ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ჯონსონი და ჯონსონის" ე.წ. ბუსტერის ეფექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშაა


აშშ-ის სურსათის და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მთავარი ოფისი ქ. უაით-ოუქში, მერილენდის შტატი
აშშ-ის სურსათის და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მთავარი ოფისი ქ. უაით-ოუქში, მერილენდის შტატი

ოთხშაბათს გამოქვეყნებული ნაშრომის მიხედვით, მათთვის, ვინც კოვიდ-19-ზე "ჯონსონი და ჯონსონის" ვაქცინით აიცრა, შესაძლოა უმჯობესი იყოს გამაძლიერებელ დოზად არა იმავე კომპანიის, არამედ "ფაიზერის" ან "მოდერნას" კოვიდ-19-ის ვაქცინა მიიღოს. ამ ე.წ. ბუსტერების ეფექტურობასთან დაკავშირებული კვლევის შედეგები ეფუძნება ამერიკაში დამტკიცებული ვაქცინების ფედერალურ კლინიკურ გამოცდას. ნაშრომს ჯერ კოლეგების განხილვის ეტაპი არ გაუვლია და შესაბამისად, სამეცნიერო ჟურნალში ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ არის.

შეერთებული შტატების მთავარი მარეგულირებლის, აშშ-ის სურსათის და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) სპეციალისტები "ჯონსონი და ჯონსონის" ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის ეფექტურობაზე და უსაფრთხოებაზე საბოლოო დასკვნას პარასკევს, გამოიტანენ. პანელი არა ფედერალური თანამშრომლების, არამედ დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შედგება. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, საკითხი დასამტკიცებლად გადავა აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრში (CDC).

ცოტა ხნით ადრე, სურსათის და მედიკამენტების ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა 14-15 ოქტომბრისთვის დაგეგმილი, ბუსტერების განხილვის საპრეზენტაციო მასალა. მასში თავად "ჯონსონი და ჯონსონის" მიერ საკუთარი ვაქცინის გამაძლიერებელ დოზად გამოყენების თაობაზე ჩატარებული კვლევის შედეგებიც არის მოცემული.

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ამ ორ კვლევას შორის არსებულ განსხვავებებზე ცხარე დებატები გაიმართება. სასწორზეა სულ ცოტა, 15 მილიონი ამერიკელისთვის ვაქცინის დამატებითი დოზის შერჩევა, რომელთაც "ჯონსონი და ჯონსონის" ერთდოზიანი კოვიდ-19-ის ვაქცინა გაიკეთეს. თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ ამ კომპანიის ე.წ. ბუსტერები მაინც დამტკიცდეს, რადგან "ჯონსონი და ჯონსონის" ვაქცინის გამაძლიერებელი დოზაც ახალი კვლევის მიხედვით, ნაკლებად, მაგრამ მაინც ეფექტურია.

რაც შეეხება ახალ ფედერალურ კვლევას, მასში 9 ჯგუფს აკვირდებოდნენ, 50 ადამიანით. თითოეულმა მიიღო ამერიკაში ავტორიზებული 3 ვაქცინის სხვადასხვა კომბინაცია. სამ ჯგუფში გამაძლიერებელი დოზა ერთი და იგივე ვაქცინით გაკეთდა. დანარჩენ ექვსში კი - სხვა კომპანიის ბუსტერით.

მათ ორგანიზმში, ვინც პირველად "ჯონსონი და ჯონსონის" ვაქცინა გაიკეთა, შემდეგ კი "მოდერნას" ბუსტერი, მომდევნო 15 დღეში ანტისხეულების რაოდენობა 76-ჯერ გაიზარდა; "ფაიზერის" ბუსტერის შემთხვევაში - 35-ჯერ; "ჯონსონის და ჯონსონის" ბუსტერის შემთხვევაში კი მხოლოდ 4-ჯერ.

ფედერალური კვლევის ავტორია ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი. კვლევის ლიმიტებს შორის სახელდება მონაწილეთა მცირე რიცხვი. ამას გარდა, ორგანიზმში იმუნიტეტის გაზომვა მოხდა მხოლოდ ანტისხეულების გამომუშავებაზე დაყრდნობით. მეცნიერებს არ შეუმოწმებიათ, თუ რამდენად კარგად გაავარჯიშა ე.წ. ბუსტერმა უჯრედები ინფექციის ამოცნობაში და მის გაუვნებელყოფაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG