ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოვიდი ყოველ მე-3 ამერიკელს, ქალაქებში კი ყოველ მეორეს ჰქონდა - ამერიკელი ეპიდემიოლოგების კვლევა


გრაფიკა: კოლუმბიის უნივერსიტეტი

კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერთა გათვლებით, კოვიდ-19 გასული წლის ბოლოსთვის საშუალოდ ყოველ მე-3 ამერიკელს ჰქონდა გადატანილი. დიდ ქალაქებში, როგორიცაა ნიუ-იორკი, ლოს-ანჯელესი, ჩიკაგო და მაიამი, კორონავირუსი ყოველმა მეორემ გადაიტანა ისე, რომ ინფიცირების თაობაზე, შესაძლოა მათ დიდ ნაწილს არც კი უფიქრია. ეს პირველი ნაშრომია, რომელიც კომპლექსურად აჯამებს კოვიდ-19-ის მონაცემებს ამერიკის შეერთებულ შტატებში და მოსახლეობაში სარს-კოვ-2-ის გავრცელების მასშტაბის დასადგენად, მრავალფაქტორულ სიმულაციას მიმართავს.

თუ ჩავთვლით, რომ სამეცნიერო ჟურნალ „ნეიჩერში“ გამოქვეყნებული, კოლუმბიის უნივერსიტეტის მეილმენის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მეცნიერთა სიმულაციური ანგარიში სწორია, სტატისტიკურად ძალზე საინტერესო სურათს ვიღებთ. გამოდის, რომ ტესტების საშუალებით დოკუმენტირებულად აღრიცხული ინფიცირებული ადამიანების რიცხვი, რეალურ რაოდენობასთან შედარებით, მეოთხედზე ნაკლებია.

როგორც ცნობილია, 2020 წელს კორონავირუსი ოფიციალურად დაახლოებით 20 მილიონ ამერიკელს დაუდასტურდა. კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერების გაანგარიშებით კი, კოვიდ-19 გასულ წელს ამერიკის მოსახლეობის 31%-ს, ანუ დაახლოებით 103 მილიონს ჰქონდა. ანუ, ინფიცირებულებს შორის, მხოლოდ 22%-ის შესახებ ვიცით, რადგან მათ ტესტი აიღეს და მასზე დადებითი პასუხი მიიღეს.

„ინფიცირების შემთხვევევათა დიდი უმრავლესობა არ აღრციხულა დადასტურებულ მონაცემებში“ - ამბობს კვლევის თანაავტორი ჯეფრი შემანი კოლუმბიის უნივერსიტეტის მიერ 26 აგვისტოს გამოქვეყნებულ პრესრელიზში. ის მეილმენის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის პროფესორია. „სწორედ ასეთი არადოკუმენტირებული შემთხვევებია, რომლებიც ხშირად მსუბუქად, ან უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ვირუსს მოსახლეობის ფართო ნაწილში სწრაფად გავრცელების საშუალებას აძლევს“ - აღნიშნავს ის.

ინფიცირების რეალური მაჩვენებლები დიდ ქალაქებზე კიდევ უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო რამდენიმე შტატში, მათ შორის - მინესოტაში, დაკოტაში, ვისკონსინში და აიოვაში. კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერთა ვარაუდით, იქ სარს-კოვ-2-ით ინფიცირებული იყო მოსახლეობის 60%, ანუ - თითქმის ორი მესამედი.

განსხვავებები წლის მანძილზე მარტო გეოგრაფიული კატეგორიების მიხედვით არ ფიქსირდებოდა. ინფიცირების დონე, რა თქმა უნდა, განსხვავებული იყო დროის სხვადასხვა ინტერვალში. კვლევის მიხედვით, თუ კორონავირუსით ინფიცირების დონე ქვეყნის მასშტაბით მარტში საშუალოდ 11%-ს შეადგენდა, დეკემბერში ის 25 პროცენტამდე ავიდა.

დიდ ქალაქებშიც არ იყო პანდემიის თანაბარი სიმძლავრის ტალღები. მაგალითად, ნიუ-იორკმა და ჩიკაგომ გაზაფხულზე და შემოდგომა-ზამთარში მძლავრი ტალღები გამოიარეს; ლოს-ანჯელესმა და ფენიქსმა - ზაფხულის და შემოდგომა-ზამთრის დიდი ტალღები; მაიამის კი არცერთი არ გამოუტოვებია და სამივე ტალღა გამოიარა.

მეცნიერებმა სიმულაციურ გათვლებში ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად გაითვალისწინეს ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორები, როგორიცაა წლის დასაწყისთან შედარებით კოვიდ-19-ის ტესტების მოცულობის გაზრდა, მოსახლეობის მობილურობა და მობილობის ცვალებადობა წლის სხვადასხვა პერიოდში, ასევე - სხვადასხვა შტატებში საკარანტინო ზომების გამკაცრება, თუ შემსუბუქება.

კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერების კიდევ ერთ საინტერესო მიგნებად შეიძლება ჩაითვალოს პანდემიის დროს სიკვდილობის პროცენტული მონაცემის ცვლა. თუ გაზაფხულზე კოვიდ-19-ის გართულებებით ინფიცირებულთა 0.8 პროცენტი იღუპებოდა, ეს მონაცემი წლის ბოლოს 0.3 პროცენტზე დაეცა. პანდემიის დასაწყისში, როგორც ჩანს, საქმეს ართულებდა ტესტირებაზე წვდომა, საავადმყოფოების გადატვირთვა, ნიღბების ტარების რეგულაციების დაგვიანება და ეფექტური მკურნალობის საშუალებების არარსებობა.

კორონავირუსის გავრცელება მთელ მსოფლიოში ჯერ ისევ გრძელდება. ის იწვევს როგორც რეინფექციებს, ისე იმ ადამიანების ინფიცირებას, ვისაც სარს-კოვ-2 აქამდე არ შეხვედრია. კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერთა აზრით, იმის მიუხედავად, რომ ვაქცინები კოვიდ-19-ის მწვავე ფორმებისგან და სიკვდილისგან გვიცავს, უნდა გვახსოვდეს, რომ ინფიცირება გრძელდება, ინფიცირებულებს შორის აცრილებიც არიან და ამას გარდა, მოსალოდნელია ვირუსის ახალი ვარიანტების წარმოქმნა, რომელიც შესაძლოა კიდევ უფრო მაღალი გავრცელების ხარისხით გამოირჩეოდეს.

მართალია, მათ კვლევაში რეინფექციის შემთხვევებზე საუბარი არ არის, მაგრამ უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში ნაშრომის ავტორები სიფრთხილისკენ მოგვიწოდებენ. ისინი აღნიშნავენ, რომ უკვე არსებობს მონაცემები ორგანიზმში ვაქცინებით შექმნილი დაცვის დროთა განმავლობაში დასუსტებაზე.

კვლევა დაფინანსებულია მეცნიერების ეროვნული ფონდის და მორის-სინგერის ფონდის მიერ. ავტორებს შორის ასევე სახელდებიან: სენ პი, ტერეზა იამანა, სასიკირან კანდულა და მარტა გალანტი. ნაშრომის უფრო დაწვრილებით გაცნობა შესაძლებელია სამეცნიერო ჟურნალში „ნეიჩერ“, რომლის ონლაინ ვერსია 26 აგვისტოს გამოქვეყნდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG