ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში ქაოსი ჩვენს ინტერესებშია - უკრაინის მხარე


ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი
ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი

ქაოსი რუსეთში კიევის სასარგებლოდ მუშაობს, განაცხადეს უკრაინის ოფიციალურმა პირებმა, შაბათს რუსეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მაგრამ, ჯერ კიდევ გასარკვევია, შეძლებს თუ არა უკრაინის მხარე გამოიყენოს კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" გამო რუსეთში შექმნილი არეულობა.

შაბათს გვიან, ევგენი პრიგოჟინმა, ვაგნერის არმიის დამფუძნებელმა, თქვა, რომ ის აჩერებს თავის „სამართლიანობისთვის მარშს“ მოსკოვისკენ, გარიგების შემდეგ, რომელიც მას და მის დაქირავებულ პირებს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისგან დაიცავს. გარიგებით, პრიგოჟინი ბელარუსში გადასახლდება.

"დღეს მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთის ბატონები ვერაფერს აკონტროლებენ. საერთოდ ვერაფერს. უბრალოდ სრული ქაოსია", - თქვა ზელენსკიმ შაბათს, თავის ღამის ვიდეომიმართვაში და მოუწოდა უკრაინის მოკავშირეებს გამოიყენონ ეს მომენტი და მეტი იარაღი გააგზავნონ კიევში.

არეულობა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წინაშე არსებული ყველაზე დიდი გამოწვევაა წლების განმავლობაში.

„ნებისმიერი ქაოსი მტრის ხაზებს მიღმა ჩვენს ინტერესებშია“, - ციტირებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დიმიტრო კულებას, სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „უკრინფორმი“.

კულებამ თქვა, რომ ჯერ ნაადრევია საუბარი იმ შედეგებზე, რაც უკრაინისთვის დადგა. მოგვიანებით ის ესაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ანტონი ბლინკენს, რათა განეხილა მომხდარი და კიევის კონტრშეტევის მცდელობები.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამის შემდეგ განაცხადა, რომ ვაშინგტონი დარჩება "მჭიდრო თანამშრომლობაში" კიევთან, სიტუაციის განვითარების ფონზე.

უკრაინის სამხედროებმა შაბათს განაცხადეს ბახმუტის გარშემო მიმდინარე შეტევის შესახებ, რომელიც „ვაგნერის“ ძალებმა მაისში რამდენიმეთვიანი ბრძოლის შემდეგ აიღეს.

უკრაინის უშიშროების ეროვნული საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა შაბათს განაცხადა, რომ რუსეთის ძალები ფრონტიდან არ გაუყვანიათ.

"ისინი... ყველა თავის ადგილზე რჩებიან. აგრძელებენ წინააღმდეგობას", - ციტირებს უკრაინის სახელმწიფო მედია დანილოვს.

XS
SM
MD
LG