ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირში ე.წ. ბუსტერების სასწრაფო საჭიროებას ვერ ხედავენ


დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ევროპული ცენტრი (ECDC) ამ ეტაპზე სრულად აცრილი ადამიანებისთვის კოვიდ-19-ის ვაქცინის დამატებითი, გამაძლიერებელი დოზის საჭიროებას ვერ ხედავს. განცხადება ევროპის კავშირის ჯანდაცვის მარეგულირებელმა ორგანომ ოთხშაბათს გააკეთა.

გადაწყვეტილება ECDC-ის თქმით, ეფუძნება დამატებითი დოზების, ე.წ. ბუსტერების ეფექტურობის შესახებ წარდგენილ მონაცემებს. მანამდე, გასულ თვეში, მსგავსი განცხადება გაავრცელა ევროპის მედიცინის სააგენტომ (EMA), რომელიც ამბობს, რომ მეტი მონაცემების შესწავლაა საჭირო იმისთვის, რომ დადგინდეს ორგანიზმში ვაქცინით გამოწვეული დაცვის ხანგრძლივობა.

ჯერჯერობით, მიმდინარე ვაქცინაციის რეალური მონაცემები ადასტურებს, რომ ევროპის რეგიონში დამტკიცებული ვაქცინები კოვიდ-19-ით მაღალ ეფექტურობას აჩვენებს ჰოსპიტალიზაციის, მწვავე დაავადების და სიკვდილის წინააღმდეგ - ნათქვამია ECDC-ის განცხადებაში. თუმცა, ცენტრი იქვე ამბობს, რომ დამატებითი დოზების ადმინისტრირება უნდა განიხილებოდეს მათთვის, ვისაც ვაქცინაზე სტანდარტულისგან განსხვავებული, სუსტი იმუნური რეაქცია აქვს.

საფრანგეთმა ოთხშაბათს დამოუკიდებლად დაიწყო დამატებითი დოზის ადმინისტრაცია. კოვიდ-19-ის გამაძლიერებელი ვაქცინა ავტორიზებულია 65 წლის ზევით და ასევე იმ ადამიანებში, ვისაც იმუნიტეტი სხვადასხვა დაავადების, ან მკურნალობის გამო, დასუსტებული აქვს.

ე.წ. ბუსტერის მიღება საფრანგეთში შესაძლებელია „ფაიზერის“ ან „მოდერნას“ ვაქცინით სრულად აცრიდან 6 თვის ვადის გასვლის შემდეგ. მათ, ვინც „ჯონსონი და ჯონსონის“ ერთდოზიანი ვაქცინით აიცრა, შეუძლიათ „მოდერნას“ ან „ფაიზერ-ბიონტექის“ ვაქცინა 4 კვირის ვადაში მიიღონ. მსგავსი გადაწყვეტილება გერმანიამაც მიიღო.

სუსტი იმუნიტეტის მქონეთათვის ბუსტერი შეერთებულ შტატებშიც ავტორიზებულია. 20 სექტემბრისთვის მოელიან, რომ მარეგულირებლები გადაწყვეტენ, შესთავაზონ თუ არა დამატებითი დოზა მოსახლეობის უფრო ფართო ნაწილს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG