ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედვედჩუკს უკრაინა ბრალს სახელმწიფოს ღალატში სდებს


ვიქტორ მედვედჩუკი, უკრაინის ოპოზიციონერი კანონმდებელი და ბიზნესმენი, რომელიც კიევში კრემლის ახლო მოკავშირედ მიიჩნევა, უკრაინის პროკურატურის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. მას ქვეყნის ღალატსა და რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულიდან, ბუნებრივი რესურსების მოპარვის მცდელობაში ედება ბრალი. ამ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.


თებერვალში მედვედჩუკი და მასთან დაკავშირებული პირები სანქციების სამიზნეები აღმოჩნდნენ. მისი მოკავშირის მფლობელობაში არსებულ სამ სატელევიზიო არხს კი მაუწყებლობის უფლება შეუჩერდა და ეთერიდან მოიხსნა.

კრემლი მედვედჩუკის წინააღმდეგ მიღებულ ზომებს მკაცრად გმობს. ბოლო ორი თვის განმავლობაში მსოფლიო აქტიურად აკვირდება აღმოსავლეთ უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების გადაადგილებას, და კრემლსა და კიევს შორის ურთიერთობა კვლავ დაძაბულია.

მედვედჩუკი ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. თუმცა ბოლო დროინდელი განცხადებებში კანონდარღვევის ფაქტებს უარყოფდა და ამბობდა, რომ მისი და მისი პარტნიორების წინააღმდეგ მიღებული ზომები თავად იყო უკანონო და უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკური შეცდომებიდან ყურადღების გადატანას ისახავდა მიზნად.

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიკტოვამ განაცხადა, რომ გამოძიების სამიზნე ორი უკრაინელი პარლამენტარია, რომელთა ინიციალებიცაა "მ" და "კ". უკრაინული მედია განმარტავს, რომ მედვეჩუკთან ერთად, სახელმწიფო გამოძიების ყურადღების ცენტრში ტარას კოზაკია, სწორედ იმ სამი არხის მფლობელი, რომლებსაც თებერვალში მაუწყებლობა აეკრძალათ. კომენტარი არც კოზაკს გაუკეთებია.

ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინის მოქალაქე და პარლამენტის წევრია, თუმცა მას რუსეთის პრეზიდენტთან ახლო კავშირები აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინი მისი ქალიშვილის ნათლიაცაა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG