ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბორის ჯონსონი რუსეთისთვის ახალ ეკონომიკურ სანქციებს აანონსებს


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი, ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა. ჯონსონის თქმით, მან უკრაინას ბრიტანეთის მხარდაჭრა შესთავაზა, ვინაიდან „ჩვენი ყველაზე საშინელი შიშები ახლა ახდა და ყველა ჩვენი გაფრთხილება ტრაგიკულად ზუსტი აღმოჩნდა“, - წერს ჯონსონი.

ჯონსონი ამბობს, რომ პრეზიდენტმა პუტინმა, ევროპის კონტინენტზე ომი დაიწყო, თავს დაესხა მეზობელ მეგობრულ სახელმწიფოს ნებისმიერი პროვოკაციისა და რაიმე საბაბის გარეშე. „ჩვენ და დანარჩენ სამყაროს, არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ [უკრაინის] თავისუფლება განადგურდეს. ჩვენ არ შეგვიძლია და არც გავიხედავთ გვერდით“, - განაცხადა ჯონსონსმა.

ბრიტანეთის პრემიერის თქმით, სულ მალე მისი ქვეყანა, მოკავშირეებთან ერთად ახალ, მძლავრ სანქციებს დაუწესებს რუსეთს.

„დღეს, ჩვენ მოკავშირეებთან ერთად, შევთანხმდებით ეკონომიკური სანქციების მასობრივ პაკეტზე, რათა რუსეთის ეკონომიკა შევაფერხოთ. ამავე მიზნით, ჩვენ კოლექტიურად უნდა შევწყვიტოთ დამოკიდებულება რუსულ გაზსა და საწვავზე, რაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში პუტინს გავლენას აძლევდა დასავლურ პოლიტიკაზე“, - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც ბორის ჯონსონმა თავის ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.

იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ბრიტანეთი და ამერიკა რუსულ კომპანიებს დოლარსა და ფუნტზე წვდომას შეუწყვეტენ, ამბობდა 20 თებერვალს ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი. ის ასევე აანონსებდა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში დასავლეთის სანქციები ბევრად უფრო შორს წავიდოდა, ვიდრე მას აქამდე საჯაროდ ამაზე ულაპარაკია.

დღეს კი თქვა, რომ „ჩვენი მისია ნათელია: დიპლომატიურად, პოლიტიკურად, ეკონომიკურად, და საბოლოოდ, სამხედრო თვალსაზრისით, ვლადიმირ პუტინის ეს საშინელი და ბარბაროსული წამოწყება მარცხით უნდა დასრულდეს“.

თავის საკმაოდ მოცულობით მიმართვაში ბორის ჯონსონმა რუს ხალხსაც მიმართა და უთხრა, რომ არ სჯერა, რომ ომი, სისხლისღვრა, რომელიც ახლა მათი სახელით ხდება, მათ მართლაც სურს. უკრაინის მოსახლეობას კი თავისი კეთილი სურვილები გადასცა და კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ დასავლეთი მათ გვერდით დგას და ისინი გააკეთებენ ყველაფერს, რათა დაიცვან უკრაინის სუვერენიტეტი.

„ეს არის თავდასხმა დემოკრატიასა და თავისუფლებაზე აღმოსავლეთ ევროპაში და მთელ მსოფლიოში. ეს კრიზისი ეხება თავისუფალი, სუვერენული დამოუკიდებელი ევროპელი ხალხის უფლებას აირჩიოს საკუთარი მომავალი. და ეს არის უფლება, რომელსაც დიდი ბრიტანეთი ყოველთვის დაიცავს“,- ასე მთავრდება ბრიტანეთის პრემიერის განცხადება, რომელიც პირობას დებს, რომ დღესვე, რუსეთს ახალ მკაცრ ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს.

XS
SM
MD
LG