ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"აბრაამის შეთანხმება" - ტრამპმა სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიას უმასპინძლა


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამშაბათს თეთრ სახლში ისრაელსა და ორ არბულ სახელმწიფოს - არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ბაჰრეინს შორის ურთიერთობის ნორმალიზების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიას უმასპინძლა.

"ეს შორსმჭვრეტელი ლიდერები ხელს მოაწერენ თითქმის მეოთხედ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში პირველ სამშვიდობო შეთანხმებებს ისრაელსა და არაბულ სახელმწიფოს შორის", - განაცხადა ტრამპმა. "ისრაელის მთელ ისტორიაში მხოლოდ ორი ამგვარი შეთანხმება იყო, ჩვენ კი ახლა, ერთ თვეში მივაღწიეთ ორ შეთანხმებას".


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდულა ბინ ზაიდმა და ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდულატიფ ბინ რაშიდ ალ ზაიანმა თეთრი სახლის სამხრეთის ბაღში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელსაც "აბრაამის შეთანხმების" სახელით მოიხსენიებენ.

"ეს მშვიდობა საბოლოოდ გაფართოვდება და მოიცავს სხვა არაბულ სახელმწიფოებსაც და საბოლოოდ, მას შეუძლია ერთხელ და სამუდამოდ დაასრულოს არაბთა და ისრაელის კონფლიქტი", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის შეთანხმება 13 აგვისტოს იყო მიღწეული. ბაჰრეინმა კი გასულ პარასკევს განაცხადა, რომ ისიც ოფიციალურად აღიარებდა ებრაულ სახელმწიფოს.

"ჩვენ დღეს მოწმენი ვართ ახალი ტენდენციისა, იმისთვის, რომ შევქმნათ უკეთესი გზა ახლო აღმოსავლეთისთვის", - განაცხადა აბდულა ბინ ზაიდმა. მისივე თქმით, ეს ახალი ხედვა არის არა მხოლოდ, სლოგანი, რომელსაც ისინი პოლიტიკური მიზნებისთვის უჭერენ მხარს, არამედ მშვიდობის აღიარება, როგორც უმთავრესი პრინციპისა. მისი თქმით, ურთიერთობების ნორმალიზების შეთანხმება პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, პალესტინელთა და ისრაელის კონფლიქტის სამართლიანი, ყოვლისმომცველი და გამძლე შეთანხმების მიღწევა კი მშვიდობის საფუძველი უნდა გახდეს.

სპარსეთის ყურის ქვეყნები, დიდი ხნის განმავლობაში ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზების პირობად, ორი სახელმწიფოს მოდელის განვითარებასა და პალესტინელთათვის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის შესაძლებლობას მიიჩნევდნენ. თუმცა რეგიონის ექსპერტები ამბობენ, რომ მიდგომები ერთგვარად შეიცვალა და ახლანდელი შეთანხმება რეგიონში თურქეთისა და ირანის გავლენის შესახებ შეშფოთებასაც ასახავს.

"სპარსეთის ყურის არაბულ სახელმწიფოებსა და ისრაელს გაცილებით მეტი საერთო აქვთ ირანის მიმართ მათი წინააღმდეგობის გამო, ვიდრე წინააღმდეგობა პალესტინელთა მიერ სახელმწიფოს შექმნის საკითხის მიმართ", - ამბობს "სტრატეგიული და საერთაშორისო" კვლევების ცენტრის" ახლო აღმოსავლეთის მკვლევარი უილ ტოდმანი. " ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებაა".

პალესტინელთა პრემიერ-მინისტრმა მოჰამად შტაიმ "აბრაამის შეთანხმება" უკვე დაგმო და მის ხელმოწერას "არაბული ქვეყნების ისტორიის შავი დღე" უწოდა. "პალესტინური პოლიტიკის ქსელის" წარმომადგენელი ამბობს, რომ ისრაელსა და ბაჰრეინს შორის შეთანხმება იმის დასტურია, რომ არაბულმა სახელმწიფოებმა 2002 წელს მიღბეული არაბული მშვიდობის ინიციატივა დაივიწყეს და პალესტინელთა სახელმწიფოს საკითხზე რაიმე დაპირების თუ ხელშესახები წინსვლის გარეშე მოაწერეს ხელი ახალ შეთანხმებას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG