ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოს 40% წლის ბოლომდე უნდა აიცრას - გაეროს ახალი სტრატეგია


გაეროს გენერალური მდივანი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტელეკონფერენციაზე

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ლიდერებმა დღეს პანდემიასთან ბრძოლის ახალ სტრატეგიაზე იმსჯელეს. ანტონიო გუტერეში - გაეროს გენერალური მდივანი და ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ახალ ამბიციურ სტრატეგიაზე შეთანხმდნენ.

მათ 2021 წლის დასასრულამდე კოვიდ-19-ზე მსოფლიოს მოსახლეობის 40 პროცენტის აცრა სურთ. 2022 წლის ზაფხულისთვის კი აცრილების რაოდენობა 70% უნდა გახდეს.

"ვაქცინების წარმოების წყალობით, რაც ახლა თვეში დაახლოებით 1.5 მილიარდ დოზას შეადგენს, ჩვენ შეგვიძლია წლის ბოლომდე [აცრებით] ყველა ქვეყნის მოსახლეობის 40%-მდე მოცვა, თუკი შევძელით $8 მილიარდის მობილიზება, რათა დისტრიბუცია გათანაბრდეს" - განაცხადა გუტერეშმა ონლაინ გამართული კონფერენციის შემდეგ მოწყობილ პრესკონფერენციაზე.

ჯანმოს დირექტორი აღნიშნავს, რომ დღეისთვის, მსოფლიოს მასშტაბით კოვიდ-19-ის ვაქცინის 6.5 მილიარდი დოზაა ადმინისტრირებული. დასახული მიზნების მისაღწევად კი დამატებით 5 მილიარდი დოზაა საჭირო. "საქმე არა მომარაგების პრობლემასთან, არამედ ალოკაციის პრობლემასთან გვაქვს" - განაცხადა გებრეიესუსმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თქმით, მოსახლეობის 40%-ის ვაქცინაცია კორონავირუსის პანდემიის მწვავე ფაზას დაასრულებს. თუმცა, თუ ამ მიზნების მიღწევა არ მოხერხდა, ვირუსის ახალი ვარიანტების წარმოშობის რისკები კვლავ იარსებებს, რომლებიც შესაძლოა ვაქცინების მიმართ მდგრადი აღმოჩნდეს.

დღეისთვის დადასტურებულად ინფიცირებულთა რიცხვი მსოფლიოს მასშტაბით 236.67 მილიონს აჭარბებს. კოვიდ-19-ის გართულებებით გარდაიცვალა სულ ცოტა, 4.8 მილიონი ადამიანი. ეს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის კორონავირუსის რესურს-ცენტრის მონაცემებია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG