ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ხორბლის ექსპორტთან დაკავშირებულ შეთანხმებას უბრუნდება


რუსეთმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის თაობაზე დადებულ ხელშეკრულებაში მონაწილეობას გააგრძელებს. მანამდე მოსკოვმა განაცხადა, რომ გემების უკრაინის პორტებიდან გაშვების თაობაზე მიღწეული შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს წყვეტდა, რადგან არ არსებობდა უსაფრთხოების საკმარისი გარანტიები. ამ განცხადებებმა მსოფლიოს ზოგ ნაწილში ხორბლეულის დეფიციტის გამო შიმშილის რისკი გაიზარდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათ უკრაინის მთავრობისგან წერილობითი გარანტიები მიიღეს, რომ კიევი შავი ზღვის დერეფანს რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებისთვის არ გამოიყენებს. "რუსეთის მთავრობა თვლის, რომ მიღებული გარანტიები ამ მომენტისთვის საკმარისია და აღადგენს ხელშეკრულების პირობების აღსრულების პროცესს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ექსპორტში მონაწილეობის შეწყვეტა მოსკოვმა შაბათს იმით ახსნა, რომ ის შავ ზღვაზე სამოქალაქო გემების მოძრაობის უსაფრთხოებას ვეღარ უზრუნველყოფდა, რადგან უკრაინა მის ფლოტს უტევდა. თავის მხრივ, კიევი აცხადებს, რომ ეს ყალბი მიზეზია.

"აუცილებელია, რუსეთმა იცოდეს, რომ მსოფლიოსგან მკაცრ პასუხს მიიღებს, თუკი ის კვლავ გადადგამს სურსათის ექსპორტისთვის ხელისშემშლელ, ნებისმიერი სახის ნაბიჯს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშაბათს გაკეთებულ ვიდეო-მიმართვაში. მისი თქმით, ამ შემთხვევაში, "სასწორზე აშკარად ათობით მილიონი ადამიანის სიცოცხლეა".

რუსეთის გადაწყვეტილება ხელშეკრულებაში მონაწილე შუამავალმა მხარემ, თურქეთმაც დაადასტურა. "შეთანხმების მიხედვით, ხორბლეულის ტრანსპორტირება [შუადღის] 12 საათიდან გაგრძელდება ისე, როგორც ეს შეთანხმებულია", - განაცხადა 2 ნოემბერს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა.

ექსპორტთან დაკავშირებულ შეთანხმებაში რუსეთის დაბრუნების გადაწყვეტილებას მიესალმა გაეროში შეერთებული შტატების ელჩი, ლინდა თომას-გრინფილდიც. "ისინი ვერ უნდა გადაეღობონ წინ მთელი მსოფლიოს გამოკვების საქმეს" - უთხრა მან ტელეკომპანია "სი-ენ-ენს".

უკრაინიდან ექსპორტის თაობაზე რუსეთის განცხადების გამოქვეყნებისთანავე, გლობალურ ბაზრებზე სხვადასხვა მარცვლეულზე ფასები დაეცა. განსაკუთრებით იკლო ხორბლის, სიმინდის და სოიოს ფასებმა.

უკრაინა მარცვლეულის ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორია. უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, მოსკოვის მიერ უკრაინის შავი ზღვის პორტების დაბლოკვამ სურსათზე ფასების მატებას და ბევრ ქვეყანაში ცხოვრების ხარჯების ზრდას შეუწყო ხელი.

გაეროსა და თურქეთის შუამავლობით, 22 ივლისს რუსეთთან დადებულ შეთანხმებას ვადა 19 ნოემბერს გასდის. ევროკავშირში ვარაუდობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ხელშეკრულების განახლებას დიდი ოცეულის მომდევნო შეხვედრაზე დომინირების მიზნით, ერთგვარ პოლიტიკურ ბერკეტად გამოიყენებს. სამიტი მომავალ თვეში ინდონეზიაში იგეგმება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG