და ასევე უცნობია, რა ელის თავად პრიგოჟინს.

ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

„მე გამიკვირდება თუ ის დიდხანს იცოცხლებს. პუტინი არასდროს პატიობს მოღალატეებს. მან ასეთი რეპუტაცია შეიქმნა. იქნება ეს ნოვიჩოკი თუ სხვა რამ, ან თუ უცებ პრიგოჟინი ფანჯრიდან გადახტება, სადმე ბელარუსში“, - ამბობს სნეგოვია.

ესპერტების ნაწილი თვლის, რომ პრიგოჟინის ამბოხი რუსეთში ძალაუფლების კრიზისის მხოლოდ დასაწყისი იყო. სნეგოვაიას თქმით, „ჩვენ მხოლოდ პირველი აქტი ვიხილეთ და მეორე აქტსაც სავარაუდოდ მალე ვნახავთ“.

XS
SM
MD
LG