ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოდესა დაბომბვის მოლოდინში


ჩერნიევი, უკრაინა
ჩერნიევი, უკრაინა

უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთი ქ. ოდესის დაბომბვას აპირებს. ვოლოდომირ ზელენსკის თქმით, თუ რუსული ჯარი ამას გააკეთებს, ეს ომის და ისტორიის წინაშე ჩადენილი დანაშაული იქნება.

სატელევიზიო მიმართვის დროს, უკრაინის პრეზიდენტმა რუს სამხედროებს რუსულ ენაზე მიმართა და მოუწოდა, გააკეთონ არჩევანი სიცოცხლესა და მონობას შორის.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 5 მარტს განაცხადა, რომ უკრაინის სახელმწიფო საფრთხეშია, თუ ქვეყანა აღებულ კურსს გააგრძელებს. აეროფლოტის თანამშრომლებთან საუბრის დროს, პუტიმა თქვა, რომ უკრაინის საჰაერო სივრცის ჩაკეტვა „კოლოსალურ და კატასტროფულ შედეგებს მოიტანს არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის“. ჩნდება კითხვები თავად შეხვედრის დროს გადაღებულ კადრებთან მიმართებაში. არსებობს ვარაუდი, რომ ვიდეო ე.წ. მწვანე ოთახშია გადაღებული და შეხვედრა აეროფლოტის თანამშრომლებთან პირისპირ არ გამართულა.

არასაფრენი ზონა

ზელენსკი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ნატოს წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, უკრაინის ცა არასაფრენ ზონად გამოაცხადონ. თუმცა, დასავლეთში ამბობენ, რომ ეს არ მოხდება, რადგან ამან შესაძლოა კონფლიქტის ესკალაცია გამოიწვიოს.

ნატოში გაკეთებულ განცხადებებს უკრაინის პრეზიდენტმა გამოუსწორებელი შეცდომა უწოდა და თქვა, რომ ეს „უმოქმედობაა“

უკრაინის ცაზე ფრენის აკრძალვისკენ ზელენსკიმ ამერიკელ კანონმდებლებსაც მოუწოდა, მაშინ როცა ის სენატორებთან ონლაინ შეხვედრას მართავდა. ამ და სხვა საკითხებზე გვიან ღამით უკრაინის პრეზიდენტი თავის ამერიკელ კოლეგას, ჯო ბაიდენსაც ესაუბრა.

შეხვედრის შემდეგ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინას დამატებითი დახმარება აღუთქვა სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის, საუბარია სამხედრო შეიარაღებაზე, ტექნიკაზე, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებაზე.

5 მარტს, პოლონეთის და უკრაინის საზღვარზე გაიმართა შეხვედრა ამერიკის სახელმწიფო მდივანსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის. შეხვედრის ადგილი უკრაინის მხარეს ნეიტრალური ტერიტორია იყო. ენტონი ბლინკენმა რუსეთის აგრესიის პირობებში, დმიტრო კულებას დამატებითი მხარდაჭერა აღუთქვა.

პოლონეთში ყოფნის დროს, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ვაშინგტონი პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, ნატოს საზღვრის თითოეულ სანტიმეტრს დაიცავს. უკრაინას კი ის დამატებით 2.75 მილიარდი დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას დაჰპირდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG