ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევი მოსკოვს უკრაინელების იძულებით დეპორტაციაში სდებს ბრალს


რუსეთმა მოქალაქეებს უკრაინის სამხრეთში მდინარე დნიპროს აღმოსავლეთ სანაპიროს დატოვება უბრძანა. კიევი მოსკოვს მოქალაქეების იძულებით დეპორტაციაში სდებს ბრალს.

რუსეთი აქამდე მოქალაქეებს იმ ტერიტორიების დატოვებას აიძულებდა, რა მიმართულებითაც უკრაინის შეიარაღებული ძალები წინ მიიწევს. თუმცა ახლა ადგილობრივი საოკუპაციო ძალების თქმით, ისინი მდინარის აღმოსავლეთ სანაპიროზეც ე.წ. 15 კმ-იანი ბუფერული ზონის შექმნას ცდილობენ.

უკრაინული მხარე ამბობს, რომ ეს ევაკუაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდა იძულებით დეპორტაციასაც გულისხმობს, რაც ომის დანაშაულია. რუსეთი ამტკიცებს, რომ ის მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანაზე ზრუნავს მაშინ, როცა უკრაინული მხრიდან არაკონვენციური იარაღის გამოყენების რისკი არსებობს.

"უკრაინის რეჟიმის მხრიდან ომის აკრძალული მეთოდების გამოყენების შესაძლებლობის გამო, ასევე იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომ კიევი კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე მასობრივი საჰაერო იერიშისთვის ემზადება, არსებობს დაუყოვნებლივი საფრთხე იმისა, რომ ხერსონის რეგიონი დაიტბოროს", - თქვა ვლადიმირ სალდომ, ხერსონში რუსეთის საოკუპაციო ძალების ლიდერმა. მისი თქმით, სწორედ ამიტომ საევაკუაციო ზონის 15 კმ-ით გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო და ეს უკრაინის მხრიდან იერიშის მოგერიებისა და სამოქალაქო პირების დაცვის შრეებს შექმნის.

მოსკოვი ბოლო კვირების განმავლობაში კიევს ე.წ. "ბინძური ბომბის" გამოყენების გეგმაში სდებს ბრალს. ამის მიზანი კი მისი მტკიცებით რადიაციის გავრცელება, ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება და ხერსონის ოლქის დასახლებული პუნქტების დატბორვაა. კიევი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ საკუთარ ტერიტორიაზე მისი მხრიდან ამგვარი მეთოდების გამოყენების სურვილიც კი აბსურდულია და რუსეთი შესაძლოა ამ ნაბიჯების გადადგმას თავად აპირებდეს.

XS
SM
MD
LG