ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი: დასავლეთი აკვირდება, დაიწყებს თუ არა რუსეთი უკრაინაში დეესკალაციას


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სამშაბათს განაცხადა, რომ დასავლელი მოკავშირე ქვეყნები ელიან, შეასრულებს თუ არა რუსეთი ვალდებულებას, უკრაინის დედაქალაქ კიევსა და ჩრდილოეთ ქალაქ ჩერნიჰოვის გარშემო თავდასხმების დეესკალაციის შესახებ.

“ვნახავთ, შეასრულებენ თუ არა” - თქვა ბაიდენმა გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და იტალიის ლიდერებთან სატელეფონო საუბრის შემდეგ. „როგორც ჩანს, არსებობს კონსენსუსი. ვნახოთ, რას გვთავაზობენ ისინი“.

პრეზიდენტმა ბაიდენმა, თეთრ სახლში ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთის წარმომადგენლებმა, სტამბოლში გამართულ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე განაცხადეს, რომ რუსეთი შეაჩერებდა ოპერაციებს კიევის და და ჩერნიჰოვის გარშემო.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ ფომინმა თქვა, რომ ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს „ნდობის გაზრდას“ მოლაპარაკებების მიმართ რომელიც, თავის მხრივ, მიზნად ისახავს ბრძოლის დასრულებას.

პენტაგონმა დაადასტურა, რომ რუსული ძალების "მცირე რაოდენობამ" დაიწყო კიევიდან დაშორება, მაგრამ უწყებამ აშშ-ის პრეზიდენტზე მეტი სკეპტიციზმი გამოთქვა.

“ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის გადაადგილება და არა რეალური გაყვანა“, - განუცხადა პენტაგონის პრესმდივანმა ჯონ კირბიმ პენტაგონში ჟურნალისტებს.

“ჩვენ არ ვართ დარწმუნებულები, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ განცხადებით, საფრთხე დედაქალაქისთვის რადიკალურად შემცირდა“, - განაცხადა მან.

რუსული ძალების წინსვლა შეჩერებულია უკრაინელი მებრძოლების ძლიერი წინააღმდეგობის ფონზე.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსული ჯარები ყურადღებას გაამახვილებს დონბასზე, რომელიც მოიცავს უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე ლუჰანსკისა და დონეცკის სეპარატისტულ რეგიონებს. მისი თქმით, მოსკოვმა დიდწილად დაასრულა თავისი "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" პირველი ეტაპი, მათ შორის უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების დაკნინება.

“ვერაფერი ფარავს იმას, რაც მსოფლიომ იხილა ბოლო ერთი თვის განმავლობაში. ეს არის უკრაინის შეიარაღებული ძალების და მისი ხალხის გამბედაობა და სამხედრო ძლევამოსილება”- აცხადებს პენტაგონის სპიკერი.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინულმა ჯარებმა დაიბრუნა ქალაქი ტროსტიანეცი, ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქ სუმის მახლობლად, ხოლო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორშაბათს საღამოს გამოსვლაში განაცხადა, რომ უკრაინელმა ჯარებმა გაათავისუფლეს ირპინი, კიევის გარეუბანში.

სტამბოლში თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, უკრაინელ და რუს მომლაპარაკებლებს მოლაპარაკებების დაწყებამდე განუცხადა, რომ ორივე მხარის გადასაწყვეტია კონკრეტული შეთანხმების მიღწევა და „ამ ტრაგედიის შეჩერება“.

სამშაბათს გამართულ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, უკრაინის ელჩმა სერგი კისლიცამ თქვა, რომ რუსეთი შესაძლოა მზად იყოს ნაბიჯების გადადგმისთვის, მაგრამ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი ცეცხლის მდგრადი შეწყვეტისა და ყოვლისმომცველი დეესკალაციისკენ.

„უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა მხოლოდ რუსეთის ყველა შეიარაღებული ქვედანაყოფის გაყვანის შემდეგ იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა მან.

კისლიცამ ასევე მოუწოდა სახელმწიფოებს განაგრძონ ზეწოლა მოსკოვზე ახალი სანქციების მეშვეობით და განაგრძონ კიევის დახმარება იარაღით.

მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებები რისეთსა და უკრაინას შორის დღეს განახლდება.

გუშინ გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობდა რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი, რომელსაც ამ თვის დასაწყისში სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობის შემდეგ, მოწამვლის სიმპტომები აღენიშნებოდა. უკრაინის მოლაპარაკების გუნდის სულ მცირე ორ მაღალ წევრს მსგავსი სიმპტომები ჰქონდა.

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ აბრამოვიჩი სამშაბათის მოლაპარაკებებს დაესწრო არაფორმალურ საფუძველზე. პესკოვმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აბრამოვიჩი და დანარჩენი ორი მომლაპარაკებელი შესაძლოა მოწამლულიყვნენ და თქვა, რომ ეს იყო დასავლური ქვეყნების მიერ დაწყებული "საინფორმაციო ომის" ნაწილი.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG