ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელების უმეტესობა უკრაინის შეიარაღებას მხარს უჭერს - Reuters/Ipsos


ამერიკული "აბრამსის" ტანკები პოლონეთში. 3 დეკემბერი, 2022 წ.
ამერიკული "აბრამსის" ტანკები პოლონეთში. 3 დეკემბერი, 2022 წ.

რუსეთისგან თავდასაცავად უკრაინის შეიარაღებით მხარდაჭერას ამერიკელთა მნიშვნელოვანი უმრავლესობა უჭერს მხარს. ამასთან, "როიტერის" და "იფსოსის" ერთობლივი გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელები მიიჩნევენ, რომ მსგავსი დახმარება ჩინეთის და შეერთებული შტატების სხვა კონკურენტებისთვის იმის დემონსტრაციაც არის, რომ ამერიკა ავლენს მტკიცე ნებას "და შესაძლებლობას, რომ დაიცვას ჩვენი ინტერესები, ჩვენი მოკავშირეები და ჩვენი თავი".

კვლევა მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. მასში 1 000-ზე მეტი ზრდასრული ამერიკელი მონაწილეობდა. ორდღიანმა გამოკითხვამ, რომელიც სამშაბათს, 27 ივნისს დასრულდა, უკრაინის შეიარაღების მიმართ ამერიკელთა მხარდაჭერის მკვეთრი ზრდა აჩვენა.

გამოკითხულთა 65% ეთანხმება უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას. ერთი თვის წინ, მაისში ეს მონაცემი 46%-ს შეადგენდა. რაც შეეხება პარტიული ნიშნით მხარდაჭერას, უახლესი გამოკითხვის თანახმად, ამერიკული იარაღის უკრაინისთვის გადაცემას ამერიკელი დემოკრატების 81%, რესპუბლიკელთა 56% და დამოუკიდებელი ამომრჩევლის - 57% ემხრობა.

როგორც ამ გამოკითხვით ირკვევა, უკრაინის დახმარება შეერთებული შტატების 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ამერიკელთა არჩევანზეც მოახდენს გავლენას. გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ მხარს დაუჭერს იმ საპრეზიდენტო კანდიდატს, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას გააგრძელებს და ზურგს გაუმაგრებს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს.

გამოკითხვას სულ რამდენიმე დღით უსწრებდა წინ რუსეთში შეიარაღებული ამბოხის მცდელობა, რომლის სათავეშიც ევგენი პრიგოჟინი იდგა - კერძო შეიარაღებული დაჯგუფება "ვაგნერის" მეთაური. ის უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე უკრაინელების წინააღმდეგ იბრძოდა, შემდეგ კი რუსეთის თავდაცვის მინისტრს დაუპირისპირდა და შეიარაღებული კოლონებით მოსკოვისკენ დაიძრა. კვირას მიღწეული გარიგების შემდეგ, მან დედაქალაქისკენ სვლა შეწყვიტა და ახლა თავს ბელარუსს აფარებს.

26 ივნისს, ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინის დახმარებისს 41-ე პაკეტი დაამტკიცა. დაახლოებით 16 თვის წინ, უკრაინაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმის და მეზობელ ქვეყანაში ომის დაწყების შემდეგ, უკრაინისთვის გამოყოფილმა დახმარებამ 40 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის 23 თებერვალს დაწყებულ გაუმართლებელ, არაპროვოცირებულ და სასტიკ საომარ ქმედებებს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დღემდე "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს, რომელიც უკრაინის "ნაცისტებისგან" გათავისუფლებას ისახავს მიზნად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG