ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ომის დანაშაული - რუსეთის ხელწერა


უკრაინელთა მიერ გათავისუფლებულ დასახლებებში რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი მასობრივი მკვლელობები, გაუპატიურება, წამება, გატაცება, იძულებითი გადასახლება თუ ძალადობის სხვა ფორმები რუსული ოკუპაციის საერთო ნაკვალევად იქცა. კიევს ამ დანაშაულების აღნუსხვასა და დამტკიცებაში უცხოელი კრიმინალისტებიც ეხმარებიან. „ამერიკის ხმის“ უკრაინული რედაქცია ომის დანაშაულების მასშტაბებზე, მახასიათებლებზე, მათი დამტკიცებისა და პასუხისმგებელი პირების დასჯის გზებზე გლობალური მართლმსაჯულების საკითხებში ამერიკის ელჩს ესაუბრა. ბეტ ვან სკაკი უკრაინაში რუსი სამხედროების ჩადენილ დანაშაულებს ბალკანეთის ქვეყნებში, რუანდაში და მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების მიერ ჩადენილ დანაშაულებს ადარებს. ვლადიმირ პუტინს კი სლობოდან მილოშევიჩის პერსპექტივას უწინასწარმეტყველებს.

- თქვენ ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებსა და რუანდაში მომხდარ ომის დანაშაულებზე მუშაობდით. ახლა სახელმწიფო დეპარტამენტის ძალისხმევას ხელმძღვანელობთ იმისთვის, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები შეგროვდეს. როგორ შეადარებდით თქვენს ამ გამოცდილებას იმას, რასაც ახლა უკრაინაში ვხედავთ?

- დიახ, კარიერა სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალისთვის ახალგაზრდა პროკურორად მუშაობით დავიწყე, ყოფილი იუგოსლავიისა და რუანდის საქმეებზე ორი ტრიბუნალისთვის ვმუშაობდი. თქვენ ბევრ პარალელს ნახავთ იუგოსლავიის ომთან, განსაკუთრებით, როცა საუბარია არაპროპორციულ და განურჩეველ, წინასწარ გამიზნულ თავდასხმებზე სამოქალაქო მოსახლეობაზე. ისტორიული ქალაქების ალყაზე, სადაც ხალხი შიმშილსა და სიცივეშია დარჩენილი.

რუანდაში ჩვენ ეთინკური ნიშნით ძალადობა ვიხილეთ - მოქალაქეები, რომლებიც დანაშაულის სამიზნე იყვნენ სწორედ მათი ეთნიკური წარმომავლობის გამო. ახლა ამასაც ვხედავთ, რომ ეროვნების მიხედვით, მთელი უკრაინა რუსეთის თავდასხმის სამიზნეა.

უკრაინაში კონფლიქტმა თუ უკვე არ გადააჭარბა, მალე გადააჭარბებს სირიას - როგორც დოკუმენტირებული დანაშაულის უდიდესი ადგილი კაცობრიობის ისტორიაში.

ასევე, ზოგიერთი ამ საშინელების სისტემური ხასიათი, რომელიც მართლაც ყველგანაა, სადაც კი რუსეთის ძალები იყვნენ განლაგებულნი. ჩვენ ვხდებით ომის სრულიად განსხვავებული და მრავალგვარი დანაშაულების მოწმენი. ეს მოიცავს ყველაფერს - სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვებიდან უშუალო ინტერპერსონალურ ძალადობამდე, სადაც არიან ადამიანები, რომლებიც როგორც ჩანს ხოცავდნენ ხალხს, მასობრივი სიკვდილით დასჯის მსგავსად, მათ სხეულებს წამების კვალი ეტყობა. ყველა ამ კონფლიქტისას ასევე ვართ სექსუალური ძალადობის მოწმენი და ამასვე ვხედავთ უკრაინაშიც. ქალები, გოგონები, ასევე კაცები, ბიჭები - მათ მიმართ ხდებოდა სექსუალური ძალადობა, როცა ისინი რუსული ძალების მმართველობის ქვეშ იყვნენ. პარალელები ნამდვილად თავზარდამცემია.

- თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში უკრაინაში ნანახი ომის დანაშაულები მეორე მსოფლიო ომის დროს ჩადენილ დანაშაულებსაც შეადარეთ. რა მსგავსებაა მათ შორის?

- ნამდვილად ასეა. მეორე მსოფლიო ომი არის საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის კლასიკური მაგალითი, როცა იაპონია და გერმანია სუვერენულ ქვეყნებში იჭრებოდნენ და მათი ტერიტორიის ანექსიას ცდილობდნენ. აქაც ზუსტად იგივე მახასიათებლებს ვხედავთ. და იმავე ტიპის დარღვევების სისტემატურობას. ვიცით, რომ ეს დანაშაულები არაა მხოლოდ რამდენიმე რიგითის ან ქვედანაყოფის ჩადენილი, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ ბრძანებათა ჯაჭვის ზედა ნაწილში მყოფებსაც, რადგან დანაშაულების ერთნაირ მახასიათებლებს ვხედავთ ყველგან, სადაც რუსეთის ძალები აქტიურია. ამ ტიპის სისტემური დარღვევები ჰგავს მსოფლიო ომის დროს მომხდარ დანაშაულებს.

- ცოტა ხნის წინ სახელმწიფო დეპარტამენტმა „კონფლიქტის სადამკვირვებლო“ პროექტის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, უკვე ცნობილია, რომ ხერსონშიც მოქალაქეები არაადამიანური მოპყრობის, ძალადობის, ომის დანაშაულის მსხვერპლნი იყვნენ. ამავე ანგარიშში ვკითხულობთ, რომ წამება და არაადამიანური მოპყრობა ფართოდ იყო გავრცელებული. ასევე არსებობს დასკვნა, რომ იძულებითი გადასახლებებიც წინასწარ გამიზნული და დაგეგმილი ნაბიჯია. როგორ ფიქრობთ, ომის დანაშაულებს და არაადამიანურ მოპყრობას რუსეთი განზრახ იყენებს უკრაინელების წინააღმდეგ, როგორც ომის სტარტეგიას?

- „კონფლიქტების სადამკვირვებლო“ პროექტი დამოუკიდებელი პროექტია, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი აფინანსებს და რომელიც მთელ რიგ ღია წყაროებზე დაყრდნობით ატარებს გამოძიებებს. მათ სხვადასხვა ტიპის ომის დანაშაულები იკვლეიეს, მათ შორის საავადმყოფოებზე, კულტურულ დაწესებულებებზე თავდასხმები, ფილტრაციის ოპერაციები.

ჩვენი ცნობებით, ათასობით ბავშვია გატაცებული, რუსეთში გადაყვანილი და სავარაუდოდ გაშვილებული.

ეს გაუმართლებელი ძალადობა დაკავებული ადამიანების მიმართ მიუთითებს, რომ მისი მიზანი იყო სამოქალაქო მოსახლეობის დატერორება, უკრაინის დაჩოქება მუხლებზე. ჩვენ ვიცით, რომ დაკავებულებს საერთაშორისო წესების თანახმად, ჰუმანურად უნდა მოეპყრონ, ყველამ ვინც უცხო ქვეყნის მებრძოლი ძალის კონტროლის ქვეშაა, უნდა მიიღოს ჰუმანური მოპყრობა. და თუ ასე არაა, ეს ომის დანაშაულია. როცა ჩვენ გვესმის სანდო ცნობები იმის შესახებ, რომ ინდივიდები იყვნენ შეურაცხყოფის სამიზნე, დაკავებისას მათ საშინელ პირობებში ამყოფებდნენ, არ აძლევდნენ საკვებსა და სასმელ წყალს, აწამებდნენ, და ხშირად სიკვდილითაც სჯიდნენ, ეს ყველაფერი არის დანაშაული, რომლის მსგავსი მახასიათებლებიც გვინახავს დაკავების სხვა დაწესებულებებშიც. ეს მოიცავს არა მხოლოდ ომის პატიმრებს, არამედ ჩვეულებრივ მოქალაქებსაც, რომლებიც შეპყრობილი ჰყავდათ, ყველა ეს არის დანაშაული, რომლის ჩამდენიც უნდა გასამართლდეს.

- რა ვიცით ბავშვების დეპორტაციისა და იძულებითი გაშვილების შესახებ. იყო ცნობები მარიუპოლიდან და სხვა რეგიონებიდანაც რუსეთში არაერთი უკრაინელი ბავშვის იძულებითი გაშვილების თაობაზე. არის ეს ომის დანაშაული? და არის თუ არა ეს რუსეთის ომის ერთ-ერთი სტრატეგია?

- დიახ, კონფლიქტებზე “სადამკვირვებლო პროექტს” აქვს ანგარიში ამგვარი ფილტრაციის ოპერაციებზეც, რომელმაც დაასკვნა, რომ დეპორტაციების ეს ტრანსნაციონალური ინფრასტრუქტურა შექმნილი იყო 24 თებერვლამდე.

ასე რომ, ეს იყო რუსეთის წინასწარ განზრახული სტრატეგია, იმის მცდელობა, რომ შეცვალოს დემოგრაფია რეგიონში, რათა მასზე კონტროლი მოიპოვოს. ჩვენ ვხედავთ, რომ ფილტრაციის კუთხით, ადამიანთა ბედი ძირითადად სამნაირად წარიმართება ხოლმე:

პირველი, მათ შესაძლოა გაიარონ ფილტრაცია, რა შემთხვევაშიც განაგრძობენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ან კონტროლირებულ ტერიტორიებზე ცხოვრებას. ისინი შესაძლოა რუსეთში გადაასახლონ, მათ შორის ძალიან შორეულ ადგილებშიც, ან შესაძლოა დაკავების და ცუდი მოპყრობის სამიზნეც გახდე, თუკი ამ ადამიანებს რამენაირ საფრთხედ მიიჩნევენ რუსეთის კონტროლისა თუ ჰეგემონიისთვის რეგიონში.

ჩვენ ვიცით, რომ ამ პროცესში ბავშვებიც არიან. ჩვენი ცნობებით, ათასობით ბავშვია გატაცებული, გადაყვანილი და სავარაუდოდ გაშვილებული რუსეთში. ეს ბავშვები არ არიან ობოლი ბავშვები, მათ ჰყავთ ოჯახები, რომლებსაც შეეძლოთ მათზე ზრუნვა. მათი ამბავი უცნობია მას მერე, რაც რუსეთის ტერიტორიას გადაკვეთენ და იძულებით რუსულენოვნ ოჯახებში აშვილებენ. ეს ყველაფერი საერთაშორისო სამართლის თანახმად, შეიძლება გასამართლდეს, როგორც იძულებითი დეპორტაცია.

- უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს, სამხილებსაც არაერთი მხარე აგროვებს, მათ შორის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, ეუთო, ადამიანინს უფლებათა საბჭო. როგორ ხედავთ ამ გამოძიებების დასასრულს? გაქვთ საერთასორისო ტრიბუნალის მოლოდინი?

- რა თქმა უნდა, ეს ძალიან მასშტაბური ძალისხმევაა. ვფიქრობ უკრაინაში კონფლიქტმა თუ უკვე არ გადააჭარბა, მალე გადააჭარბებს სირიას - როგორც დანაშაულის უდიდესი ადგილი კაცობრიობის ისტორიაში.

ახლა უფრო მეტი ინფორმაცია გვაქვს, ვიდრე - ოდესმე. ახლა ლამის ზედმეტად ბევრი ინფორმაციის პრობლემაც კი დგას და საჭიროა მისი დახარისხება და საერთაშორისო სასამართლოებისთვის მომზადება და პრიორიტეტიზაცია. აქ შესაძლოა თანამედროვე ტექნოლოგიები ძალიან გამოგვადგეს. ათასობით საათის ჩანაწერები რიგითი უკრაინელების მიერაა გადაღებული, ტელეფონებით. ახლა ყველა დოკუმენტალისტია და ეს ყველაფერი უნდა შეგროვდეს, დახარისხდეს და პროკურორებს გადაეცეთ რათა მათ გადაწყვიტონ რომელ საქმეს ვის წინააღმდეგ გამოიყენებენ.

- საერთაშორისო სასამართლოს ერთ-ერთმა პროკურორმა უკრაინას „ერთი დიდი დანაშაულის ადგილი“ უწოდა. ჯარისკაცების დანაშაულზე სამართლებრივადაც მათი ბრძანებების გამცემებიც აგებენ პასუხს. თუმცა რას ფიქრობთ რუსულ ჯარზე, რამდენად დიდია იმისი შანსები, რომ ამ ჯარის ლიდერები, ოფიციალურ პირები, რომლებიც ომის დანაშაულებზე აგებენ პასუხს, დაისჯებიან?

- „ბრძანების გამცემთა პასუხისმგებობის თაობაზე“ დოქტრინა არის საერთაშორისო სამართლის მნიშვნელოვანი დოქტრინა, რომელიც საშუალებას იძლევა გასამართლდნენ იერარქიული ჯაჭვის ზემოთ, არა მხოლოდ სამხედრო კუთხით, არამედ პოლიტიკური კუთხითაც მყოფი პირები.

ავგუსტო პინოჩეტი და სლობოდან მილოშევიჩი ვერასდროს წარმოიდგენდნენ, რომ ისინი სასამართლო დარბაზს შიგნიდან ნახავდნენ და საბოლოოდ მათი ბრალი დამტკიცდებოდა.

მათ პასუხი უნდა აგონ მათი დაქვემდებარებული პირების დანაშაულებზე მაშინ, როცა მათ იცოდნენ, ან უნდა სცოდნოდათ იმ დანაშაულების თაობაზე, რომლებსაც ისინი სჩადიოდნენ ან აპირებდნენ ჩადენას. როცა ლიდერი ვერ იღებს აუცილებელ ზომებს იმისთვის, რომ ან თავიდან აირიდოს ეს დარღვევები ან მოგვიანებით გამოიძიოს ისინი და გაასამართლოს დამნაშავეები, საერთაშორისო სასამართლოს შეუძლია ამ დოქტრინის გამოყენება.

- მთავარი გამოწვევა სასამართლოსთვის ამ გასამართლებულ პირთა დაკავების საკითხი იქნება. უკრაინას შეუძლია დაუსწრებლად გაასამართლოს ისინი, ბევრ სახელმწიფოს შეუძლია ეს.

მაგრამ ეს არ შეუძლია საერთაშორისო სასამართლოს. ეს ნამდვილად დიდი გამოწვევა იქნება მანამ ,სანამ ამ დანაშაულების ჩამდენები რუსეთში იქნებიან და იქ პოლიტიკური ტრანსფორმაცია არ მოხდება, ისინი კვლავ დაუსჯელობით დატკბებიან. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ეს საქმეები დიდხანს იყოს გახსნილი და როცა რუსი დამნაშავეები დატოვებენ კონფლიქტის ზონას, როდესაც ყველაფერი დამშვიდდება და ხალხიც დაიწყებს ქვეყნის გარეთ მოგზაურობას და დატოვებენ თავიანთ უსაფრთხო გარემოსა და თავშესაფარს, პროკურორები მზად იყვნენ იმისთვის, რომ წაუყენონ მათ ბრალი და წარუდგინონ ეს ადამიანები სამართალს. ბევრი ლიდერი, მაგალითად გენერალი ავგუსტო პინოჩეტი და სლობოდან მილოშევიჩი ვერასდროს წარმოიდგენდნენ, რომ ისინი სასამართლო დარბაზს შიგნიდან ნახავდნენ და საბოლოოდ მათი ბრალი დამტკიცდებოდა.

- სლობოდან მილოშევიჩს თქვენც ახსენებთ, ზოგიერთმა სენატორმა და ევროპელმა ლიდერმა ვლადიმირ პუტინი სწორედ ყოფილ იუგოსლავიელ ლიდერს შეადარა. პრეზიდენტი ბაიდენი მას ომის კრიმინალსაც უწოდებს. იმ მტკიცებულებებით, რომლებიც ვლადიმირ პუტინს უკრაინაში ჩადენილ ამ ომის დანაშაულებთან აკავშირებს, და მისი პასუხისმგებლობით ამ აგრესიის, როგორც უპირველესი ომის დანაშაულის დაგეგმვის კუთხით. როგორ ფიქრობთ, უნდა იყოს თუ არა პუტინისთვის ისეთივე ტრიბუნალი როგორიც მილოშევიჩისთვის?

- თეორიულად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასაამართლოს აქვს იურისდიქცია ვლადიმირ პუტინზე, თუკი ისინი მას ოდესმე დააპატიმრებენ. უკრიანული სასამართლოსგან განსხვავებით, მას არ შეუძლია დაუსწრებლად გასამართლება. შეუძლიათ გამოძიების გახსნა, ბრალს დამტკიცება, მაგრამ ამის იქით ვერ წავლენ. ასე რომ, მისი იქ გასამართლების შანსი არსებობს.

ის, რა საერთო მახასიათებლებსაც ვხედავთ ყველგან, სადაც კი რუსული ჯარები იყვნენ, დაგვეხმარება სამართლებრივი საფუძვლების შექმნაში იმისთვის, რომ პასუხი აგონ „ბრძანებათა ჯაჭვში“ უფრო მაღლა მდგომმა ადამიანებმა. რადგან ეს ადასტურებს, რომ ეს არაა ინდივიდუალური ინციდენტები. რომ ისინი ან პირდაპირ ბრძანებებს ასრულებენ, ან რუსეთის სამხედრო და პოლიტიკურ ლიდერებს არ შეუძლიათ ან არ სურთ, რომ შესაბამისი ზედამხედველობა გაუწიონ თავიანთ ჯარისკაცებს.

ვფიქრობ, ფილტრაციის ოპერაციებიც ასევე უნდა განვიხილოთ, რადგან ასეთი უზარმაზარი ოპერაცია ამდენი ინფრასტრუქტურით, ვერ გაკეთდებოდა დაბალ დონეზე. ეს უნდა გაკეთებულიყო აუცილებლად მხოლოდ უმაღლეს დონეზე. ეს მზარდად ძალიან ორგანიზებული, ძალიან სისტემური ღონისძიებებია. ასე რომ მხოლოდ ისეთი გადაწყვეტილებების შედეგი შეიძლება იყოს, რომელიც უმაღლეს ეშელონებში მიიღება. ყველა ეს არის იმ ტიპის სამხილები, რომელსაც პროკურორები გამოიკვლევენ თუ სურთ, რომ მაღალი რანგის ფიგურებმა პასუხი აგონ იმაზე, რაც უკრაინაში ხდება.

- უკრაინას ამერიკის ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. როგორ ხედავთ ამ კუთხით თანამშრომლობის გაგრძელებას კონგრესის შემადგენლობის ცვლილების შემდეგ. არის თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტის ძალისხმევა დამოკიდებული ამგვარ ცვლილებებზე ან რომელიმე პარტიის მხარდაჭერაზე?

- ვფიქრობ, ჩვენ კვლავ გვექნება ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა უკრაინისთვის მართლმსაჯულებისა და ანგარიშვალდებულების მიღწევის კუთხით, ზოგადად, ტენდენცია ძალიან ნათელია, თუნდაც რამდენიმე კონკრეტული პირის ცვლილების შემთხვევაშიც. სენატორების ორპარტიული ჯგუფი ცოტა ხნის წინ ჰააგაშიც ჩავიდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლებთან შესახვედრად და გამოძიების გაგრძელების თაობაზე ამერიკის მხარდაჭერის გამოსახატად.

ასევე ვხედავთ უდიდეს ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უკრაინისთვის ზამთრის მოახლოებასთან ერთად, როცა უკრაინის მოქალაქეების დიდი ნაწილი ძალიან რთულ გარემოებებში ცხოვრობს.

ჩვენ განვაგრძობთ ყველაფრის კეთებას, რაც შეგვიძლია, რომ გავაძლიეროთ უკრაინა ბრძოლის ველზეც. არ ველოდები დიდ ცვლილებებს, ამერიკა ძალიან ერთგულია იმ მიზნის, რომ უკრაინაში მომხდართან დაკავშირებით იყოს მართლმსაჯულება და ანგარიშვალდებულება, და სხვაგანაც მსოფლიოში. ამას ყოველთვის ჰქონდა ორპარტიული მხარდაჭერა. ჩვენთვის არსებული დაფინანსებაც სწორედ იმის მტკიცებულებაა, რომ ამ საქმეს აქვს კაპიტოლიუმიდან ორპარტიული მხარდაჭერა და კონსენსუსი.

XS
SM
MD
LG