ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული ვაქცინა და ალკოჰოლი - ვის ურჩევნია საახალწლო სუფრა იმუნიტეტს?


ჯანდაცვის სპეციალისტები რუსეთში მოსახლეობას მოუწოდებენ, რუსული ვაქცინის, "სპუტნიკ V"-ის გაკეთების შემდეგ ალკოჰოლის მიღებისგან თითქმის ორი თვის განმავლობაში თავი შეიკავონ. მოსახლეობის ნაწილი ამ შეზღუდვას გაუმართლებლად მიიჩნევს.

ანა პოპოვა, მომხმარებელთა ჯანდაცვის აქტივისტი "კომსომოლსკაია პრავდასთან" რადიო-ინტერვიუში ამბობს, რომ ორი ინექციიდან პირველის გაკეთებამდე მოქალაქეებმა ალკოჰოლი სულ მცირე ორი კვირის განმავლონაში არ უნდა მიიღონ, შემდეგ კი თითქმის 42 დღის განმავლობაში შეიკავონ თავი.

"სპუტნიკ V" - რუსეთის მიერ ლიცენზირებული ვაქცინაა, რომელიც დაჩქარებული წესით, კლინიკური ცდების დასრულებამდე დამტკიცდა და ექიმებს, ჯარისკაცებს, მასწავლებლებსა და სოციალურ მუშაკებს უკვე გაუკეთეს. თუმცა ფართომასშტაბიანი ვაქცინაცია მოსახლეობაში ამ კვირაში უნდა დაიწყოს. მოქალაქეებს ორი ინექცია უნდა გაუკეთონ, დაახლოებით 3-კვირიანი ინტერვალით.

"ეს მე ნამდვილად მაწუხებს", - ამბობს ელენა კრივენი, მოსკოვის მცხოვრები. "ნაკლებ სავარაუდოა, რომ 80 დღის განმავლობაში ალკოჰოლი არ მივიღო. ამასთან ის სტრესი, რაც ამით ორგანიზმს მიადგება, მით უმეტეს სადღესასწაულო პერიოდში, უარესი იქნება, ვიდრე ვაქცინის გვერდითი მოვლენები ან ის უპირატესობა, რაც ვაქცინას შეიძლება ჰქონდეს", - ამბობს კრივენი.

რუსეთში ახალი წლის დადგომასთან ერთად, იანვრის პირველ დღეებში, როგორც წესი, ალკოჰოლის ყველაზე დიდი მოხმარება ფიქსირდება.

ალკოჰოლის მოხმარების მაჩვენებლები რუსეთში 2003 წლის შემდეგ მკვეთრად შემცირდა, თუმცა ქვეყნის მოსახლეობის ნაწილი ალკოჰოლის მაინც დიდ რაოდენობას იღებს.

ანა პოპოვა ამბობს, რომ ალკოჰოლი შეასუსტებს ორგანიზმის მიერ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ იმუნიტეტის გამომუშავებას და მასთან გამკლავების უნარსა და შესაძლებლობას. "ეს ტვირთავს ორგანიზმს. თუკი გვინდა, რომ ჯანმრთელები ვიყოთ, და ძლიერი იმუნური პასუხი გვქონდეს ვირუსზე, ალკოჰოლი არ დალიოთ", - ამბობს პოპოვა.

თუმცა, ვაქცინის შემუშავების პროცესის ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდერ გინსბურგმა ოთხშაბათს "ტვიტერზე" დაწერა, რომ ალკოჰოლი არავის ავნებს. მან ამერიკელი მსახლიობის, ლეონარდო დიკაპრიოს ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის შამპანურის ჭიქით ხელშია გამოსახული და დაწერა: "ერთი ჭიქა შამპანური არავის ავნებს, მათ შორის არც თქვენს იმუნურ სისტემას".

მისი თქმით, ალკოჰოლის მოხმარების გონივრული რაოდენობით შემცირება მანამ, სანამ ორგანიზმი იმუნიტეტს გამოიმუშავებს, მართებული იქნება, თუმცა მან იქვე განმარტა, რომ სრულად ალკოჰოლის მოხმარებიდან ამოღების საჭიროება არ არსებობს.

მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ვაქცინის ინექციებამდე და მათი გაკეთების შემდეგ 3-3 დღე ალკოჰოლისგან თავის შეკავება ნამდვილად აუცილებელია. გინსბურგი განმარტავს, რომ მსგავს რეკომენდაციებს ვაქცინის მიღების თაობაზე მთელ მსოფლიოში იძლევიან და ეს მხოლოდ რუსულ ვაქცინას არ ეხება.

ამ თემას აქტიურად განიხილავენ რუსეთში სოციალურ მედიაშიც. ზოგი ამბობს, რომ ამის შესახებ ადრევე უნდა სცოდნოდათ. ზოგი წერს, რომ ახალი წლის ღამეს ალკოჰოლის მიღება პრაქტიკულად "წმინდა" რიტუალია და ამის აკრძალვა არ შეიძლება. ზოგიერთი მომხმარებელი კი სხვებს მოუწოდებს, არ დაუჯეროს მითითებებს, რადგან თავად პირველ და მეორე ინექციას შორის ძალიან დიდი ოდენობით ალკოჰოლი მიიღო და ცუდი არაფერი დამართნია.

ვიცე-პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ რუსულ საინფორმაციო სააგენტო "ტასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაქცინაციის დაახლოებით 42-დღიან პერიოდში მოქალაქეებმა ნამდვილად უნდა შეიკავონ თავი ალკოჰოლისა და იმუნიტეტის შემასუსტებელი სხვა ნივთიერებების მიღებისგან, რათა ორგანიზმმა ინფექციასთან გამკლავება შეძლოს.

სამედიცინო საზოგადოება თანხმდება, რომ ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მოხმარება იმუნიტეტს ასუსტებს. "კლინიკური კვლევებით დიდი ხანია დადასტურებულია, რომ ალკოჰოლის დიდი დოზით მოხმარებას იმუნიტეტზე უარყოფითი ეფექტი აქვს, მაგალითად ისეთი, როგორიც პნევმონიისადმი მიდრეკილებაა", - ვკითხულობთ ამერიკის "ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის" მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში. ბოლო დროს ჯანდაცვის სპეციალისტები ბევრს საუბრობენ რესპირატორულ დაავადებებზე ალკოჰოლის მავნე ზეგავლენაზეც.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშით, 2016 წელს რუსეთში, 2010 წელთან შედარებით ერთი მოქალაქის მიერ საშუალოდ მიღებული ალკოჰოლის საშუალო რაოდენობა 15 ლიტრიდან - 11.7 ლიტრამდე შემცირდა. ორგანიზაციის კიდევ ერთი ანგარიშის თანახმად, კვლავ მაღალია ეპიზოდურად, განსაკუთრებით დიდი რაოდებობით ალკოჰოლის მიღების შემთხვევები.

რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ იმუნიზაციის კამპანიის ფარგლებში 100 000 ადამიანი უკვე აცრილია. თუმცა, რუსულ ვაქცინას მსოფლიო საზოგადოება აკრიტიკებს, რადგან ის ზაფხულში, მხოლოდ რამდენიმე ათეულ ადამიანზე გამოცდის შემდეგ დამტკიცდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG