ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ინტერესებს ყველგან დავიცავთ- სახელმწიფო მდივანი ჩინეთსა და იქიდან მომავალ საფრთხეებზე


„ჩვენ ყველგან დავიცავთ ამერიკის ინტერესებს“, თქვა მაიკ პომპეომ „ატლანტიკური საბჭოს“ პრეზიდენტთან, ფრედერიკ კემპთან საუბარში. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა თავის ნახევარსაათიან გამოსვლაში, ძირითადად, ჩინეთზე და ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობაზე ისაუბრა. მისი აზრით, პოლიტიკა, რომელიც აქამდე არსებობდა ამ ქვეყნის მიმართ და რომელიც, დიდწილად, 1970-იან წლებში ჩამოყალიბდა, გადასახედი და შესაცვლელია. პომპეოს თქმით, ამ პოლიტიკას და მიდგომას ჩინეთისადმი „ახლა აზრი აღარ აქვს ამერიკელი ხალხის უსაფრთოებისთვის.“

სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ ის, თუ როგორ იქცევა ჩინეთი ამერიკასთან მიმართებაში პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ როგორ „იზრდება ეკონომიკა, როგორ ვინარჩუნებთ სამუშაო ადგილებს, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას ამერიკის შეერთებულ შტატებში“. სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ ჩინეთთან პოლიტიკის გადახედვა, ამერიკელების სამუშაო ადგილებისა და ჯანდაცვის დაცვა არის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მთავარი ამოსავალი წერტილი საგარეო პოლიტიკაში და მას სჯერა, რომ ეს ასე იქნება წლების განმავლობაში სხვა პრეზიდენტების ადმინისტრაციებისთვისაც.

ურთიერთობა ამერიკა-ჩინეთს შორის არასდროს ყოფილა მარტივი. განსაკუთრებით ნათელი ეს სავაჭრო საკითხებზე დაპირისპირების დროს ხდებოდა ხოლმე. ბოლოს ქვეყნებმა ერთმანეთს სანქციები დაუწესეს და ერთმანეთს საჯაროდ სდებდნენ ბრალს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა, თუ კანონების დარღვევაში.

სიტუაცია განსაკუთრებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების შემდეგ გამწვავდა. პრეზიდენტი ტრამპი კორონავირუსს ხშირად „ჩინური ვირუსის“ სახელით მოიხსენებს და ღიად ადანაშაულებს ჩინეთს ვირუსის არასწორად მართვასა და მსოფლიოს დაინფიცირებაში.

ამერიკისა და დასავლეთის კრიტიკა გამოიწვია ჩინეთის მიერ ინიცირებულმა უსაფრთხოების კანონმა ჰონგ-კონგში, რომელსაც მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა. კანონი გულისხმობს ტეორიზმისა და სხვა აქტივობებში ბრალდებული პირების ჰონგ-კონგიდან ჩინეთში ექსტრადიციას. ამერიკამ თავის მხრივ, ჰონგ-კონგთან სამი ორმხრივი ხელშეკრულება შეაჩერა. აგვისტოში მიღებული ეს გადაწყვეტილება, სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, ივნისში მიღებულ კანონზე საპასუხო რეაქცია იყო.

ცოტა ხნის წინ, კუნძულ გალაპაგოსის გარშემო 300-მდე ჩინური გემის გამოჩენამ, სახელმწიფო მდივნის კრიტიკა დაიმსახურა. "ცნობილი ხდება, რომ კუნძულ გალაპაგოსის გარშემო 300-ზე მეტი ჩინური გემი იმყოფება, რომლებიც ანაგვიანებენ ზღვას და ეს ძალიან შემაშფოთებელია. მოვუწოდებ ჩინეთს, შეწყვიტოს და აღკვეთოს უკანონო თევზჭერის ფაქტები. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩინეთს იყოს გამჭვირვალე და აამოქმედოს საკუთარი ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა თევზჭერისადმი,"- დაწერა "ტვიტერზე" ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ.

15 სექტემბრის ონლაინ ღონისძიებაზეც, პომპეომ ისაუბრა იმ საფრთხეებზე, რომელიც, მისი თქმით ჩინეთიდან მოდის. სახელმწიფო მდივანი თვლის, რომ ჩინეთი ამერიკის მოქალაქეებს ართმევს სამუშაო ადგილებს, იპარავს მნიშვნელოვან სადაზვერვო ინფორმაციას და ამერიკის ეკონომიკას საფრთხეს უქმნის.

„ამერიკელმა ხალხმა საფუძვლიანად უნდა გაიაზროს ის საფრთხე, რომელიც არსებობს. თქვენ ნახეთ, რა ვუქენით ჯაშუშების ბუდეს ჰიუსტონში. ჩვენ ის დავხურეთ. ეს [ჯაშუშობა] ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა. ჩვენ ვთქვით, რომ ეს საკმარისი იყო. ღმერთო დიდებულო, ჩვენ ღია ქვეყანა გვაქვს და ისინი არ შეწყვეტენ ჯაშუშობასა და ჩვენი ინფორმაციის მოპარვას. დონალდ ტრამპმა კი თქვა, საკმარისია, ამას აღარ გავაკეთებთ“, თქვა მაიკ პომპეომ. სახელმწიფო მდივანი იხსენებს რამდენიმე თვის წინ, ჰიუსტონში ჩინეთის საელჩოს დახურვის ფაქტს. მაშინ, უცნობი პირები საელჩოს ეზოში დოკუმენტებს წვავდნენ.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამერიკელი ხალხი დავარწმუნოთ იმაში, რომ საფრთხე და გამოწვევა არსებობს. ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი გზა გამოვიარეთ იმის გამჭვირვალედ კომუნიკაციაში, თუ რატომაა ეს მნიშვნელოვანი შემთხვევა. ჩინეთმა კომუნისტური პარტიის მოქმედებების გამო, აქ ამერიკაში, ათი ათასობით სამუშაო ადგილი მოიპარა და ეს ასე ვერ გაგრძელდება“, დაამატა სახელმწიფო მდივანმა.

შეკითხვაზე, იქნებოდა თუ არა ჩინეთთან გამკლავება უფრო მარტივი, ამერიკას რომ რეგიონში მოკავშირეები ჰყოლოდა, მაიკ პომეომ უპასუხა, რომ პირველ რიგში, მათი მთავარი მოკავშირე ამერიკელი ხალხი უნდა იყოს. თუმცა, როგორც სახელმწიფო მდივანმა თქვა, თავისი 2 წელიწად-ნახევრიანი მუშაობის დროს სახელმწიფო მდივნად, ის ყველა შეხვედრაზე საუბრობს ჩინეთზე: „მთელი მსოფლიოს გარშემო ვსაუბრობ მასზე [ჩინეთზე], არა ძალდატანებით, არა მუქარით, არამედ მხოლოდ მონაცემებითა და ფაქტებით. ვსაუბრობ მხოლოდ იმაზე, თუ როგორ ექცევა კომუნისტური პარტია თავისივე ხალხს, რა საფრთხეებს უქმნის თავის ქვეყანას და მის სუვერენიტეტს“, თქვა პომპეომ.

მსგავსი შეხვედრა ონლაინ რეჟიმში სახელმწფიო მდივანს სულ ცოტა ხნის წინ, 10 სექტემბერს ჰქონდა. ის "ასეანის", სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა და მათთან სწორედ ჩინეთის საკითხზე ისაუბრა. სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა „ასეანის“ წევრს ქვეყნებს წინააღმდეგობა გაუწიონ ჩინეთს, გადახედონ იმ ბიზნეს-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და ხელშეკრულებებს, რომელიც მათ ჩინეთთან აქვთ და წინ აღუდგნენ ჩინეთის მიერ მათ ჩაგვრასა და მათზე ზეწოლას.

„ასეანის“ ქვეყნებს ესმით, რომ მათ აქვთ იმის საშუალება, რომ წინ აღუდგნენ იმ ეკონომიკურ თავდასხმას, რასაც ჩინეთი ახორციელებს მათ წინააღმდეგ და მათ იციან, რომ ამერიკის შერრთებულ შტატები მზადაა, რომ მათ გვერდით დაუდგეს. ვფიქრობ, მსოფლიოში ძალიან დიდი ცვლილებაა იმ კუთხით და ყველა ხედავს იმ საშიშროებას, რომელიც კომუნისტური ჩინეთიდან მოდის“, თქვა მაიკ პომპეომ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ამერიკის ნომერ პირველმა დიპლომატმა განიხილა, კომპანია „ჰუავეის“ საქმიანობა და 5G კავშირი იყო. მისი თქმით, ამერიკის სალეჩოებისთვის გაცემულია ბრძანება იმის შესახებ, რომ ინფორმაცია, რომელსაც ისინი იღებენ არ შეიძლება, რომ იყოს მიწოდებული საფრთხის შემცველი წყაროსგან. შესაბამისად, მათ არ აქვთ უფლება მიიღონ ინფორმაცია იმ გამტარის საშუალებით, საიდანაც არსებობს შანსი, რომ ინფორმაცია ჩინეთის კომუნისტურ პარტიასაც მიეწოდებოდეს.

როგორ პომპეომ თქვა, ამერიკა ავსტრალიასთან, იაპონისათან და სამხრეთ კორეასთან ერთად მუშაობს საკუთარი სანდო სისტემის შექმნაზე. „ყველა მათგანს ესმის საფრთხის მნიშვნელობა“, თქვა პომპეომ. „დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად გაჩნდება ხელმისაწვდომი, დასავლური მიმწოდებელი, რომელსაც შეეძლება იგივე, ან უკეთესი სერვისის შეთავაზება“, დაამატა პომპეომ.

სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ ის დარწმუნებულია, რომ მსოფლიო მალე გაიაზრებს, რამდენად არასანდოა ჩინური კომპანიის მიერ შემოთავაზებული სერვისი და რომ სულ მალე ტელეკომუნიკაციის ბაზარზე დასავლური კომპანიები იქნებიან წამყვანი მოთამაშეები.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG