ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“ნეტფლიქსი”, “ტიკტოკი”, “ამერიკან ექსპრესი” რუსეთში მუშაობას აჩერებს


“ნეტფლიქსმა” და “ტიკტოკმა”, რუსეთში საკუთარი სერვსისების უმეტესობა შეაჩერა. მიზეზი, მოსკოვის მიერ, უკრაინაში შეჭრაა. ამავე მიზეზით, რუსეთში იპერაციები შეწყვიტა ამერიკულმა საკრედიტო ბარათმა, “ამერიკან ექსპრესმა”.

“ტიკტოკმა” დაბლოკა ახალი ვიდეო პოსტები და პირდაპირი ტრანსლაცია, ხოლო "ნეტფლიქსმა" განაცხადა, რომ აჩერებს თავის სერვისს, მაგრამ არ აკონკრეტებს დამატებით დეტალებს. აშშ-ში დაფუძნებულმა "ნეტფლიქსმა", რუსეთში უკვე შეაჩერა შესყიდვები და ორიგინალური პროგრამების წარმოება.

“ტიკტოკმა” განაცხადა, რომ მისი ქმედება მიზნად ისახავს თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოებას, ასევე, რუსეთში „ყალბი ამბების“ შესახებ, ახლადდაწესებული რეგულაციების დაცვას.

“რუსეთის ახალი, „ყალბი ამბების“ შესახებ კანონის გათვალისწინებით, ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს გარდა იმისა, რომ შევაჩეროთ პირდაპირი ტრანსლაცია და ახალი კონტენტის განვათავსება, ვიდრე განვიხილავთ ამ კანონის უსაფრთხოების შედეგებს“, - თქვა კომპანიამ, 6 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

“ნეტფლიქსს” არ დაუსახელებია თავისი სერვისების შეჩერების კონკრეტული მიზეზი. კომპანია აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ასახავს "ადგილზე არსებულ გარემოებებს."

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გააძლიერა იმ მედიასაშუალებების და პირების დევნა, რომლებიც არ იცავენ კრემლის ხაზს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შესახებ.

5 მარტს, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ითვალისწინებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ავრცელებენ „ცრუ ამბებს“ რუსეთის შეიარაღებული ძალების საქმიანობის შესახებ და „რუსული ჯარების დისკრედიტაციას“ ეწევიან.

“ტიკტოკი”, რომელიც ჩინეთის ტექნოლოგიური კომპანიის “ByteDance”-ის ნაწილია აცხადებს, რომ გააგრძელებს „რუსეთში განვითარებული გარემოებების შეფასებას, რათა განვსაზღვროთ, როდის შეგვიძლია სრულად განვაახლოთ ჩვენი მომსახურება.” კომპანიის განცხადებით, უსაფრთხოება უმთავრესი პრიორიტეტია.

ახლა რუსეთში, “ტიკტოკის” მომხმარებლებს მხოლოდ ძველი ვიდეოების ნახვის შესაძლებლობა აქვთ.

“ამერიკან ექსპრესის” გადაწყვეტილებას, წინ უსწრებდა “ვიზის”, “მასტერ ქარდისა” და “ფეიფალის” გადაწყვეტილება, შეაჩერონ თავიანთი ოპერაციები რუსეთში.

“რუსეთის მიერ, უკრაინელ ხალხზე მიმდინარე, გაუმართლებელი თავდასხმის ფონზე, “American Express” აჩერებს ყველა ოპერაციას რუსეთში“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

“ჩვენ ასევე ვწყვეტთ ყველა ბიზნეს ოპერაციას ბელარუსში“, - აცხადებს “ამერიკან ექსპრესი".

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას, დასავლეთის მკაცრი ეკონომიკური სანქციები მოჰყვა.

დასავლელი ლიდერები, მათ შორის სასულიერო ლიდერები, კრემლის ქმედებებს გმობენ. რომის პაპმა ფრანცისკემ, საკვირაო მიმართვაში, ომის შეწყვეტისკენ გააკეთა მოწოდება.

“ომი სიგიჟეა. გთხოვთ შეჩერდეთ", - თქვა რომის პაპმა ფრანცისკემ და დასძინა, რომ უკრაინის ომში "სისხლისა და ცრემლების მდინარეები" მოედინება.

XS
SM
MD
LG