ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლინკენი ამბობს, რომ უკრაინამ შესაძლოა სამხედრო თვითმფრინავები პოლონეთისგან მიიღოს


ამერიკის სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ ვაშინგტონი აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ უკრაინას დამატებით სამხედრო თვითმფრინავები გადასცეს. ენტონი ბლინკენის თქმით, შესაძლოა ამ პროცესში პოლონეთი ჩაერთოს. ინფორმაციას "ალ-ჯაზირა" ავრცელებს.

„ჩვენ აქტიურად განვიხილავთ თვითმფრინავების საკითხს, რომლებიც პოლონეთმა შეიძლება მიაწოდოს უკრაინას, ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ თუ პოლონეთი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს როგორ შევავსოთ მარაგი,“- ამბობს ენტონი ბლინკენი. „ალ ჯაზირას“ ინფორმაციით, ამ დროისთვის კონკრეტულ ვადებზე საუბარი არ არის, თუმცა სახელმწიფო მდივნის თქმით, საკითხის განხილვა აქტიურად მიმდინარეობს.

გამოცემა „პოლიტიკოს“ ცნობით, ახლა ყველაზე რთული პოლონეთიდან უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავების ჩაყვანა იქნება. გამოცემის თქმით, ამერიკისა და პოლონეთის მთავრობები აქტიურად მუშაობენ კონკრეტული მარშრუტების შემუშავებაზე. საუბარია საბჭოთა კავშირის პერიოდში გამოშვებულ სამხედრო თვითმფრინავებზე, რომელთა მართვაც უკრაინელმა პილოტებმა უკეთ იციან.

„ჩვენ ვმუშაობთ პოლონელებთან ერთად ამ საკითხზე, კონსულტაციებს გავდივართ ნატოს წევრ ქვეყნებთან,“- ამბობს თეთრი სახლის წარმომადგენელი გამოცემა „პოლიტიკოსთან“ საუბრისისას, თუმცა მის ვინაობას გამოცემა არ ასახელებს.

შეგახსენებთ, რომ ვოლოდომირ ზელენსკიმ ამერიკას სამხედრო თვითმფრინავების მიწოდების თხოვნით გუშინ მიმართა, მაშინ როცა უკრაინის პრეზიდენტი ამერიკელ სენატორებს "ზუმის" აპლიკაციის საშუალებით ხვდებოდა.

„მან სასოწარკვეთით გვთხოვა სამხედრო თვითმფრინავები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავეხმაროთ ადმინისტრაციას, მიაწოდოს უკრაინას სამხედრო თვითმფრინავები,"- თქვა სენატის უმრავლესობის ლიდერმა დემოკრატიული პარტიიდან, ჩაკ შუმერმა.

ონლაინ შეხვედრას ამერიკის მთელი სენატი ესწრებოდა, როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიიდან. შეხვედრა დაახლოებით 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG