ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოქალაქეებმა ბორის ნემცოვის ხსოვნას პატივი მიაგეს


რუსეთში ოპოზიციის მხარდამჭერებმა რამდენიმე ქალაქში რუსი ოპოზიციონერი ლიდერის ბორის ნემცოვის მკვლელობა კიდევ ერთხელ გაიხსენეს. 27 თებერვალს, 7 წლის წინ, ნემცოვი მოსკოვში მოკლეს.

მოქალაქეები წელს ნემცოვის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად მოსკოვში, კაზანში, ნოვოსიბირსკში, ეკატერინბურგში, პერმსა და ბარნაულში შეიკრიბნენ. "ნოვაია გაზეტას" ცნობით, მოსკოვში, პოლიტიკოსის მკვლელობის ადგილას პოლიციამ ერთი ქალი დააკავა. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ის სპეციალურად მოწყობილ ერთგვარ მემორიალზე ქაღალდის ფურცლის დადებას ცდილობს, ფურცელზე კი წერია: "იბრძოლეთ!" გამოცემის თანახმად, პოლიციამ მას ამ ფურცლის უკან აღება აიძულა მანამ, სანამ მას დააკავებდა.

ნემცოვი, რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვისაც ბევრი პრეზიდენტის პოსტზე ბორის იელცინის შემცვლელადაც მოიაზრებდა, ვლადიმირ პუტინის აქტიური კრიტიკოსი იყო. ის 2015 წელს, მოსკოვში, კრემლთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ ხიდზე სასიკვდილოდ დაჭრეს. პოლიტიკოსის მკვლელობის ადგილზე მოქალაქეებმა ყვავილები მიიტანეს, პოლიციამ რამდენიმე მათგანი და ზოგიერთი გამვლელიც კი გააჩერა, მაგრამ სხვა დაკავებულთა შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.

2017 წელს ნემცოვის მკვლელობისთვის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩეჩენ მებრძოლს, ზაურ დუდაევს მიუსაჯეს. გაასამართლეს კიდევ 4 ჩეჩენი, რომელთა სასჯელიც 11-იდან 19 წლამდეა და მათ ბრალად დანაშაულში თანამონაწილეობა ედებათ. თუმცა გამოძიებას არ გამოუვლენია, ვინ გასცა მკვლელობის ბრძანება.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ნემცოვი კვლავ შთამაგონებელი ლიდერია ისეთი პრო-დემოკრატი აქტივისტებისთვის, როგორებიც ალექსეი ნავალნი და ვლადიმირ კარა-მურზა არიან. ახლა ორივე მათგანი ციხეშია. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, დიპლომატიური უწყება ცნობს იმ რუსების სიმამაცეს, ვინც განაგრძობს მძიმე რეპრესიების ფონზეც თავიანთი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მუშაობას.

XS
SM
MD
LG