ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დერეფნები რუსეთ-ბელარუსისკენ - კიევი მოსკოვის მოთხოვნას ამორალურს უწოდებს


ქალაქი ირპინი, უკრაინა, 7 მარტი, 2022 წელი

უკრაინულ და რუსულ მხარეებს შორის მოლაპარაკებათა მესამე რაუნდი მიმდინარეობს. წინა რაუნდებისას უკრაინული მხარე ამბობდა, რომ სასურველ მიზნებს ვერ მიაღწია. ბოლო შეხვედრისას, უმთავრესი საკითხი ჰუმანიტარული დერეფნების ორგანიზება იყო, თუმცა რუსულმა მხარემ ამ დერეფნების დროს ცეცხლი მაინც არ შეწყვიტა. დღეს კი კრემლი ამბობს, რომ ამ ე.წ. დერეფნებით ხალხის ევაკუაცია უკრაინის ალყაშემორტყმული ქალაქებიდან მხოლოდ რუსეთსა და ბელარუსში უნდა მოხდეს.

რუსულმა ძალებმა განაგრძეს უკრაინული ქალაქების რაკეტებით დაბომბვაც. რუსული მხარის ქმედებები გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტმაც. ემანუელ მაკრონის თქმით, ჰუმანიტარული პრობლემები შეუძლებელია მოგვარდეს იმ დერეფნების მეშვეობით, რომელიც თავიდანვე საფრთხის ქვეშაა. მისი თქმით, რუსეთის მხრიდან იმის თქმა, რომ "ხალხის დაცვა რუსეთში წაყვანით" იქნება შესაძლებელი, თვალთმაქცობაა. "ეს არის ცინიზმი და ეს აუტანელია".

ვოლოდიმირ ზელენსკის პრეს-სპიკერმა თქვა, რომ უკრაინის მოსახლეობას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ საკუთარი სახლები უკრაინული ტერიტორიების გავლით დატოვოს. მისივე თქმით, აბსოლუტურად ამორალურია, როდესაც მოსკოვი მოქალაქეთა ტანჯვის გამოყენებას სატელევიზიო შოუს შესაქმნელად იყენებს. პრეზიდენტის ადმინისტრაცია რუსეთს, ევაკუაციის განზრახ შეფერხებაში ადანაშაულებს.

ვიცე-პრემიერის, ირინა ვერესჩუკის თქმით, რუსეთი ცდილობს საფრანგეთის პრეზიდენტითა და სხვა ევროპელი ლიდერებით მანიპულირებას იმით, რომ ჰუმანიტარული დერეფნების დაშვებას მხოლოდ რუსეთისა და ბელარუსის მიმართულებით ითხოვს. მისი თქმით, უკრაინული მხარე საევაკუაციო დერეფნებს ქალაქ ლვოვის მიმართულებით ითხოვს.

XS
SM
MD
LG