ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ჩრდილოეთის ნაკადი 1" პროფილაქტიკური სამუშაოებისთვის გადაიკეტა


ორშაბათს, უდიდეს გაზსადენზე, რომლითაც რუსული გაზი გერმანიას მიეწოდება, ყოველწლიური პროფილაკტიკური სამუშაოები დაიწყო. მოსალოდნელია, რომ გაზის დინება 10 დღით შეწყდება, მაგრამ მთავრობები, ბაზრები და კომპანიები შიშობენ, რომ უკრაინაში ომის გამო, შესაძლოა მილსადენის გადაკეტვა გაგრძელდეს.

„ჩრდილოეთის ნაკადი 1“ მილსადენი, რუსეთიდან გერმანიაში წელიწადში 55 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს ატარებს. პროფილაქტიკური სამუშაოები 11 ივლისიდან 21 ივლისამდე გასტანს.

გასულ თვეში, რუსეთმა გაზის მიწოდების მოცულობა მილსადენის გამტარუნარიანობის 40 პროცენტამდე შეკვეცა და მიზეზად დაასახელა აღჭურვილობის დაბრუნების დაგვიანება, რომელსაც ტექნიკური მომსახურება კომპანია „სიმენსმა“ კანადაში გაუწია.

ამ უქმეებზე კანადამ განაცხადა, რომ გარემონტებულ ტურბინას დააბრუნებს, მაგრამ შესაძლოა რუსეთის ენერგო-სექტორის წინააღმდეგ სანქციები გააფართოოს.

ევროპა შიშობს, რომ შესაძლოა რუსეთმა დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოები გაახანგრძლივოს, რათა ევროპისთვის გაზის მიწოდება კიდევ უფრო შეზღუდოს. ეს ზამთრის სეზონისთვის საცავების შევსების გეგმებს შლის და აღრმავებს გაზის კრიზისს, რომელმაც მთავრობები აიძულა საგანგებო ზომებისთვის მიემართათ და მომხმარებლებისთვის მტკივნეულად მაღალი ფასები გამოიწვია.

გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა თქვა, რომ ქვეყანა მზად უნდა იყოს ისეთი სცენარისთვის, რომ რუსეთმა გაზის მიწოდება პროფილაქტიკური სამუშაოების პერიოდის შემდეგაც შეაჩეროს.

„ჩვენს მიერ უკვე ნანახ მაგალითებზე დაყრდნობით, ძალიან გამაოცებელი არ იქნება თუ რაღაც მცირე ტექნიკური დეტალი აღმოჩნდება და მათ შეეძლებათ თქვან, „ამის ჩართვა აღარ შეგვიძლია“, თქვა ჰაბეკმა ივნისის ბოლოს ერთ-ერთ ღონისძიებაზე.

კრემლის პრეს-მდივანმა პესკოვმა უარყო განცხადებები, რომ რუსეთი ნავთობს და გაზს პოლიტიკური წნეხის იარაღად იყენებს და განაცხადა, რომ პროფილაქტიკური სამუშაოებისთვის გათიშვა ჩვეულებრივი, დაგეგმილი მოვლენაა და არავინ არანაირ რემონტებს „არ იგონებს“.

ამ დროისთვის გერმანია გაზის სამ საფეხურიანი საგანგებო გეგმის მეორე საფეხურზე გადავიდა, რომელიც ერთი საფეხურით არის დაშორებული ისეთ სცენარს, რომლის დროსაც მთავრობა გაზის მოხმარებაზე შეზღუდვებს დააწესებს.

XS
SM
MD
LG