ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღის სიახლეები კოვიდ-19-ის ფრონტიდან


აშშ: „ფაიზერმა“ ანტივირუსული აბის კლინიკური გამოცდა დაიწყო

ამერიკული ფარმაცევტული გიგანტი „ფაიზერი“ აცხადებს, რომ უკვე დაიწყო კოვიდ-19-ის ანტივირუსული მედიკამენტების კლინიკური გამოცდა. აბები არაჰოსპიტალიზებული სიმპტომური დაავადების მქონე ზრდასრული ადამიანების თერაპიისთვისაა განსაზღვრული. კომპანიამ აღნიშნული განცხადება ოთხშაბათს გაავრცელა.

კლინიკურ გამოცდის 2/3 ფაზაში მონაწილეობას 1 140 ადამიანი იღებს. ისინი 5 დღის მანძილზე ყოველ 12 საათში მიიღებენ ახალ პრეპარატს PF-07321332, ან პლაცებოს. თერაპია დაბალი დოზით „რიტონავირის“ მიღებასაც ითვალისწინებს, რომელიც აქამდეც გამოიყენებოდა სხვა ანტივირუსულ პრეპარატებთან ერთად. წარმატების შემთხვევაში, „ფაიზერში“ ამბობენ, რომ მათი მედიკამენტი საგანგებო ავტორიზაციის აქტის საფუძველზე, შეიძლება წლის ბოლომდე დამტკიცდეს.

კლინიკური გამოცდის დაახლოებით იმავე ეტაპზეა კომპანია „მერკი“. ისიც არაჰოსპიტალიზებულ პაციენტებზე ცდის პრეპარატს „მოლნუპირავირი“, რათა დაადგინოს, შესაძლებელია თუ არა ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილობის რისკის შემცირება.

ბრიტანეთი: ხანგრძლივი კოვიდი ბავშვებში ყოველ მეშვიდეს აქვს

იმ ბავშვებს შორის, ვინც კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი მიიღო, ყოველ მეშვიდეს კოვიდ-19-ის სიმპტომები თვეების მანძილზე გაუგრძელდა. ოთხშაბათს ბრიტანეთში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ბავშვებს მძიმე ფორმით კოვიდ-19 იშვიათად აქვთ, თუმცა ე.წ. ხანგრძლივი კოვიდი მათ შეიძლება 4 თვის შემდეგაც ჰქონდეთ. გამოკითხულების 14 პროცენტში, 3 ან მეტი სიმპტომი 15 კვირის შემდეგაც ფიქსირდებოდა.

ლონდონის საუნივერსიტეტო სკოლის და ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთობლივ კვლევაში მონაწილეობა 11-დან 17 წლამდე ასაკის 3 065 მოზარდმა მიიღო, რომელთაც კოვიდ-19-ის ტესტზე დადებითი პასუხი იანვრიდან მარტამდე მიიღეს. საკონტროლო ჯგუფში კი იმავე ასაკობრივი ჯგუფის 3 739 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაც ტესტზე უარყოფითი პასუხი ჰქონდათ.

იაპონია: დაბინძურების გამო „მოდერნას“ ვაქცინის მილიონობით დოზა შეაჩერეს

ბოლო ერთ კვირაში „მოდერნას“ კოვიდ-19-ის ვაქცინებს შორის, იაპონიამ დაბინძურება უკვე მე-4 ამპულაში იპოვა. ამ ეტაპზე ტოკიომ წუნი მთელ პარტიას დაადო და ჯამში 1.63 მილიონი დოზა „მოდერნას“ ვაქცინა შეჩერებულია. იაპონიის ორ პრეფექტურაში აცხადებენ, რომ ამპულებში უცხო სხეულები იპოვეს.

„მოდერნას“ ვაქცინას ამპულებში ესპანური კომპანია „როვი“ აფასოებს. ორივე კომპანია აცხადებს, რომ მიმდინარეობს გამოძიება და მიზეზი შეიძლება წარმოების ხარვეზი იყოს. ისინი არც იმას გამორიცხავენ, რომ ვაქცინაციის პროცესში ამპულაში ნემსის ჩარჭობა არასწორად ხდება. ეს კი ვაქცინაში ამპულის საცობიდან უცხო სხეულების მოხვედრას იწვევს.

იაპონიაში „მოდერნას“ ვაქცინის შეჩერება მოხდა მაშინ, როცა ქვეყანაში ინფიცირება პიკს აღწევს. აგვისტოში კოვიდ-19-ით ინფიცირება 25 000-ს შემთხვევას აჭარბებდა, რასაც სპეციალისტები უმეტესად დელტა ვარიანტის გავრცელებას უკავშირებენ.

საფრანგეთი ე.წ. ბუსტერის ფართოდ ადმინისტრირებას იწყებს

ევროპის კავშირში საფრანგეთი პირველი დიდი სახელმწიფოა, სადაც დღეს კოვიდ-19-ის ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის, ე.წ. ბუსტერების ფართო ადმინისტრაცია დაიწყო. დამატებითი დოზა ავტორიზებულია 65 წლის ზევით და ასევე იმ ადამიანებში, ვისაც იმუნიტეტი სხვადასხვა დაავადების, ან მკურნალობის გამო, დასუსტებული აქვს.

გამაძლიერებელი დოზის მიღება შესაძლებელია „ფაიზერის“ ან „მოდერნას“ ვაქცინით სრულად აცრიდან 6 თვის ვადის გასვლის შემდეგ. მათ ვინც „ჯონსონი და ჯონსონის“ ერთდოზიანი ვაქცინით აიცრა, შეუძლიათ „მოდერნას“ ან „ფაიზერ-ბიონტექის“ ვაქცინა 4 კვირის ვადაში მიიღონ. საფრანგეთის მაგალითის მიბაძვას ევროპის ბევრი სხვა სახელმწიფოც გეგმავს.

ჯანმომ სახელი კორონავირუსის კიდევ ერთ ვარიანტს დაარქვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყურადღებით აკვირდება კორონავირუსის კიდევ ერთ ვარიანტს, რომელსაც მიუ დაარქვეს და მას „ინტერესის ვარიანტის“ კლასიფიკაცია მიანიჭეს. აქამდე ცნობილი იყო ალფა, ბეტა, გამა და დელტა ვარიანტები.

სარს-კოვ-2-ის შედარებით ახალი ვარიანტი განსაკუთრებით ვრცელდება კოლუმბიასა და ეკვადორში და შესაძლოა, ვაქცინებისადმი რეზისტენტულობის ნიშნებსაც ავლენდეს. "მიუ ვარიანტს მუტაციების ისეთი კომბინაცია აქვს, რაც იმუნიტეტისგან თავის დასხლტომაზე მიანიშნებს" - ნათქვამია განცხადებაში.

ეს ვარიანტი პირველად 2021 წლის იანვარში კოლუმბიაში აღმოაჩინეს და მისი სამეცნიერო სახელია B.1.621. მსოფლიოს მასშტაბით მიუ ვარიანტის პრევალენტობა (ფართო გავრცელება) 0.1%-ს არ აღემატება. თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ კოლუმბიაში და ეკვადორში მისი გავრცელება "გამუდმებით იზრდება". კოლუმბიაში კოვიდ-19-ით დაავადებულთა 39% სწორედ მიუ ვარიანტითაა ინფიცირებული, ეკვადრორში კი - 13 %.

ჩრდილოეთ კორეა უარს ამბობს „სინოვაკის“ ვაქცინის 3 მილიონ დოზაზე

პეკინმა უარი მიიღო ჩრდილოეთ კორეისთვის შეთავაზებულ კოვიდ-19-ის 3 მილიონ დოზაზე, რომელიც ჩინურ კომპანია „სინოვაკ ბიოტექშია“ წარმოებული. ფხენიანი ეთიკურ მიზეზებს იშველიებს და ამბობს, რომ ვაქცინები ისეთ ქვეყნებს უნდა გაეგზავნოს, რომელთაც პანდემიამ დიდი ზიანი მიაყენა. განცხადებას იუნისეფი, გაეროს ბავშვთა ფონდი ავრცელებს.

იზოლაციაში მყოფი ჩრდილოეთ კორეა, რომელსაც მსოფლიოსთან კონტაქტი ისედაც ლიმიტირებულად აქვს, ამბობს, რომ კოვიდ-19-ის შემთხვევები მათთან არ ფიქსირდება. ქვეყანაში საკარანტინო ზომები მოქმედებს, სახელმწიფოს საზღვრები ჩაკეტილია და ადგილობრივი მოგზაურობაც შეზღუდულია.

ავსტრალიამ შეზღუდვები დამატებით 3 კვირით გაახანგრძლივა

დღეს ცნობილი გახდა, რომ ქ. მელბურნი, რომელიც ავსტრალიაში სიდიდით მეორეა, ე.წ. ლოკდაუნს დამატებით სამი კვირით გაახანგრძლივებს. ავსტრალიამ პანდემიის მართვის სტრატეგია ინფიცირების ნულოვანი მაჩვენებლიდან ახლა ინტენსიური ვაქცინაციის მიმართულებით შეცვალა. მიზეზი აქაც დელტა ვარიანტია, რომელიც გაცილებით სწრაფად ვრცელდება.

ავსტრალიის მთავრობა აცხადებს, რომ მკაცრი შეზღუდვები შემსუბუქდება მაშინ, როცა ზრდასრული მოსახლეობის 70% კოვიდ-19-ის ვაქცინის ერთი დოზით მაინც აიცრება. ვაქცინაციის მიმდინარე ტემპებით, ამ მიზნის მიღწევას ავსტრალია 23 სექტემბრისთვის გეგმავს.

ჰოსპიტალიზაციის პრევენცია - ვაქცინები 80-94%-ით ეფექტურია
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:29 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG