ამერიკაში საწვავის სიმცირეა, მთავრობა მოსახლეობას ჰპირდება, რომ მდგომარეობა დასტაბილურდება

პარასკევს ამერიკის "კოლონიალურ მილსადენზე" ჰაკერული თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც, ქვეყნის ზოგიერთ შტატში, საწვავის ნაკლებობა გაჩნდა. მოსახლეობა პანიკურად ყიდულობს რაც შეიძლება მეტ საწვავს. თუმცა, ხელისუფლება მათ არწმუნებს, რომ რამდენიმე დღეში სიტუაცია კვლავ დასტაბილურდება და საწვავის მარაგიც შეივსება.

უკვე დადასტურებულია, რომ მილსადენს რუსული ჰაკერული დაჯგუფება "დარკსაიდი" დაესხა თავს. მათ მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღეს და თქვეს, რომ მხოლოდ ეკონომიკური მოგების ნახვა სურდათ და არაფერი აქვთ საერთო პოლიტიკასთან.

მომხდარის განსახილველად და სამოქმედო გეგმის დასახვისთვის, გუშინ, თეთრ სახლში ენერგეტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების მდივნები შეიკრიბნენ.

ასევე ნახეთ: ბაიდენი: ჯერ არ დასტურდება, რომ რუსეთი დგას კიბერთავდასხმის უკან

ენერგეტიკის მდივანმა, ჯენიფერ გრანჰოლმა თქვა, რომ რამდენიმე შტატის გუბერნატორი ღელავს შექმნილი სიტუაციის გამო, ვინაიდან "ბენზინგასამართ სადგურებს საწვავი უთავდებათ".

ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინის, ტენესის, ჯორჯიისა და ვირჯინიის შტატები ყველაზე მეტად დაზარალდნენ ამ კიბერთავდასხმის გამო.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ვირჯინიის გუბერნატორმა, შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო ჩრდილოეთ კაროლინას მთავრობაც. "მომავალი რამდენიმე დღე რთული იქნება", ამბობენ ჩრდილოეთ კაროლინაში.