ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატო უკრაინაში არა საფრენი ზონის დაწესებაზე უარს ამბობს


ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი

ნატოს მოკავშირეებმა უკრაინას უარი უთხრეს არა საფრენი ზონის დაწესებაზე, თუმცა პირობა დადეს, რომ სამხედრო დახმარებას გაუზრდიან. 4 მარტს მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ ნატოს კონფლიქტში პირდაპირი ჩარევა შედეგად მოიტანს უფრო ფართომასშტაბიან ევროპულ ომს, რომელიც გაცილებით დაუნდობელი იქნება.

„ჩვენ ამ კონფლიქტის ნაწილი არ ვართ“, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე. „ჩვენი, როგორც ნატოს მოკავშირეების პასუხისმგებლობაა ამ ომის უკრაინის მიღმა ესკალაციის პრევენცია, რაც უფრო საშიში და უფრო დამანგრეველი იქნება და ადამიანების უფრო მეტ ტანჯვას გამოიწვევს“, თქვა სტოლტენბერგმა.

24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ათასობით ადამიანია დაღუპული. ერთ მილიონზე მეტი უკრაინელი მეზობელ ქვეყნებს ლტოლვილებად აფარებენ თავს. პუტინის მიერ უკრაინაზე თავდასხმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე ფართომასშტაბიანი ომია.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთის ქვეყნებს არა საფრენი ზონის დაწესებას სთხოვს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსული ჯარი დასახლებულ პუნქტებს ბომბავს. 4 თებერვალს გამთენიისას რუსეთმა ზაპორიჟიეს ბირთვული ელექტრო სადგური დაბომბა, რის შემდეგაც სადგურის ზოგიერთ შენობას ხანძარი გაუჩნდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სადგურს ამ დროისთვის რუსეთის ჯარი აკონტროლებს.

XS
SM
MD
LG