ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრიგოჟინის დღეები დათვლილია - სტავრიდისი


ჯეიმს სტავრიდისი, ნატოს ძალების ყოფილი მეთაური
ჯეიმს სტავრიდისი, ნატოს ძალების ყოფილი მეთაური

ნატოს ძალების ყოფილი მეთაური, გადამდგარი ადმირალი ჯეიმს სტავრიდისი რუსეთში 24 ივნისს განვითარებულ მოვლენებს აფასებს. მისი თქმით, "ვაგნერის" დაჯგუფების მეთაური ევგენი პრიგოჟინი, რომელმაც ქვეყანაში ამბოხი სცადა, დიდხანს ვეღარ გაძლებს და მისი დღეები დათვლილია. აღნიშნული განცხადება მან 25 ივნისს, ტელეკომპანიასთან "ენ-ბი-სი" ინტერვიუში გააკეთა.

სტავრიდისის თქმით, ამბოხის შეწყვეტის მიუხედავად, რუსეთში კვლავ ქაოსია და ეს გაგრძელებაა იმ ყველაფრის, რაც მოსკოვის მმართველობაში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ზედაპირზე ამოტივტივდა. "ვიხილეთ საშინელი ლოგისტიკა, ცუდი დაზვერვა, ბრძოლის ველზე ცუდი მმართველობა", მობილური ტელეფონების უკონტროლო გამოყენება და ბევრი სხვა რამ, ამბობს გადამდგარი ადმირალი.

რაც შეეხება პრიგოჟინს, სტავრიდისის თქმით, მას დღეები დათვლილი აქვს. "როგორც "სამეფო კარის თამაშების" ფილოსოფიაშია, თუ მეფის წინააღმდეგ მიდიხარ, მაშინ აჯობებს მეფე მოკლა. პრიგოჟინმა ეს ვერ შეძლო. ახლა ის იზოლირებული იქნება 35 000-მდე მეომრისგან, რომლებიც მას იცავდნენ" - ამბობს გადამდგარი ადმირალი.

სტავრიდისი პრიგოჟინს თავმოკვეთილ გველს ადარებს და ამბობს: "გულწრფელად გითხრათ, ვფიქრობ, რომ 60-90 დღეზე მეტს ვერ გაძლებს, რადგან პუტინი თავისი ბნელი გულით ისეთი პიროვნებაა, რომელიც არასდროს ივიწყებს და არასდროს პატიობს. ის ყველაფერს გააკეთებს, რომ მასზე შური იძიოს".

რუსეთში განვითარებულ მოვლენებს, მისი აზრით, უკრაინის ომზე უშუალო გავლენა ექნება, როგორც მორალურად, ისე ფიზიკურად. ამას გარდა, არ არის გამორიცხული, შეიცვალოს რუსეთის სამხედრო მმართველობაც. ჯერჯერობით არ ვიცით ზუსტად, იყო თუ არა რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ პრიგოჟინთან მომხდარი გარიგების ნაწილი, აღნიშნავს გადამდგარი ადმირალი.

საბოლოო ჯამში, სტავრიდისის თქმით, "კიევისთვის მოვლენები ძალიან კარგად განვითარდა. წინ ჯერ რთული ბრძოლაა, მაგრამ ვფიქრობ, ეს უკრაინელებს ხელში დამატებით კოზირს აძლევს".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG