ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ომის 10 დღე


მედიის დაბლოკილი ვებგვერდები და ევროპის უდიდესი ატომური სადგური რუსეთის ხელში

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის 10 დღის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა დაბომბა უკრაინის ქალაქები, რამაც სამოქალაქო მსხვერპლიც გამოიწვია. მიმომხილველები, დასავლელი ლიდერები აცხადებენ, რომ უკრაინაში რუსეთის ხელახალი შეჭრა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპულ სახელმწიფოზე განხორციელებული ყველაზე დიდი თავდასხმაა.

10 დღეში, ომმა მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილად, ან იძულებით გადაადგილებულ პირად აქცია, მოსკოვი კი დასავლეთის უპრეცედენტო სანქციების პირისპირ აღმოჩნდა, რომელიც მოსკოვის სულ უფრო იზოლირებას იწვევს. დასავლეთში კი შიშობენ, რომ კონფლიქტმა შესაძლოა კიდევ უფრო ფართო ხასიათი მიიღოს.

მოსკოვი კვლავ აცხადებს, რომ უკრაინაში მისი შეჭრა „სპეციალური ოპერაციაა“, რომლის მიზანი „საშიში ნაციონალისტების“ დაკავებაა. კრემლი ასევე კვლავ უარყოფს, რომ სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობაა.

კიევი კი კვლავ რუსული ძალებისა და ჯავშანტექნიკის ცეცხლის ქვეშაა. აფეთქებების ხმა, ქალაქის ცენტრშიც ისმოდა.

რუსულმა ძალებმა ალყა შემოარტყეს და დაბომბეს სამხრეთ-აღმოსავლეთის საპორტო ქალაქი მარიუპოლი. ქალაქის მერი, ვადიმ ბოიჩენკო აცხადებს, რომ ხუთდღიანი თავდასხმის შემდეგ, მარიუპოლს არ მიეწოდება არც ელექტროენერგია, არც წყალი, არ არის გათბობა, სურსათის მარაგები კი იწურება.

„ჩვენ უბრალოდ გავნადგურდით“ - ამბობს ბოიჩენკო.

ვლადიმირ პუტინის ქმედებებს, თითქმის საყოველთაო დაგმობა მოჰყვა. დასავლეთი კონფლიქტის მასშტაბების კიდევ უფრო გაზრდის პრევენციას, მძიმე სანქციებით ცდილობს.

რუსეთმა კი საინფორმაციო ომში შემდეგი ნაბიჯი გადადგა - პარასკევს, უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ, რუსი სამხედროების შესახებ „ყალბი“ ამბების გავრცელება დასჯადი გახადა, სასჯელად კი 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა განსაზღვრა.

რუსულ სახელმწიფო მედიასაშუალებებზე დაწესებული შეზღუდვების საპასუხოდ, რუსეთმა დაბლოკა „ფეისბუქი“ და ზოგიერთი სხვა სოციალური მედია. რუსეთში აღარ მაუწყებლობს საერთაშორისო მედიასაშუალებები, როგორიცაა „ამერიკის ხმა“, “ბიბისი“, „ბლუმბერგი“, „დოიჩე ველე“ და სხვა. „სიენენი“ და „სიბიეს ნიუსი“ აცხადებს, რომ რუსეთში მაუწყებლობას შეწყვეტენ.

მეტი სანქციის მოლოდნი

დღეს, ვაშინგტონის დროით 9:30 საათზე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდომირ ზელენსკი, ონლაინ შეხვედრას აშშ-ის სენატის წარმომადგენლებთან გამართავს.

შეერთებული შტატები, რუსული ნავთობის იმპორტის შემცირების გზებს განიხილავს, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს გლობალურ მიწოდებასა და მომხმარებლებზე გავლენა. ამერიკელი კანონმდებლები დაჩქარებული წესით მუშაობენ კანონპროექტზე, რომელიც რუსეთიდან ენერგოიმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს. მიწოდების შემცირების გამო, მიმდინარე კვირაში, ნავთობის გლობალური ფასი 20%-ით გაიზარდა.

პარასკევს გამართულ შეხვედრაზე, ნატოს მოკავშირეებმა უარყვეს ფრენის აკრძალული ზონების შექმნის შესახებ, უკრაინის მიმართვა. ალიანსი აცხადებს, რომ უკრაინის მხარდაჭერას აძლიერებს, თუმცა მიიჩნევს, რომ უშუალო ჩარევამ შესაძლოა ვითარება გააუარესოს.

„ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა... აღვკვეთოთ ამ ომის ესკალაცია უკრაინის ფარგლებს გარეთ, რადგან ეს იქნება კიდევ უფრო საშიში, უფრო დამანგრეველი და კიდევ უფრო მეტ ადამიანურ ტანჯვას გამოიწვევს“ - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

ალიანსის პასუხს, ზელენსკის მწვავე კრიტიკა მოჰყვა. „ნათელია, რომ ევროპის თავისუფლებისთვის ბრძოლას, ნომერ პირველად ყველა არ მიიჩნევს“ - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

რუსეთის წინააღმდეგ, ევროკავშირის მხრიდან კიდევ უფრო მეტი სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე საუბრობს ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი. საიმონ ქოვენის თქმით, სანქციებში შესაძლოა მოექცეს რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები. ასევე, შესაძლოა დაიბლოკოს რუსეთიდან ფოლადის, ხე-ტყის, ალუმინის და ქვანახშირის იმპორტი.

ამ ფონზე, რუსეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი დასრულების შესახებ მოლაპარაკებები „საწყისი წერტილიდან არ დაძრულა. რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ ცნობით, ამის შესახებ სერგეი შოიგუმ, გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან საუბრისას განაცხადა.

ჰუმანიტარული კატასტროფა

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი, ჰუმანიტარულ კატასტროფას იწვევს. მილიონზე მეტი უკრაინელი ახლა უკვე იძულებით გადაადგილებული პირი, ან ლტოლვილია.

პარასკევს, რუსეთის მიერ ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე განხორციელებულმა თავდასხმამ, კონფლიქტი კიდევ უფრო სახიფათო ნიშნულზე აიყვანა. თუმცა, მოგვიანებით ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ობიექტი უსაფრთხოდ იყო. ზაპორიჟიეს ატომური სადგური, ევროპაში ყველაზე დიდია და მარიუპოლიდან დასავლეთით, 230 კმ-ში მდებარეობს.

გაეროში მოსკოვის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ატომურ ელექტროსადგურსა და მიმდებარე ტერიტორიას, ახლა რუსული ჯარები „იცავს“.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში შეერთებული შტატების წარმომადგენელმა, ლინდა თომას გრინფილდმა განაცხადა, რომ მსოფლიომ ბირთვული კატასტროფა თავიდან სასწაულებრივად აიცილა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG