ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯანმოში დამტკიცების პროცესის ჩავარდნის მიუხედავად, რუსეთი ვაქცინის ექსპორტს აგრძელებს


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსული კოვიდ-19-ის ვაქცინის დამტკიცების პროცესის შეწყვეტის ფონზე, რუსეთი "სპუტნიკ-V" ვაქცინის ექსპორტირებას აგრძელებს. კვირას კომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ წარმოებული ვაქცინის 700 000 დოზა ჩავიდა გვატემალაში, 370 000 დოზა კი - ბოლივიაში.​

ამბის რუსული ვერსია

რუსეთის მთავრობამ ვაქცინის შექმნა 2020 წლის აგვისტოში იზეიმა და აღნიშნა, რომ მსოფლიოს კოვიდ-19-ის უსაფრთხო და ეფექტურ ვაქცინას მიაწვდის. კრემლმა "სპუტნიკ-V" რუსული მეცნიერების და ინოვაციის ტრიუმფად გამოაცხადა. შემდეგ, ნოემბერში მოსკოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათი ვაქცინა 92%-იან ეფექტურობას აჩვენებს.

რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ცნობით, რომელიც ვაქცინის უცხოეთში მარკეტინგზეა პასუხისმგებელი, რუსულმა ვაქცინამ ბელარუსში კიდევ უფრო მაღალი ეფექტურობა აჩვენა. 15 სექტემბერს ამავე ფონდის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, "სპუტნიკ-V" ბელარუსში 97.2 პროცენტით ეფექტურია.

თავად კომპანიის ვებგვერდი ამბობს, რომ მათი პროდუქტი მსოფლიოში პირველი რეგისტრირებული კოვიდ-19-ის ვაქცინაა, რომელიც გამალეას ინსტიტუტშია შექმნილი და ახლა 70-ზე მეტ ქვეყანაშია ავტორიზებული. მოსკოვის მიერ წარმოებული ე.წ. ვაქცინების დიპლომატიის წყალობით, რუსული ვაქცინა გასულ წელს ათეულობით სახელმწიფომ შეიძინა და ახალ პარტიების მიღებას წელსაც აგრძელებს.

იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც რუსული "სპუტნიკ-V" დაამტკიცა, რუსეთის საინფორმაციო სააგენტო "ტასი" ასახელებს შემდეგ ქვეყნებს: ნიგერია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, სომხეთი, ბელარუსი, უზბეკეთი, არგენტინა, ბოლივია, უნგრეთი, პარაგვაი, ვენესუელა, ირანი, ტუნისი, გაბონი და კიდევ რამდენიმე სხვა სახელმწიფო.

ვაქცინის საერთაშორისო რეპუტაცია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში კოვიდ -19-ის რუსული ვაქცინის "სპუტნიკ-V" დამტკიცებისთვის აუცილებელი განხილვა ამ ეტაპზე შეწყვეტილია. რუსეთმა თავისი ვაქცინის ეფექტურობის და კლინიკური უსაფრთხოების დასაბუთება ჯერჯერობით ვერც ევროპის კავშირის მარეგულირებელ ორგანოში შეძლო. მონაცემების დაგვიანების, ან არასრულად წარმოდგენის გამო, დამტკიცების პროცესი ორივე მარეგულირებელმა რამდენჯერმე გადადო.

ჯანმოს მიერ განხილვის შეჩერების გადაწყვეტილების თაობაზე 16 სექტემბერს გახდა ცნობილი. ამის მიზეზი ვაქცინის წარმოების პროცესში მომხდარი დარღვევები გახდა, რაც რამდენიმე ხნით ადრე გაეროს ჯანდაცვის სააგენტოს მიერ ჩატარებული ინსპექციის დროს დააფიქსირდა. იმ შემთხვევაში, თუ საწარმო გაითვალისწინებს უსაფრთხოების კოდებს და გამოასწორებს ვითარებას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალ ინსპექციას ჩაატარებს - აცხადებს ჯანმო.

რაც შეეხება რუსული ვაქცინის "სპუტნიკ-V" ექსპორტს, ვაშინგტონში დაფუძნებული კარნეგის ფონდის ექსპერტები თვლიან, რომ რუსეთის მთავრობის მიერ ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, მოსკოვმა ვერც ბაზრის მოთხოვნები დააკმაყოფილა და ვერც საკუთარი დაპირებები შეასრულა.

ვაქცინის ექსპორტი ამ ერთი წლის მანძილზე ბევრჯერ შეფერხდა, დისტრიბუცია დაგვიანდა არამარტო მეზობელ ქვეყნებში, არამედ თავად რუსეთშიც. მიზეზი წარმოების პრობლემები იყო. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის, არგენტინამ ფულის უკან დაბრუნებაც კი მოითხოვა.

წინააღმდეგობრივი კვლევა "ლანცეტში"

მათ, ვინც კოვიდ-19-ის ვაქცინების დამტკიცების პროცესს ადევნებს თვალს, აუცილებლად ემახსოვრება რუსული ვაქცინის "სპუტნიკ-V" შესახებ სამეცნიერო ჟურნალ "ლანცეტში" გამოქვეყნებული კვლევა. მაღალი რეპუტაციის მქონე ბრიტანულ გამოცემაში რუს მეცნიერთა ნაშრომი წლის დასაწყისში, 2021 წლის 2 თებერვალს გამოქვეყნდა.

"ლანცეტში" გამოქვეყნებული მონაცემები საბოლოო არ იყო, დასკვნები კლინიკური გამოცდის მე-3 ფაზას ეფუძნებოდა და რუს მეცნიერთა მიერ შეჯამებული მონაცემების წინასწარ შედეგებს წარმოადგენდა. ნაშრომის მიხედვით, "სპუტნიკ-V" უსაფრთხო ვაქცინაა და ის ეფექტურიცაა. ინფიცირებულებს შორის, კოვიდ-19-ის გართულებების შემთხვევაში, ვაქცინა ზრდის დაავადებულთა გადარჩენის შანსს და ამცირებს ინფექციის გავრცელებას.

დაახლოებით 3 თვეში, იმავე "ლანცეტში" მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა საპასუხო წერილი გამოაქვეყნა. პუბლიკაციის მიზეზი ის გახდა, რომ მეცნიერებმა კვლევაში წარმოდგენილ მონაცემებში შეცდომები და სტატისტიკური შეუსაბამოებები იპოვეს. ამას გარდა, გამჭვირვალობის ნაკლებობაც ბევრ კითხვის ნიშანს უპასუხოდ ტოვებდა.

"მონაცემებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა კვლევის მიმართ ნდობას ართულებს. მონაცემებზე წვდომა, რომელსაც კვლევა ეფუძნება, აუცილებელია, რათა გადამოწმდეს და დადასტურდეს მიღებული შედეგები. ეს კიდევ უფრო სერიოზულია, როცა არსებობს აშკარა შეცდომები და შედეგებში რიცხვებით წარმოდგენილი სტატისტიკური შეუსაბამოებები. სამწუხაროდ, სწორედ ამასთან გვაქვს საქმე ვაქცინის "სპუტნიკ-V" მესამე ფაზის კლინიკურ გამოცდაში" - ნათქვამია "ლანცეტის" მიერ 12 მაისს გამოქვეყნებულ წერილში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG