ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლავროვი: რუსეთი მზადაა ნატოსთან დიალოგისთვის


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი.

რუსეთის მიერ, უკრაინაში შეჭრის პარალელურად, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ „რუსეთი ყოველთვის მზადაა“ ნატოსთან დიალოგისთვის. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ამის შესახებ პაკისტანელ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა.

„ჩვენ ვიყავით ძალიან ინტენსიურ და კონკრეტულ დისკუსიებში ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან, სხვებთან, ნატოსთან, ნატოს სხვა წევრებთან. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ვალდებულებების დაბრუნების შანსი ჯერ კიდევ არსებობს და რამდენადაც ჩვენ ვახორციელებთ პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ ზომებს ქვეყნისა და რუსი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის მზად ვიქნებით დიალოგისთვის, რომელიც დაგვიბრუნებს მართლმსაჯულებასა და გაეროს წესდების პრინციპებს“ - აცხადებს ლავროვი.

ლავროვი კვლავ იმეორებს მოსკოვის შეშფოთებებს იმის თაობაზე, რომ დასავლეთმა უგულვებელყო რუსეთის მიერ მოთხოვნილი ე.წ. „უსაფრთხოების გარანტიები“. კრემლი აშშ-გან და ნატოსგან ითხოვდა წერილობით დასტურს იმისა, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები არასდროს გახდებიან. პასუხად, ვაშინგტონმა და ალიანსმა განაცხადა, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა უცვლელი რჩება და ქვეყნებს აქვთ სუვერენული უფლება, თავად აირჩიონ ალიანსები.

ვლადიმირ პუტინმა, უკრაინაში, დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილების შესახებ, მოსკოვის დროით 24 თებერვალს, გამეთენიის ისაუბრა. ამის შემდეგ, რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის რამდენიმე ქალაქი დაბომბა. მათ შორის, აფეთქებების ხმა ისმოდა დედაქალაქ კიევში.

მალევე, უკრაინის ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრმა კულებამ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

XS
SM
MD
LG