ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი: ამერიკას რუსეთის ამბოხთან შეხება არ ჰქონია


ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი
ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, 26 ივნისს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ უქმეებზე რუსეთში განვითარებული მოვლენები მათ სისტემაში არსებული დაპირისპირებებია და შეერთებული შტატები, თუ მისი მოკავშირეები მასში ჩართული არ იყვნენ.

ამერიკის პრეზიდენტი ამ ფონზე აცხადებს, რომ დასავლეთის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არ განელებულა.

"გარკვევით ვთქვით, რომ არ ვიყავით ჩართული და ამ ამბებთან ჩვენ შეხება არ გვქონია" - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა პირველ საჯარო კომენტარში, რუსეთში ამბოხის მცდელობასთან დაკავშირებით, რომლის უკანაც რუსი მილიარდერი, კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი იყო.

ბაიდენის ეს გზავნილი სხვადასხვა დიპლომატიური არხებით უშუალოდ მიეწოდა რუსეთს, ამბობს ჯონ კირბი, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების პრესსპიკერი. მას რუსეთის საპასუხო რეაქციაზე ყურადღება არ გაუმახვილებია.

თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ასევე ითქვა, რომ უქმეებზე, რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე პრეზიდენტს ანგარიშს საათობრივად აბარებდნენ და მიმდინარეობდა სამზადისი სხვადასხვა სცენარის განვითარებისთვის.

ორშაბათს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მოსკოვი იძიებს იმას, ითამაშეს თუ არა მომხდარში გარკვეული როლი დასავლეთის სააგენტოებმა. სერგეი ლავროვის განცხადება რუსეთის საინფორმაციო სააგენტო "ტასმა" გაავრცელა.

ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, ამერიკულ მედიაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, შეერთებული შტატების დაზვერვამ წინასწარ იცოდა დაჯგუფება "ვაგნერის" მეთაურის მიერ ამბოხის დაწყების შესაძლებლობის შესახებ. ამის თაობაზე ამბოხის დაწყებამდე შეერთებული შტატების კონგრესსაც კი მოახსენეს.

"ეს ნამდვილად ახალი რამ არის - პრეზიდენტ პუტინის ლიდერობისთვის პირდაპირი გამოწვევის გაგზავნის ხილვა. ახალია იმის ხილვაც, რომ ევგენი პრიგოჟინი პირდაპირ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ ომის დაწყების მიზეზებს და აცხადებს, რომ ომი სინამდვილეში ტყუილებზე დაფუძნებით მიმდინარეობს" - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეტ მილერმა ჟურნალისტებთან საუბარში.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG